დღეს ბევრს საუბრობენ კმაყოფილ მომხმარებელზე, ანუ მასზე, ვინც პროდუქტს მოიხმარს, მაგრამ ცოტა თუ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ თანამშრომელიც ორგანიზაციის შიდა მომხმარებელია, რომლის კმაყოფილების ინდექსიც განსაზღვრავს, თუ რას იტყვის ის დამსაქმებელზე, როცა საჯარო სივრცეში მოხვდება.
საუკეთესო დამსაქმებლად ყოფნა არც ისე მარტივი ამოცანაა და უამრავი სტანდარტის, კრიტერიუმისა თუ მოთხოვნის დაკმაყოფილებაა აუცილებელი. ამისთვის საერთაშორისო ინსტიტუტიც კი არსებობს, Top Employers Institute, რომელიც კომპანიებს სერტიფიკატებს ანიჭებს იმის მიხედვით, თუ როგორი დამსაქმებელია ესა თუ ის ბრენდი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს სერტიფიკატი მხოლოდ ორ კომპანიას აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, რადგან HR სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ დღესდღეობით დასაქმების ძველი ფორმულები აღარ მუშაობს და სამომავლოდ ბიზნესებს შესაძლოა, გაუჭირდეთ თანამშრომლების მოძიება.
ცნობიერების ამაღლებასა და კომპანიებისთვის HR მენეჯმენტის სერვისის შეთავაზებაზე ზრუნავს HR Lofty. კომპანია სულ რამდენიმე თვის წინ დაარსდა, თუმცა მათი დამფუძნებლები ამ სფეროში ათეული წლის გამოცდილებას ითვლიან. HR Lofty პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც, ერთი მხრივ, სტანდარტულ HR სერვისებს სთავაზობს კომპანიებს, მეორე მხრივ კი, ისეთ უნიკალურ პროექტებზეც მუშაობს, როგორიც, მაგალითად, 21 მაისს დაგეგმილი ღონისძიება, „სცენის მიღმაა”. მისი მიზანია, გაზიარდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პრაქტიკა, რომელიც კომპანიებს დაეხმარება, საუკეთესო დამსაქმებლებლად იქცნენ. ამისთვის კომპანიამ მოიწვია Top Employers Institute-ის წარმომადგენლები, დევიდ ბანტერლა და საიმონ კალაისი, რომლებიც ქართველი აუდიტორიის წინაშე წარდგებიან და საინტერესო გამოცდილებას გაუზიარებენ. ღონისძიებას პანელური დისკუსიის ფორმატი ექნება და დამსწრე საზოგადოებას სპიკერებისთვის კითხვების დასმაც შეეძლება. გარდა უცხოელი სპიკერებისა, ღონისძიებას ქართველი მომხსენებლებიც ეყოლება, როგორებიც არიან: მედეა ტაბატაძე, თინათინ ბონი, ნინო ბერუაშვილი, საბა ჩიხლაძე, სალომე გველესიანი და სხვები.
ღონისძიებასა და დამსაქმებლის ბრენდინგის მნიშვნელობაზე ჩვენმა რესპონდენტებმა, HR Lofty-ს დამფუძნებლებმა ამომწურავად ისაუბრეს.
მეგი შეყილაძე:
თუკი ადრე კომპანია არჩევდა ტალანტებს და პრიორიტეტში იყო მათი მოყვანა და არა შენარჩუნება, დღეს ბაზარზე ეს სურათი სრულიად შეცვლილია – კანდიდატები გვირჩევენ ჩვენ. ქართული ბაზრის შესწავლისას ბევრ პრობლემას წავაწყდით ამ მიმართულებით, პირველ რიგში, იმას, რომ კომპანიები არ ზრუნავენ საკუთარი თავის, როგორც დამსაქმებლის ბრენდად ჩამოყალიბებაზე. ამის შედეგად, ძალიან გაჭირდა ტალანტების მოზიდვა.
ჩვენ დავიწყეთ კომპანიებთან მუშაობა ამაზე და ვუხსნით მათ, რომ აუცილებელია სამოტივაციო სისტემის შემუშავება, კორპორაციული კულტურა, გამჭვირვალე ურთიერთობით, ზეტ თაობაზე მორგება, რადგან პოტენციური კანდიდატები ახლა ისინი არიან.
M: განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას კომპანიამ ამ სტატუსთვის?
დამსაქმებლის ბრენდინგზე მუშაობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება კომპანიები წლების შემდეგ ადამიანური კაპიტალის გარეშე დარჩნენ, თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევენ. სულ უფრო ხშირდება შემთხვევა, რომ ამა თუ იმ ბიზნესის წარმომადგენლები დებენ ინვესტიციას, ხსნიან კომპანიებს და ვერ პოულობენ შესაბამის კადრს, რომელსაც დაასაქმებენ.
დამსაქმებლის ბრენდი არის იდენტობა, რომელსაც კომპანია გამოიყენებს თავის პოტენციურ დასაქმებულთან საკომუნიკაციოდ. აუცილებელია ეს იყოს ქმედით ნაბიჯებზე დაფუძნებული კამპანიები და ორგანიზაციული კულტურა; ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელმა შეძლოს თავისი თავის იდენტიფიცირება დამსაქმებელ კომპანიასთან. კომპანიამ უნდა მოახერხოს და შექმნას ჯანსაღი მიჯაჭვულობა თავის თანამშრომელთან.
