დღეს მნიშვნელოვანია, კომპანიებმა თანამედროვე ტრენდები გაითვალისწინონ, რათა ხელიდან არ გაუშვან ახალი, უფრო მდგრადი კაპიტალიზმის ვერსიის უპირატესობა. აქ აშშ-ის პროფესიული კავშირების გაერთიანებას ვგულისხმობთ, რომლებიც დასაქმებულებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნაზე ზრუნავს. ბოლო დროს კი პროფკავშირების აქტივობების მნიშვნელოვანი ზრდა დავინახეთ: კომპანიების თანამშრომლებმა, რომლებიც ოდესღაც „არაორგანიზებულად“ ითვლებოდნენ, ახლა წარმატებული კამპანიები შემოგვთავაზეს, მათ შორისაა Starbucks, Amazon, REI, Apple და Trader Joe’s.
თუმცა ბევრი კომპანია მიმდინარე მოვლენებს საფრთხედ აღიქვამს და ცდილობს, სამართლებრივი დავებით ხელი შეუშალოს მას. რეალურად კი, თუ ამას სხვა კუთხით შევხედავთ, მივხვდებით, რომ მნიშვნელოვანი საკითხი ყურადღების მიღმა გვრჩება. კონკრეტულად, დღეს არასწორად იგებენ, რატომ უნდა იზრუნონ დასაქმებულებმა პროფკავშირების ჩამოყალიბებაზე და რატომ უნდა გაიფიცონ უკეთესი ხელფასებისა თუ სამუშაო პირობებისთვის, როცა უბრალოდ შეუძლიათ უკან დაიხიონ და სადღაც სხვაგან წავიდნენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რეალურად ბევრი თანამშრომელი მიმართავს დამსაქმებელს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით და არა, სამსახურიდან წასვლის განცხადებით.
რაც შეეხება კოლექტიურ მოლაპარაკებებს, ამ მექანიზმით დასაქმებულებს შეუძლიათ ჩაერთონ ისეთ საკითხებში, რომლებიც კომპანიის მართვას ეხება. თანაც, თანამშრომლებმა ხშირად კარგად და იმაზე უკეთაც კი იციან, რა გახდის ორგანიზაციას უფრო ეფექტურსა და სამართლიანს, ვიდრე მენეჯერებმა… გამოდის, პროფკავშირებისთვის ბრძოლით, ისინი თავიანთი კომპანიისთვისაც იბრძვიან. თან, არც ორგანიზაციებს სჭირდებათ თანამშრომლების წინააღმდეგ ომის წამოწყება… აქ კი იმ მიდგომებს გაგაცნობთ, რომლებიც ორივე მხარეს უკეთეს შედეგებს მოუტანს.
იმუშავეთ თქვენს თანამშრომლებთან ერთად
კოლექტიური მოლაპარაკებების მექანიზმით, კომპანიებმა უნდა უთხრან თანამშრომლებს, რომ თუ მათ უმეტესობას სურს პროფესიული კავშირის არსებობა, მაშინ ასეც იქნება. თანამშრომლებს კი, რომლებიც არ უჭერენ ამ იდეას მხარს, შეუძლიათ თავიანთი პოზიცია გამოხატონ. თუ დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ პროფკავშირების არსებობა არ არის საჭირო, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნონ და თქვან, რომ მიუხედავად ამისა, მაინც სცემენ პატივს თანამშრომელთა უფლებას, თავად გააკეთონ არჩევანი. თან, ამის გამო, არც სასამართლო დავას წამოიწყებენ და არც ეცდებიან, რაიმე სხვა პროცესით კონკრეტული საკითხი შეაფერხონ.
როგორც კი დასაქმებულები აირჩევენ გზას, რომლითაც პროფკავშირების ორგანიზების კამპანია უნდა წამოიწყონ, უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ კამპანიის ფარგლებში. ეს სიჩუმიდან აქტიურ პარტნიორობამდე ყველაფერს შეიძლება მოიცავდეს. სიჩუმე ნიშნავს, რომ ზედამხედველები საკუთარ აზრებს თავისთვის შეინახავენ და პატივს სცემენ თანამშრომელთა უფლებებს, ისაუბრონ პროფკავშირზე და უარი თქვან კონსულტანტების ან იურიდიული კომპანიების დაქირავებაზე. პარტნიორობა კი პროფკავშირებთან შეთანხმებას ჰგავს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ წვდომა თანამშრომლებთან სამუშაო საათების დროს…
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მიმართულებას აირჩევენ, დამსაქმებლებს შეუძლიათ მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ პროფკავშირის კამპანიის დროს თანამშრომლებთან ურთიერთობა რელსებიდან არ გადავა. მაგალითად, შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ კამპანიის ფარგლებში ორივე მხარემ თავი შეიკავოს ერთმანეთის დამცირებისგან და არსებულ გრძნობებზე გულწრფელად ისაუბრონ. ამასთან, უნდა იზრუნონ გაუგებრობების თავიდან აცილებაზე, თუ რომელიმე გუნდის წევრი არასწორად მოიქცევა, წინასწარ შეთანხმდნენ, რა ზომებით გაუმკლავდებიან. ამ პროცესში ნეიტრალური მესამე მხარეც შეუძლიათ ჩართონ, რომელიც კამპანიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავას სწრაფად მოაგვარებს.
პროფკავშირები დამსაქმებლებსაც ეხმარებიან
რეკრუტერებს, რომლებსაც ესმით, რომ პროფკავშირების კამპანიები ლოიალურ სამუშაო ძალას წარმოადგენენ, შეუძლიათ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიონ. ეს მათ თანამშრომელთა შენარჩუნებასა და ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მაგალითად, როცა სტარბაქსმა პროფკავშირის არსებობას მხარი არ დაუჭირა, თანამშრომლებმა კომპანიას ეთიკური ქცევის ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი მისცეს, Microsoft-მა კი სრულიად საპირისპირო ქმედებით დადებითი შეფასებები მიიღო.
საინტერესოა ისიც, რომ დღეს არსებულ მჭიდრო შრომის ბაზარზე დასაქმებულები მოლაპარაკების მაგიდასთან იმაზე მეტი ძალაუფლებით მიდიან, ვიდრე ოდესმე. არსებული ნდობის ატმოსფერო კი დასაქმებულებსა და მენეჯერებს საშუალებას აძლევს, გამოტოვონ მოლაპარაკების ფაზა და პირდაპირ პრობლემის ერთობლივად და სწრაფად გადაჭრაზე იზრუნონ.
გამოდის, კომპანიებისა და პროფკავშირებისადმი მეტად თანამშრომლობითი მიდგომით, არსებობს პოტენციალი, შეიქმნას კაპიტალიზმის ისეთი ფორმა, რომელიც უფრო მდგრადი და სამართლიანი იქნება. მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებმა თანამშრომლების მოთხოვნებს ყურადღებით მოუსმინონ და მათ პატივისცემით მოექცნენ, რადგან ამ ყველაფერს ორმხრივი სარგებლის მოტანა შეუძლია.
წყარო: HBR