in

როგორ ვიმუშაოთ „ვორკაჰოლიკთან“?

თუ თქვენი კოლეგა პირველი მიდის სამსახურში და ბოლოს ტოვებს მას, თუ დამატებით დავალებებს ასრულებს და ელ.ფოსტას წუთებში პასუხობს, თუ სულ მუშაობს მოკლედ რომ გითხრათ, საქმე workaholic-თან გაქვთ. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ასეთი უფროსის ყოლა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორც კოლეგის, რომელიც სამსახურზეა დაქორწინებული. თუ ასეთ ადამიანთან გქონიათ შეხება, თქვენც გეცოდინებათ, რამდენად გადამდებია ხოლმე ეს მეორეული სტრესი — იმის გამო, რომ ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ არსებული მოვალეობების მიღმა, თქვენც ვალდებულად თვლით თავს, იგივე გააკეთოთ. მათ მიერ შექმნილი გადაუდებლობა და ზედმეტი პასუხისმგებლობა უფრო მეტ ამოცანას ქმნის, რომლის შესრულებაც გიწევთ. „ვორკაჰოლიკის“ ქცევები უბრალოდ შემაწუხებელი კი არ არის, არამედ საზიანოც შეიძლება იყოს და თქვენს კეთილდღეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თქვენი გადაღლილობის ხარისხს კი არ გაზრდის, არამედ შეამცირებს თქვენი შემოქმედებითობის, პროდუქტიულობისა და სამსახურით კმაყოფილების დონეს. 

თუმცა მნიშვნელოვანია, შრომისმოყვარეობა და სამსახურზე ემოციური დამოკიდებულების ქონა ერთმანეთისგან განვასხვაოთ. აქ აქტიური თანამშრომელი შეპყრობილისგან უნდა გამოვყოთ — ვორკაჰოლიკები შინაგან წნეხს გრძნობენ, რათა მიუძღვნან საქმეს ყველაფერი, რაც გააჩნიათ, შესაბამისად, მათ არც გამორთვა შეუძლიათ. თავიანთი პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობების ხარჯზე, ისინი მუდამ სამსახურის საქმეებზე ფიქრობენ… 

დიახ, სამსახურზე ემოციურად დამოკიდებულ ადამიანთან მუშაობა გამოწვევას ჰგავს, მაგრამ მისი ქმედებების ნეგატიური გავლენის შემცირება შემდგომი ნაბიჯებითაა შესაძლებელი:

მათი ქმედებების დეპერსონალიზაცია

შესაძლოა, ცოტა მაცდური იყოს იმაზე ფიქრი, რომ თქვენი კოლეგა ბევრს მუშაობს, რათა თქვენზე მეტად გაიბრწყინოს, თუმცა ეს კოგნიტიური მიკერძოებების კლასიკური მაგალითია, რომელიც ცნობილია, როგორც „მიკუთვნების ფუნდამენტური შეცდომა“. სოციალურ ფსიქოლოგიაში ეს ეხება ტენდენციას, როცა ადამიანები სხვების ქმედებებს მათივე ხასიათსა და პიროვნულ თვისებებს მიაწერენ მაშინ, როცა საკუთარს გარე ან სიტუაციურ კონტროლს აბრალებენ, რომლებიც მათივე კონტროლს მიღმაა. 

თუმცა თქვენს კოლეგას ზედმეტი მუშაობისთვის სხვა მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, შესაძლოა, რაღაც პირად საკითხთან უწევდეს გამკლავება, მისთვის კი ეს პრობლემისგან გაქცევის საუკეთესო გზა იყოს ან მსგავსად, ის წარსული სამსახურებრივი გამოცდილების ტრავმაზე რეაგირებდეს.

