20
Feb
2019

რა შეცვალა HR hub-მა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში და როგორ ვითარდება კომპანია

20 Feb 2019

HR hub ქართული კომპანიაა, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით დასაქმებულ, თუ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, გამოცდილების გაზიარებისა და განვითარებისთვის სივრცეს სთავაზობს. კომპანიის ამბავი 2015 წელს დაიწყო, თუმცა მანამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ორმა მაგისტრანტმა – ანა გზირიშვილმა და ანა ნავდარაშვილმა სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის შექმნა გადაწყვიტა. ვებგვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე, HR სპეციალისტებთან ურთიერთობის გამოცდილება მათი ახალი იდეის – HR hub-ის საფუძვლად იქცა. დღეისათვის, კომპანია, HR სპეციალისტებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა მასშტაბის პროფესიული ღონისძიებების ორგანიზების გარდა, დასაქმების სფეროსთან დაკავშირებულ, სპეციალიზებულ მედიის ფუნქციასაც ითავსებს. ამასთან, 2018 წლიდან აქვს სპეციალური პროექტი HR მენეჯერობის მსურველებისთვის.

M: რა შეცვალა HR hub-ის არსებობამ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში?
ანა ნავდარაშვილი: ვფიქრობთ, ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა პროფესიის ცნობადობა და ადამიანური რესურსების სწორად მართვის საჭიროება – კიდევ უფრო მეტმა კომპანიამ და დამფუძნებელმა გააცნობიერა. აქამდე, ძირითადი ქივორდები, რაც უკავშირდება ადამიანური რესურსების მართვას, არ იძებნებოდა ქართულ ენაზე. ჩვენ ამ სფეროში ყველაზე ინოვაციური ტრენდების თარგმნა და ადაპტირება დავიწყეთ. დიდი როლი ვითამაშეთ ამ სფეროს პოპულარიზაციაში. ყველა HR მენეჯერი, რომელთანაც გვაქვს კომუნიკაცია ამბობს, რომ წინ წამოვწიეთ ეს სფერო და მივეცით მათ გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის შესაძლებლობა. ეს ხშირი ღონისძიებების, ტრენინგების მეშვეობით მოვახერხეთ. ფაქტობრივად, სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც აქამდე ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ, ერთმანეთთან დავაკავშირეთ. რაც, ვფიქრობ, სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თუ 2015 წლისთვის HR hub-ის წევრი 20 HR მენეჯერი იყო, დღეისათვის მათი რიცხვი 500-ს აჭარბებს.

ანა გზირიშვილი: გარდა ამისა, 2015 წელს თუ HR მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდა, დღეს უკვე HR არის ბიზნეს პარტნიორი, კომპანიის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში იღებს მონაწილეობას. მისი ფუნქციებიც ბევრად უფრო გაიზარდა, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ.

M: HR მენეჯერებისთვის ღონისძიებების გამართვისა და სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გარდა, რა ფუნქციას ასრულებს თქვენი კომპანია?
ანა გზირიშვილი: ჰაბის ყოველთვიური შეხვედრების გარდა, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა HRhub.ge, რომელიც არის საინფორმაციო-ანალიტიკური ონლაინ ჟურნალი HR სფეროში. ვაშუქებთ დასაქმებასთან დაკავშირებულ თემებს. ასევე, წელიწადში ერთხელ ვატარებთ მასშტაბურ ღონისძიებას. ასეთი ჩავატარეთ 2017 წელს, 2018 წელს კი იყო უკვე HR ბიზნეს სამიტი, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო და წელსაც ვფიქრობთ ჩატარებას. გარდა ამისა, 2018 წელს შევქმენით HR hub next, რომელიც არის ინოვაციური ჰაბი მომავალი HR მენეჯერებისთვის. ხშირად გვწერდნენ, რომ უნდოდათ ჩვენთან გაწევრიანება. ჰაბის წევრი რომ გახდე, ამ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება მაინც უნდა გქონდეს. HR Hub Next შევქმენით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ეს სფერო, თუმცა, სხვა მიმართულებით სწავლობენ, აქვთ სურვილი ამ პროფესიას დაეუფლონ, ან კომპანიაში სჭირდებათ ეს ცოდნა. ამ ეტაპზე, გვყავს 55 წევრი და მალე მეორე ნაკადის მიღებას დავიწყებთ.

