4
Oct
2013

”ჰუავეი” და ”სამსუნგი” ”ნაცრისფერი ბაზრის” წინააღმდეგ

4 Oct 2013

huawei-live

 

სამსუნგი

”ჰუავეი” და ”სამსუნგი” საქართველოში ”ნაცრისფერი ბაზრის” წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებენ – მომხმარებელს მოუწოდებენ, რომ მობილური ტელეფონები მხოლოდ მათი ჰოლოგრამით შეიძინონ.

თვლიან, რომ მწარმოებლის მხრიდან ოფიციალური მიწოდების გარეშე გაყიდულ ტექნიკაზე მომხმარებელს არა აქვს ოფიციალური გარანტია, ან შემდეგ საჭირო სერვისს სრულად ვერ სთავაზობენ. ამბობენ, რომ ამის გამო ზარალდება მყიდველი, რაც საბოლოოდ, მწარმოებელი კომპანიისა და მისი პროდუქციის იმიჯზე მოქმედებს.

ნაცრისფერი ბაზარი, იგივე პარალელური ბაზარი არის სავაჭრო საქონლის არასანქცირებული დისტრიბუცია, ანუ როცა გასაყიდი პროდუქცია ოფიციალური მწარმოებლისგან არ არის მოწოდებული ამა თუ იმ სავაჭრო ქსელში.

”ზუმერში” კი, სადაც არა პირდაპირ ამ კომპანიებისაგან მიწოდებული, არამედ დუბაიდან თავისუფალი სავაჭრო ზონიდან შემოსული პროდუქცია იყიდება, ამბობენ, რომ ქარხნული მომსახურების ხარისხის ან შემდეგ საჭირო სერვისის პრობლემა არ აქვთ.

თემო ბაბუციძე”ჰოლოგრამა ჰუავეის ყველა ტელეფონს ” – კამპანია ცოტა ხნის წინ დაიწყეს და როგორც ამბობენ, მთავარი მიზანი მომხმარებლების დაცვაა. საკონსულტაციო კომპანია ”ჯეპრას” კონსულტანტი თემურ ბაბუციძე ამბობს, რომ ”ჰუავეი”, დაახლოებით, ერთი წელია საცალო ბაზარზე აქტიურად მუშაობს და მათ პროდუქციაზე მოთხოვნაც დიდია. ამან გამოიწვია ე. წ. ქვედინებები.

”ჰუავეის” პროდუქცია არასანქცირებული სახით შემოაქვთ სხვადასხვა ქსელში. რადგან მწარმოებელი მათი ოფიციალური მიმწოდებელი არ არის, სრულყოფილად ვერ სთავაზობენ საჭირო სერვისს და მომხმარებლებს ყველა საჭირო გარანტიას ვერ აძლევენ. კონკრეტულ მოდელებს სპეციფიური შეკეთება ან ადგილობრივ ქსელში სპეციფიურად ჩართვა სჭირდებათ, რაც ადგილზე კუსტარულად კეთდება და ეს არ ”მუშაობს”. საბოლოოდ, ამით მომხმარებელი ზარალდება.  “ნაცრისფერი ბაზრის” წინააღმდეგ საბრძოლველად გადავწყვიტეთ ამ კამპანიის დაწყება.

თემურ ბაბუცაძე ამბობს, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება იმ პროდუქციის გაყიდვის აკრძალვა, რომელიც არაოფიციალურია. თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია ამ პროცესის კონტროლი და ოფიციალური დილერებისთვის მხოლოდ მათი ჰოლოგრამიანი პროდუქტის მიწოდებით შეეცდებიან მომხმარებლის დაცვას.

ბაზარზე არაოფიციალური პროდუქციის გაყიდვის წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყო ”სამსუნგმაც”. ვიდეო კამპანია მიეძღვნა იმას, რომ შეიძინონ მხოლოდ მათი ჰოლოგრამიანი ტელეფონები და განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ ნაწილია და კომუნიკაცია გარანტირებული ხარისხის მისაღებად შეიძინონ მხოლოდ ”სამსუნგის’ ჰოლოგრამიანი ტელეფონები მომავალშიც გაგრძელდება.

ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელი, რომელიც მობილურ ტელეფონებს მათი ოფიციალური მწარმოებლებისგან არ იღებს “ზუმერია”, სადაც ამბობენ, რომ პროდუქცია დუბაიდან შემოაქვთ და საკუთარი ჰოლოგრამით ყიდიან (ეს არ არის აკრძალული). მომხმარებელს ხარისხის გარანტიასაც აძლევენ და რაიმე წუნის ან შეკეთების საჭიროების შემთხვევაში მათ ამ მომსახურებასაც უწევენ.

“ზუმერში” ასევე ამბობენ, რომ “ჰუავეის” სულ ორი მოდელი აქვთ, რადგან ამ ტელეფონებზე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის. რაც შეეხება ”სამსუნგს”, ამ ბრენდის ტელეფონების უფრო დიდ არჩევანს სთავაზობენ. მომხმარებლისგან რაიმე პრეტენზიის შემთხვევაში უზრუნველყოფენ საჭირო მომსახურებას, ყიდვისას იძლევიან სამწლიან გარანტიას, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში აღმოჩენილი ქარხნული წუნის შემთხვევაში კი ხდება ახლით ჩანაცვლება.

განხილვა