თავიდან აირიდეთ კონკრეტული ქმედებების გაღმერთება

როცა შედეგი გადაჭარბებული მუშაობით არის მიღებული, შექებას უნდა მოერიდოთ. მაგალითად, თუ კოლეგა კონკრეტული პრეზენტაციის გამო ღამეებს ათენებს, მისი მსხვერპლშეწირვისთვის კომპლიმენტების მიცემა არ ღირს, რადგან ამან შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს. ყურადღება გაამახვილეთ თქვენივე ქმედებებზე, რათა უზრუნველყოთ, რომ ის არ უწყობს თქვენს კოლეგას ხელს, გახდეს სამსახურზე მეტად დამოკიდებული. შესაძლოა, თქვენთვის მოსახერხებელი იყოს ელ.ფოსტის გასუფთავება შაბათს, მაგრამ ეცადეთ, ეს საქმე ორშაბათისთვის გადადოთ, რათა უქმეების გატარება მიწერ-მოწერაში არ მოგიწიოთ… განაგრძეთ მუშაობა იმაზე, რომ საკუთარი თავის დაბალანსება შეძლოთ. ასეთი მაგალითის ჩვენებამ, შესაძლოა, თქვენს კოლეგასაც უბიძგოს, თავადაც იზრუნოს საკუთარ თავზე. 

შეეწინააღმდეგეთ კოლეგების ზეწოლას

ხშირად დანაშაულის გრძნობა გაიძულებთ, ვორკაჰოლიკი კოლეგების მსგავსად იმუშაოთ. შესაძლოა, თქვენი უნარებისა და შედეგების მათთან შედარებაც დაიწყოთ და გაგიჩნდეთ კითხვა, საკმარისად კარგად მუშაობთ თუ არა… აქ, აუცილებელია, გაიაზროთ, რომ თქვენ არ ხართ ზარმაცი ან უპასუხისმგებლო თუ, თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით, 8 საათზე დანიშნულ ონლაინ შეხვედრას არ ესწრებით. ამ დროის საკუთარი თავის მოვლაზე დახარჯვა არც დანაშაული გეგონოთ, პირიქით, ეს თქვენივე შედეგების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. 

დააწესეთ საზღვრები

სამსახურით ზედმეტად შეპყრობილ ადამიანებს ძალიან ცოტა საზღვარი აქვთ დაწესებული. მათ უჭირთ უარის თქმა და მთლიან ძალისხმევას დებენ იმაში, რომ ბოლო წუთებში მომხდარ ცვლილებებს ფეხი აუწყონ. თქვენ კი მოგიწევთ, მართოთ წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა დროში უპასუხებთ და რა დროში იქნებით ხელმისაწვდომი. მაგალითად, როცა კოლეგა გთხოვთ, 24 საათზე ნაკლებ დროში რაღაც პროექტს გადახედოთ, შეგიძლიათ აუხსნათ, რომ ეს შეუძლებელია, მომავალში კი თუ მსგავს დავალებას მოგცემენ, ამისთვის სულ მცირე 3 დღე მაინც დაგჭირდებათ. აქვე, უკეთესი სისტემისა და პროცესების ადვოკატირებასაც შეგიძლიათ მიმართოთ, რაც აღკვეთს ჭარბი ძალისხმევის საჭიროებას. 

როცა საზღვრების დაწესებას დაიწყებთ, თქვენი კოლეგები თავდაპირველად გაღიზიანდებიან ან წინააღმდეგობას გაგიწევენ, რაც ნორმალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გეგმა მუშაობს. სწორედ ამიტომ, არჩეულ კურსზე უნდა დარჩეთ. დაბოლოს, გახსოვდეთ, იმისათვის, რომ სამსახურში კარგი თანამშრომლის სახელი მოიპოვოთ, ზედმეტი მუშაობა არ გჭირდებათ…

 

წყარო: HBR



იხილეთ „ყინულზე მოცეკვავე” Škoda Enyaq iV vRS SUV-ის გინესის რეკორდი

რატომ გვიჭირს ზრდასრულ ასაკში მეგობრების შეძენა?