ვინც, ამ ბოლო დროს, სამუშაო დღეებს, საღამოებსა და შაბათ-კვირებსაც სახლში ატარებს, შესაძლოა, ცოტათი გაღიზიანებული იყოს ოჯახის წევრებზე, მაგალითად, საკუთარ მეუღლეზე. სწორედ ამიტომ, გაგიზიარებთ რამდენიმე მაგალითს, რისი ყოველდღიურ რუტინაში დამატებაც ამ საკითხში დაგეხმარებათ. დაკეტილი ოფისები, გაუქმებული შეკრებები და შეზღუდული მოგზაურობა – სახლში ჯდომა სულ უფრო დიდხანს გვიწევს და ხშირად, ეს არც ისე მარტივია. ეს გამუდმებული ერთად ყოფნა ყველაზე მყარ ურთიერთობასაც კი შეიძლება დაეტყოს.
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც “სოციალური დისტანცირება” ნორმა ხდება. რაღაც დროით, გვიწევს უარი ვთქვათ შეკრებებზე, ერთად დალევასა და გართობაზე. იმისათვის, რომ ფსიქიკური კეთილდღეობა შეინარჩუნოთ, გიზიარებთ რჩევებს:
უთხარით ერთმანეთს, რა გჭირდებათ
ბევრი ჩვენგანი ნატრობს ხოლმე, რომ მეუღლემ უსიტყვოდ გაიგოს ჩვენი საჭიროებები. პრინციპში, ეს შესაძლებელიც შეიძლება იყოს, თუკი ექსტრასენსზე იქორწინებთ. თუმცა, სხვა შემთხვევაში, ვერბალური კომუნიკაცია დაგჭირდებათ.
თუკი, გამიჯნული გაქვთ სამუშაო სივრცეები (რაც ძალიან კარგი იდეაა), დარწმუნდით, რომ მეუღლემ იცის, როდის შეიძლება შემოვიდეს თქვენს “ტერიტორიაზე” და როდის არა. ეს შეგიძლიათ წინასწარ შეათანხმოთ ან სულაც, კარზე გამოაკრათ წარწერა, რომელიც თქვენს თხოვნას შეახსენებს მეუღლეს.
გამოყავით დრო ერთმანეთთან ურთიერთობისთვის
დატვირთული სამუშაო დღის მანძილზე, რამდენიმე წუთი მაინც შეგიძლიათ დაუთმოთ იმის გაგებას, როგორ არის თქვენი პარტნიორი. დათქვით მკაფიო დრო, როცა უნდა მორჩეთ საქმეს, როცა უნდა შეისვენოთ.
ნუ გადააქცევთ თქვენს პარტნიორს სოციალური ცხოვრების 100%-ად
ეს, შესაძლოა, მაცდურად ჟღერდეს, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი პარტნიორი თქვენი საუკეთესო მეგობარია, ნუ იქნებით ყველაფერში მასზე დამოკიდებული. დაუთმეთ დრო ყავის მარტო დალევასაც, მეგობრებთან დარეკვასა და ვიდეოზარებს, ესაუბრეთ კოლეგებს, ვისთანაც ხშირად ურთიერთობთ და ვინც გენატრებათ, მაგრამ ნუ იქნება თქვენი მეუღლე თქვენი სოციალური ცხოვრების 100%.
დაეხმარეთ ერთმანეთს
თანაგანცდა ძალიან მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ურთიერთობა, რაც უნდა მტკიცე უნდა იყოს ის, შეიძლება დაიძაბოს, თუკი ადამიანთან ერთ ჭერქვეშ 24 საათს უწყვეტად ატარებთ. ამიტომ, თუკი პარტნიორზე ღიზიანდებით ან პირიქით, ის ღიზიანდება, თუკი მოწყენილი ხართ, მოუთმენლობა ან გაღიზიანება გძლევთ, გახსოვდეთ, რომ ეს სრულიად ბუნებრივია. ესაა შფოთიანი პერიოდი და ფორიაქი ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა, რადგან არ გაქვთ საკმარისი საშუალება, რომ თქვენი ემოციები ადამიანებს პირადად გაუზიაროთ, იმ დოზით, როგორც ეს გაგიხარდებოდათ.
ამიტომ, ეცადეთ, ეს სიტუაცია შეამსუბუქოთ. იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ გამხიარულდეთ თქვენ და თქვენი პარტნიორი, სახლში დიდხანს ყოფნისას. დაუთმეთ დრო თამაშებს, იხალისეთ ერთად და თვითიზოლაციის ამ უჩვეულო პერიოდსაც ერთად გადალახავთ.
წყარო: inc