ნაბიჯები მოიცავს ყველაფერს, როგორებიცაა: თანამშრომლის მიღება/გაცილება, სამოტივაციო გეგმების შესრულება, ანაზღაურება, დაწინაურების, თანამშრომელთა ტრენინგების სისტემა, თიმბილდინგები, გენდერული თანასწორობის დაცვა, ინკლუზიურობა და სხვა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის დამსაქმებლის ბრენდინგს, რომელიც კომპანიამ უნდა გაიტანოს გარეთაც და მიაწოდოს ეს ინფორმაცია პოტენციურ თანამშრომლებს.
სოფო იობაძე:
მეგის ნათქვამს დავამატებდი, რომ მხოლოდ კონკურენტული ხელფასი დღეს უკვე აღარ მუშაობს. ჯერ კიდევ 2020 წლამდე, კოვიდპანდემიამდე ჯერ კიდევ იყო ეს ტენდენცია, თუმცა დღესდღეობით ის სრულიად შეცვლილია.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიებმა უნდა იფიქრონ დისტანციური სამუშაო პოზიციების შეთავაზებაზე. თანამედროვე სამყაროში არის პროფესიები, რომლებიც არ საჭიროებენ დილიდან საღამომდე ოფისში ჯდომას. არიან ადამიანები, ვისაც თავად ურჩევნიათ ოფისში სიარული, ამიტომ საქმეც ისაა, რომ დამსაქმებელმა უნდა მისცეს ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთების საშუალება. კომპანიებმა უნდა გაიაზრონ, რომ მთავარია შედეგი. თუ თანამშრომელი დისტანციურადაც ახერხებს, იყოს პროდუქტიული, მაშინ აუცილებლად უნდა მისცენ მას ამის უფლება. თანამედროვე HR-ის გამოწვევა კი ისაა, რომ დისტანციურადაც მოახერხოს თანამშრომელთან კომუნიკაცია და მისი პროდუქტიულობის გაზომვა.
M: 21 მაისის ღონისძიებაზეც ვისაუბროთ: როგორ დაიგეგმა და რა იქნება ამ ღონისძიების მიზანი?
ზოგადად, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა დამსაქმებლის ბრენდინგის თემა, მაგრამ ღონისძიების იდეა გამოცდილებამ გააჩინა. კომპანიებთან თანამშრომლობისას აღმოვაჩინეთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობის შემდეგ, მათთვის მართლაც გამარტივებულა ტალანტების მოზიდვის პროცესი: უფრო ნაკლები უჯდება ბიზნესს რეკრუტინგული ხაზის მართვა, კანდიდატების ხარისხიც უფრო მაღალი ხდება და ა.შ. ეს ნათლად დაინახეს იმ კომპანიებმა, რომლებსაც მომსახურებას ვუწევდით.
შემდგომ დავფიქრდით, თუ რა შეიძლებოდა, ყოფილიყო უფრო მასშტაბური, რასაც შევთავაზებთ არა მხოლოდ პოტენციურ მომხმარებლებს, არამედ დამსაქმებლის ბრენდინგით დაინტერესებულ ადამიანებს, გადავწყვიტეთ, მსგავსი ღონისძიება ჩაგვეტარებინა, რომელზეც მოვიწვევთ Top Employers Institute-ს. ეს არის პრესტიჟული, მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაცია, რომელიც ტოპდამსაქმებლებს იკვლევს და მათ შესაბამის სერტიფიკატს აძლევს.
ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები საერთაშორისო პრაქტიკას გაუზიარებენ მსმენელს და ქართველ სპიკერებთან ერთად, რომელთაც ასევე დიდი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, ისაუბრებენ იმ ძირითად საკითხებზე, თუ რატომ არის დამსაქმებლის ბრენდის როლი მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა ამისთვის.
ღონისძიებაზე დასწრება არა მხოლოდ ბიზნესის მფლობელებისა და კომპანიის დირექტორებისთვისაა საინტერესო, არამედ მენეჯერების, HR-ების, მარკეტერებისა და, უბრალოდ, დაინტერესებული ადამიანებისთვისაც. ღონისძიებაზე მოხვედრა მხოლოდ სარეგისტრაციო ბმულის შევსებითაა შესაძლებელი. ღონისძიების პარტნიორები არიან: Adjara collective (Adjara Group) ; Self.hr და Network Co Working.
HR Lofty-ში დიდი ენთუზიაზმით ელიან 21 მაისს და სამომავლო გეგმებსაც გვიანონსებენ.
სოფო იობაძე:
„ვიმედოვნებთ, რომ ბევრი კომპანია დაინტერესდება ღონისძიებით, ჩვენ კი ჩვენი მხრივ, აქვე შეგვიძლია, დავაანონსოთ ტრენინგების კურსი, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს დამსაქმებლის ბრენდის შესახებ. კურსს წარუძღვება საბა ჩიხლაძე.
ასევე, ვაპირებთ HR outsourcing-ის მიმართულებით განვითარებას და კომპანიებისთვის ამ მიმართულებით მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას.
სხვა ბევრი სამომავლო გეგმაც გვაქვს, რომლითაც კომპანიებს დავეხმარებით ბრენდის განვითარებაში. ამ სიახლეებს კი დროის განმავლობაში გავუზიარებთ აუდიტორიას”.
[R]