ამგვარად, Mate XT Ultimate Design „მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელიც სამჯერ შეგვიძლია, გადავკეცოთ“. დებიუტი ჩინეთში შედგა, თუმცა, ახლა უკვე საერთაშორისო მასშტაბით ხელმისაწვდომი გახდა.
Z-ფორმის დასაკეცი მექანიზმი აქვს, რითაც ეკრანის სამ ზომას შორის გადასვლას გვთავაზობს, მათ შორის 6.4-ინჩიანი სმარტფონის სტანდარტული რეჟიმი, 7.9-ინჩიანი მინი პლანშეტი და 10.2-ინჩიანი მთლიანი ეკრანის გამოცდილება გვხვდება. მიუხედავად ამისა, საკმაოდ თხელი მოწყობილობაა, რომლის სისქეც სრულად გაშლისას 3.6 მილიმეტრს შეადგენს.
აქვე ვხვდებით Huawei-ს Kirin 9010 5G პროცესორს, 16 GB ოპერატიული მეხსიერებით და 256 GB-დან 1 ტერაბაიტამდე მეხსიერების ვარიანტებით. HarmonyOS 4.2-ზე მუშაობს და 5600 mAh ბატარეას გვთავაზობს, როგორც კაბელით, ისე უკაბელოდ.
რაც შეეხება კამერას, აქაც სამმაგ ლინზიან კამერის სისტემას ვხვდებით, რომელიც 50-მეგაპიქსელიანი პირველადი სენსორით, 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ობიექტივი 5.5x ოპტიკური ზუმითა და 12-მეგაპიქსელიანი ულტრა განიერი ობიექტივით არის აღჭურვილი.
Mate XT AI-ზე მომუშავე ფუნქციებსაც გვთავაზობს, მათ შორის რეალურ დროში თარგმანს, ხმის ტექსტად გარდაქმნის ფუნქციონალს და ფოტოების რედაქტირებას, რითაც მოწყობილობა კიდევ უფრო ჭკვიანი ხდება.
ფასიც შესაბამისია, ულტრა პრემიუმ კატეგორიაში იკავებს ადგილს და ამ ეტაპისთვის 3 666 დოლარი ღირს — მართალია, ჩინეთში ძალიან დიდი მოთხოვნაა სამეკრანიან სმარტფონზე, თუმცა, რა ხდება გლობალურად, ეს ჯერ არ ვიცით. აღსანიშნავია ამერიკის სანქციებიც, რომლებიც ჰუავეის გუგლის კონკრეტულ სერვისებსა და აპლიკაციებზე უზღუდავს წვდომას, სწორედ ამის გამო ფიქრობენ, რომ დასავლეთის ბაზრებზე აიკრძალება. საპირისპირო რეალობაა აზიაში, ევროპის ნაწილსა და ახლო აღმოსავლეთში, აქ Mate XT-ის კარგ გაყიდვებს ელიან.
გამოდის, მიუხედავად რეგულაციებისა, ჰუავეიმ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება გადაწყვიტა. თანაც, გასული წლის საბაზრო მონაცემებით დასაკეც მოწყობილობებში ბაზრის 23%-ს ფლობს, რითაც სამსუნგის 33%-ს ჩამორჩება…