in

მენეჯერთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ მუშაობს მისი გუნდი!

როგორ ფიქრობთ, მენეჯერებმა კარგად იციან, როგორ მუშაობენ მათი გუნდის წევრები? ალბათ, იტყვით, რომ ეს აუცილებელიც კია. ამაში დაგეთანხმებით, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა –  ცოტა ხნის წინ, ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც Fortune 500-ში შემავალი ოთხი კომპანიის 283 თანამშრომელი მონაწილეობდა. ისინი 14 გუნდად დაყვეს და როდესაც მენეჯერებს ამ ადამიანების მუშაობის სპეციფიკასა და შესასრულებელი სამუშაოს დეტალებზე ჰკითხეს, აღმოჩნდა, რომ ლიდერებმა ან საერთოდ არ იცოდნენ, ან გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს 60%-ს ვერ იხსენებდნენ. იყო ისეთი შემთხვევაც, რომ მენეჯერმა იმ საქმის მხოლოდ 4%-ს აღწერა შეძლო, რასაც მისი თანამშრომლები აკეთებდნენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ ყველაფრის მიუხედავად, ზუსტად ამ მენეჯერების ფასი მცირე, თუ დიდ კომპანიებში, შესაძლოა, საკმაოდ მაღალი იყოს.

როგორ შეიძლება ეს ორი რამ ერთად არსებობდეს? – სინამდვილეში, სისტემა ასეა აწყობილი: მენეჯერები და აღმასრულებელი პირები იღებენ დიდ გადაწყვეტილებებს, სახავენ ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებს და ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ასრულებენ ამ დავალებას მათივე გუნდის წევრები. რა სპეციფიკით მუშაობენ, ან როგორ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. პრინციპში, როგორც ვნახეთ, ეს კვლევებითაც დადასტურდა.

როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, მენეჯერები, ვარაუდებსა და საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს, რა ტიპის ჩარევა ან ინვესტიციაა საჭირო, გუნდმა რომ უკეთ შეასრულოს დავალება, ან უფრო ეფექტურად გადაჭრას ესა თუ ის საკითხი. შესაბამისად, ისინი სისტემურად და მეთოდურად ვერ აფასებენ თანამშრომელთა პროდუქტიულობას. ხდება ისეც, რომ ინვესტიციებსა და რესურსებს ისეთ ტექნოლოგიებში დებენ, როგორიც არის მაგალითად, ავტომატიზაცია. ამ დროს კი, შეიძლება, იმ მომენტისთვის, ეს სულაც არ იყოს საჭირო.

Covid-19-მა და დისტანციურმა სამუშაო გრაფიკმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ უფრო გაურთულა მენეჯერებს იმის გაგება, როგორ მუშაობენ მათი გუნდის წევრები.

თუმცა, საქმე არც ისე პესიმისტურადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა მანქანათმცოდნეობის ალგორითმების (ML) გამოყენებით შეიძლება. ეს დაეხმარება მენეჯერებს, შეისწავლონ და გააანალიზონ, როგორ იყენებენ ამა თუ იმ ამოცანის შესრულებისას გუნდის წევრები ტექნოლოგიებს. თუმცა, ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირი ზომის მიღება მათი კონფიდენციალურობის დასაცავად.

კვლევა და მისი შედეგები 

ამ კვლევის ფარგლებში, მენეჯერებს სთხოვეს, იმ სისტემების  პროგრამული უზრუნველყოფა შეესწავლათ, რომლებიც მათი აზრით, მათსავე თანამშრომლებს დროის დიდ ნაწილს ართმევდა. ასევე, მათ უნდა ემუშავათ თავიანთი გუნდის წევრების ნაცვლად, ზუსტად იმ სისტემებითა და მიდგომებით, რომლებითაც ფიქრობდნენ, რომ ეს ხალხი მუშაობდა. კვლევის მომდევნო ეტაპზე, გუნდის ლიდერების თითოეული ნაბიჯი კატეგორიებად დაჰყვეს. მაგალითად, „შეკვეთების მართვა“, „საბუღალტრო პროცესები“, „მომარაგების ოპერაციები“ და ა.შ.

მენეჯერებს არანაირი შეზღუდვები არ ჰქონდათ და ძირითადად, საკუთარ ინტუიციას, ანალიზსა და გამოცდილებას ეყრდნობოდნენ. მუშაობისას, ისეთ პროცესებს ირჩევდნენ და იმ გზებით მიდიოდნენ, რასაც მათი აზრით, გუნდის წევრები აკეთებდნენ და რაშიც ძალისხმევის უმეტეს ნაწილს ხარჯავდნენ.

მომდევნო ეტაპზე, ეს მონაცემები ერთ „სამუშაო ცხრილში“ გაერთიანდა (ამ გამოსახულებას ხედავთ ახლა, ამ ტექსტის გასწვრივ).

ექსპერიმენტი ამით არ დასრულებულა. მენეჯერების შემდეგ, მათი გუნდის წევრებმა ანალოგიური სამუშაო ML ალგორითმების საშუალებით შეასრულეს, იმავე წესების დაცვით, რაც ლიდერების შემთხვევაში იყო. თუმცა, ამ ნაწილში შეიცვალა სამუშაო დროის წილი ყველა გუნდისთვის, პროცესები უცვლელი დარჩა.

კვლევის საკვანძო ასპექტი მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვა იყო. როცა რეალური გუნდები, ალგორითმების გამოყენებით მუშაობდნენ, ყველა მონაცემი ანონიმურად შეგროვდა.

მკვლევართა ვარაუდით, იდეალურ შემთხვევაში, მენეჯერებს უნდა შესძლებოდათ, მათი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს, მინიმუმ, 80%-ის იდენტიფიცირება. შედეგად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი 4% იყო.

კვლევისას ასევე დადგინდა, რომ 14-ვე გუნდში მეორე მხარესაც იყო მთელი რიგი ხარვეზები. უფრო კონკრეტულად, მიწოდების ოპერაციების, პროექტების მენეჯმენტის, მომხმარებელთან ურთიერთობის, მონაცემთა მართვის, საფინანსო, საბუღალტრო და ადამიანური რესურსების კუთხით.

თავის მხრივ, ეს მომსახურებაში აჩენდა პრობლემებს, რაც პირდაპირ აისახებოდა  მომხმარებლებზე, უარყოფით გავლენას ახდენდა მათთვის სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებაზე.

ექსპერტების აზრით . . .  

ამ მოცემულობიდან გამოსავალი, სპეციალისტების აზრით, ნამდვილად არსებობს, თუმცა, ეს ორივე მხარემ, მენეჯერებმა და მათი გუნდის წევრებმა ერთად უნდა გააკეთონ – ლიდერებმა უკეთ შეისწავლონ თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკა და იცოდნენ, როგორ ასრულებენ ისინი დავალებებს, როგორ აგვარებენ პრობლემებს, ან იღებენ გადაწყვეტილებებს. თავის მხრივ, როდესაც მენეჯერები მხოლოდ საერთო დიდ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და დეტალებში იქნებიან ჩახედულები, უკეთ დაინახავენ არსებულ ხარვეზებს. მათ აღმოსაფხვრელად კი, თანამშრომელთა მხრიდან, მაქსიმალური ჩართულობა და აუცილებელ შემთხვევაში, მენეჯერებისგან დახმარების მიღებაა საჭირო.



ჩაის რომელი არომატებია გავრცელებული მსოფლიოში?

როგორ შეიქმნა Columbia Pictures-ის ლოგო?