ხდება ხოლმე ისე, რომ ძალიან დიდი პროექტის წინაშე აღმოვჩნდებით, რომლის განხორციელებაც დიდ წარმატებას მოგვიტანს. ჩვენ ვიცით, რომ მასზე მუშაობა შეგვიძლია, მაგრამ რატომღაც თავს წინაღობების და ეჭვების ქვეშ ვაყენებთ. განგებ ვაზიანებთ თავს და საკუთარ შრომას, ვუშვებთ შეცდომებს და, საბოლოო ჯამში, წარუმატებლობას ვაღწევთ, რაც კიდევ ერთი მიზეზია ხელახალი თვითსაბოტაჟისთვის.
ჩვენი საკუთარი შრომის შელახვის მიზეზი ყოველთვის არ არის აშკარა, მაგრამ ქცევის ამოცნობისა და შეჩერების რამდენიმე გზა არსებობს. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს/რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ საბოტაჟის ამოცნობასა და შეწყვეტაში:
რატომ ვაკეთებთ ამას?
ხშირად მოტივაცია მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული უსაფრთხოებასთან. ადამიანები თითქმის ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგანი, არასასიამოვნო შეგრძნებები თავიდან ავირიდოთ. როდესაც ამას გამუდმებით ვცდილობთ, სამყაროს “დამახინჯებულად” აღვიქვამთ და გვგონია, რომ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც ამგვარ შეგრძნებებს გამოიწვევს ჩვენში. საბოლოო ჯამში კი ამგვარი ქცევა ნაკლებ ეფექტურად/ნაყოფიერად გვაგრძნობინებს ხოლმე თავს.
ასევე, იმაზე ფიქრი, რომ რაიმენაირი წარმატებით ჩვენ წინ წავალთ და სხვა ეტაპზე გადავალთ, თითქოს გვაშორებს იმ კომფორტის ზონას, რომელშიც ვიყავით და ასევე – გვაშორებს საკუთარ თავს. მსგავსი ცვლილებების გამო გვეშინია, რომ საკუთარ თავთან იმ კავშირს გავწყვეტთ, რომელიც აქამდე გვქონდა.
როგორ ამოვიცნოთ თვითსაბოტაჟი?
თვითსაბოტაჟმა, შესაძლოა, მრავალნაირი სახე მიიღოს. ის, ძირითადად, თავდაცვით და ფიზიოლოგიურ რეაქციებში ვლინდება. მაგალითად, თვითსაბოტაჟი ართულებს სხვების უკუკავშირის ან ზოგადად ინფორმაციის აღქმას ტვინში.
ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ ამ სინდრომის მქონეები ხშირად ერთვებიან ნეგატიურ საუბრებში – მაგალითად ბილწისტყვაობა, ჭორაობა თუ სხვა. მათთვის ასევე შესაძლებელია, დამახასიათებელი იყოს აბსოლუტური იზოლირება და საუბრებში არჩართვა ან პროკრასტინაცია.
თვითსაბოტაჟი ხშირად ვლინდება დეპრესიით ან მენტალური გადაწვითაც. ამიტომაც, მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა.
როგორ შეგვიძლია ამ სინდრომისგან თავის დაცვა?
თვითსაბოტაჟის სინდრომის მქონე ადამიანებს სრულიად შეუძლიათ, დააზიანონ ორგანიზაციული კულტურა. ამიტომაც, პირველ რიგში, საჭიროა, საკუთარი თავის გათვითცნობიერება. აუცილებელია, გავიაზროთ, რომ ეს სინდრომი ნამდვილად გვაწუხებს, გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან და მივიღოთ ის ისეთი, როგორიც არის. ნეგატიური ფიქრი და საუბარი საკუთარ თავზე არსებულ მდგომარეობას, როგორც წესი, უფრო ამძაფრებს ხოლმე.
ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები და ენტრეპრენერები სერიოზულად მუშაობენ იმაზე, რომ მსგავსი ფიქრები უკუაგდონ. თუ საჭიროა, საამისოდ გარშემომყოფებიც დაიხმარეთ, რათა ობიექტურად შეაფასონ ის, რასაც აკეთებთ.
ასევე, საბოტაჟის გაცნობიერებისას მნიშვნელოვანია, იფიქროთ მის გამომწვევ მიზეზებზეც. რატომ გრძნობთ თავს ასე? რამ გამოიწვია თქვენი ეს მდგომარეობა? და მაშინ, როცა უკვე თქვენს ქმედებებს სახელს დაარქმევთ, უფრო მარტივი იქნება თვითსაბოტაჟის პრობლემის გადაჭრაც.
წყარო: Fast Company