Space პირველი ნეობანკია საქართველოში, რომელიც სრულიად ციფრულად, ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, მხოლოდ მობილურ ტელეფონებში იარსებებს. ფულის მართვის აპლიკაცია რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ქართულ ინტერნეტ სამყაროში და სოციალური მედია კამპანიით მომხმარებლამდე ორიგინალურად მიიტანა სათქმელი – „დაემშვიდობე ბანკს“. მარკეტერი Space-ის გუნდის ლიდერს, ლაშა გურგენიძესა და კრეატივ დირექტორს, გიორგი პოპიაშვილს ესაუბრა:
M: რა გზა გაიარეთ Space-ის იდეიდან შექმნამდე?
სფეისის გუნდის ლიდერი ლაშა გურგენიძე: ე.წ. ნეო ბანკის შექმნის იდეა, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ტრადიციული ბანკების სერვისები ხშირად შორს იყო იდეალურისგან და აშკარად ვერ, ან ცუდად პასუხობდნენ თანამედროვე ადამიანების ისეთ მოთხოვნებს, როგორიც არის, მაგალითად, სერვისების მყისიერი მიწოდება ნებისმიერ დროს 24/7-ზე, სრულად ციფრული მომსახურება – ფილიალებში მისვლის საჭიროების გარეშე, ეფექტური და მომხმარებლის გამოცდილებაზე დაფუძნებული დიზაინი თუ გამჭვირვალე ტარიფები – დაფარული გადასახადების გარეშე.
როდესაც მსგავსი პრობლემების მოგვარებას ბანკის შიგნიდან ვცდილობდით, ყოველთვის მოიძებნებოდა 1001 რეალური მიზეზი, რის გამოც მათი მოგვარება შეუძლებელი ან ძალიან რთული გამოდიოდა. მოძველებული და ძვირი ი.ტ. ტექნოლოგიები. ასევე, არასაკმარისი ადამიანური რესურსები, ხშირად დაუძლეველი ბარიერები ხდებოდა.რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ თუ არსებული ჩარჩოებიდან, ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან და ტრადიციული ბანკური მიდგომებიდან გამოვიდოდით, ჩვენ შეგვეძლო ძალიან მოკლე ვადებში და შედარებით მცირე ბიუჯეტით, შეგვექმნა სრულად ციფრული ბანკი, რომელიც უპასუხებდა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს ფეისბუკისა და ამაზონის ერაში.
ამ იდეით, გუნდის რამდენიმე წევრი მივედით თიბისი ბანკის მენეჯმენტთან, რომლებმაც დაიჯერეს ჩვენი ხედვების. საინტერესო ანალიზისა და დაგეგმვის პროცესის შემდეგ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და რაც მთავარია, მოგვცეს დამოუკიდებლობა, რომ გაგვეკეთებინა პირველი სრულად ციფრული ბანკი რეგიონში“.
M: Space აუდიტორიის წინაშე გამოჩნდა ვიდეორგოლით, რომელშიც დინოზავრები, მეტაფორულად, აღნიშნავენ ბანკებს. გინდათ, თქვათ, რომ ბანკების გადაშენების დროა?
გიორგი პოპიაშვილი „სფეისის“ კრეატივ დირექტორი: „ჩვენი გარემო იცვლება, სერვისები და პროდუქტები იხვეწება და დღეს ბიზნესის წარმატება გამორიცხულია, თუ ის მაქსიმალურად არ არის მორგებული თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებს. ვფიქრობ, საბანკო ინდუსტრია საქართველოში საკმაოდ განვითარებულია, თუმცა რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით, ყოველდღიური ფინანსების მართვის კუთხით, ისინი არ არიან საკმარისად მოქნილები და ალბათ, მასშტაბიდან გამომდინარე, ვერ უთმობენ საკმარის ყურადღებას იმ დეტალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, ქმნიან მომხმარებლის გამოცდილებას. ზუსტად ამან გაგვახსენა დინოზავრები, რომლებმაც ვერ გაუძლეს გარემოს ცვლილებებს და გადაშენდნენ. ამ ვიდეორგოლით გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ახალი ეტაპი დადგა. გვჯერა, რომ უკვე დაიბადა ადამიანი, რომელსაც არ ემახსოვრება, რომ ოდესღაც ანგარიშის გასახსნელად, ფულის გადასარიცხად ან სესხის ასაღებად ხალხი ბანკის ფილიალებში ელოდა თავის რიგს. გვჯერა, რომ „სფეისი“ გარდატეხას შემოიტანს ქართულ საბანკო ინდუსტრიაში და შეცვლის გარემოს. სწორედ ამ აზრისა და შინაარსის გადმოცემას შევეცადეთ ვიდეორგოლით“.

კრედიტები:
რეკლამაზე იმუშავა ფროდაქშენ კომპანია Film_Asylum-მა
Director: Giorgi Popiashvili
Production Company: Film Asylum
DP: Guri Goliadze
Production Design: Fourk Group
Make Up: Ana Bakhtadze
Location Manager: Gio Matchavariani
Casting Manager: Tina Khizanishvili
VFX Artists
Shot Supervision – Levan Lapachi, Luka Jgharkava
Concept Art / Sculpting / Texturing – Irakli Gharibashvili
Character Animation / Retopo – Levan Lapachi
Tracking / Simulation / Rendering / Compositing – Luka Jgharkava
Sound Design: Post Red Audio
Color Correction: UPP Prague
Producer: Nikoloz Gugushvili
Producer Asistant: Ninuca Sinjikashvili
Music production: Japiashvili, Javakhia, Sibashvili
Vocal: Sopho Chikaidze