M: როგორია HR Hub Next კონცეფცია? 
ანა ნავდარაშვილი: HR hub next-ის კონცეფცია გამორჩეულია იმით, რომ მონაწილეები ესწრებიან 10 შეხვერდას, რომლის ფარგლებშიც, 10 HR მენეჯერი ატარებს ტრენინგს.  მათ ჰყავთ მენტორები, ჯგუფებად არიან გადანაწილებული. სპეციალისტები მათ უზიარებენ გამოცდილებას, ისინი მიდიან კომპანიებში, ეცნობიან საქმიანობას და ამზადებენ სპეციალურ პროექტს. გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი ნაკადის ყველა მონაწილე, რეალური კომპანიის რეალურ ქეისზე დაყრდნობით, მიიღებს დავალებას, კურსის დასრულების შემდეგ კი გააკეთებს პრეზენტაციას. გამარჯვებული პროექტის ავტორი გუნდი კი, ამა თუ იმ კომპანიაში, საკუთარი იდეის განხორციელებაში ჩაერთვება.

M: HR ბიზნეს სამიტი თქვენი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელიწადში ერთხელ ატარებთ. როდის, ან სად გაიმართება ის 2019 წელს?
ანა გზირიშვილი: წინა წელს, ასეთი მოლოდინი არ გვქონია. დაახლოებით, 200 დელეგატის მიღებას ვფიქრობდით, თუმცა 320 ადამიანი ძლივს დაეტია დარბაზში. ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. წელს უფრო მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, გვეყოლება საერთაშორისო სპიკერები და ველოდებით 500 დელეგატს. HR ბიზნეს სამიტი 2019 წელს, 31 მაისს, King David-ის კომპლექსში ჩატარდება, სადაც სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენი გუნდი გადმოვიდა სამუშაოდ.

M: King David-ის საერთო სამუშაო სივრცე – KD4US-ში მუშაობთ. რამდენად ერგება მსგავსი სივრცე თქვენს კორპორატიულ კულტურას და ვისგან შედგება თქვენი გუნდი?
ანა გზირიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირაა, რაც გადმოვედით, თავს სახლში ვგრძნობთ. შემიძლია შაბათ-კვირასაც მოვიდე და ვიმუშაო. ვერ აღვიქვამ ოფიციალურ სამუშაო გარემოდ და მივიჩნევ, რომ ჩვენთვის, ჩვენნაირი კომპანიებისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ასეთ სივრცეში მუშაობა. თან საინტერესო ადამიანებთან გვიწევს კომუნიკაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ეს პრაქტიკა ჩვენს კორპორატიულ კულტურას ერთი-ერთში ერგება. ჩვენთვის მთავარია მეტი კონტაქტი, მეტი იდეების გაზიარება, თანამშრომლობა. HR hub-ში სტაბილურად 4 ადამიანი ვმუშაობთ. მე, ანა, HR hub next-ის მენეჯერი და Studentjob.ge-ის მენეჯერი. ორივე მენეჯერი სტუდენტია და ისინი Studentjob.ge-ს მეშვეობით ვიპოვეთ. მასშტაბური ღონისძიებების შემთხვევაში, სხვა ადამიანებიც გვეხმარებიან, რა თქმა უნდა.

გამომდინარე იქიდან, რომ სულ HR მენეჯერებთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველა ინფორმაცია, რაც სფეროში არსებობს ჩვენთან, მართლაც, ერთგვარ ჰაბში მოდის, ამ ჰაბიდან ვცდილობთ ეს ინფორმაცია დანარჩენ საზოგადოებასაც გავუზიაროთ. ამასთან, შევქმნათ HR ბიზნეს ქეისების არქივი“, – ანა ნავდარაშვილი.

M: რა მოლოდინები გაქვთ როგორც HR სფეროში, ასევე, კონკრეტულად, თქვენს კომპანიაში? რა მიმართულებით გააგრძელებთ განვითარებას? 
ანა ნავდარაშვილი: თუ ადრე კანდიდატები ცდილობდნენ კომპანიებისთვის თავი მოეწონებინათ, ახლა პირიქითაა. კომპანიები ზრუნავენ ბრენდინგზე და მეტ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ საკუთარი სამუშაო სივრცე სასიამოვნო ადგილად წარმოაჩინონ. მეტი აქცენტი კეთდება თანამშრომელზე, მასზე ზრუნვაზე, კეთილდღეობაზე. კომპანიებს მოუწევთ, რომ არამხოლოდ ვაკანსია გამოაცხადონ, არამედ საინტერესო რეკრუტინგული კამპანია აწარმოონ. ჩვენც ვთავაზობთ ხოლმე სხვადასხვა კომპანიებს რეკრუტინგული კამპანიის ორგანიზებას და ეს ძალიან კარგად მუშაობს. მომავალში ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ HR hub-ის მედია მიმართულებით უფრო განვითარდება.

[R]

განხილვა