16
Sep
2019

Huawei-ს Mate 30-ის სერიის დიზაინებმა, პრეზენტაციამდე, ინტერნეტში გაჟონა

16 Sep 2019

Alta
Alta


Huawei Google-ის სერვისების გარეშე გამოშვებული სმარტფონების Mate 30, Mate 30 Pro, Mate 30 Lite-ის, ასევე, პორშეს დიზაინის სმარტფონის წარდგენას 19 სექტემბერს, სპეციალურ ღონისძიებაზე გეგმავს. მანამდე კი, სერიის მოდელების ვიზუალებმა ინტერნეტში გაჟონა. ვიზუალები Evan Blass-მა გაავრცელა.

ფოტოების მიხედვით, Mate 30 Pro-ს ეკრანი გვერდით, პანელზე იქნება გადმოსული, რაც შეეხება კამერებს, ტრადიციულად, ჰუავეი ლეიკას კამერებით იქნება აღჭურვილი, რომლებიც სმარტფონის უკანა მხარეს, მრგვალ ჭრილში იქნება განლაგებული. წყაროები ამბობენ, რომ სმარტფონს ორი 40 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, ხოლო ერთი 8 მეგაპიქსელიანი. ეკრანის ზედა მარცხენა მხარეს ვხედავთ სიგნალის სიძლიერის ორ ინდიკატორს, რაც გვაფიქრებინებს, რომ Mate 30 Pro-ს ორი SIM ბარათის მხარდაჭერა ექნება.

Pro-ს მოდელთან შედარებით, Mate 30-ს პატარა ეკრანი აქვს. ორი სიმის თავსებადობა ამ მოდელის შემთხვევაშიც აქტუალურია, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება Mate 30-ის უკანა მხარე (ალბათ, შესაბამისი ვიზუალის სანახავად, უკვე ოფიციალურ პრეზენტაციას უნდა დაველოდოთ).

ორივე მოდელი – Mate 30 Pro და Mate 30 იყენებს Huawei-ს ახალ – Kirin 990 ჩიპს, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩაშენებული ექნება 5G მოდემი.

Mate 30 Lite-ს ზემოთა ორი მოდელისგან განსხვავებული დიზაინი აქვს. ამის დაფიქსირება ადვილია, თუ კამერებს შევხედავთ. თუ Pro-ს შემთხვევაში, კამერები წრეში იყო ჩასმული, Lite-ში ისინი კვადრატშია მოქცეული. იქვეა სენსორი თითის ანაბეჭდისთვის. სავარაუდოდ, მოდელში Kirin 810-ის ჩიპია გამოყენებული.

პორშეს დიზაინი Mate 30 Pro-სთვის ისაა, რასაც მომხმარებელთა დიდი ნაწილი ელოდება. როგორც ჩანს, მისი შექმნისას ტყავი გამოიყენეს. როგორც ფოტოზე ვხედავთ, ეს მოდელიც ლეიკას კამერებითაა აღჭურვილი. მისი შეძენა კი, სავარაუდოდ, წითელ და შავ ფერებში იქნება შესაძლებელი.

დიზაინების მიღმა, მთავარი აქცენტი ამ მოდელების პროგრამულ მხარეზე იქნება. აღსანიშნავია, რომ Huawei-ს აღარ შეუძლია Google-ის სერვისების გამოყენება. შესაბამისად, პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, აღნიშნულ სმარტფონებს არ ექნება წვდომა Google Apps-ზე – ჰუავეის ახალი სერიის სმარტფონების მომხმარებლები ვეღარ ისარგებლებენ Android-ის აპლიკაციებით. აღნიშნული სიახლე ამერიკის მიერ, ჩინეთისთვის ტექნოლოგიური პროდუქტების მიწოდების აკრძალვას უკავშირდება. Huawei-ს სმარტფონები, ჩინეთის მასშტაბით, უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს Google-ის სერვისების გარეშე, თუმცა, როგორ შეძლებს კომპანია ევროპელი მომხმარებლისთვის Android-ის ჩანაცვლებას, ჯერ კიდევ ეჭვის საგნად რჩება.

სტატიაში მოცემული მასალა არაოფიციალურმა წყარომ გაავრცელა. ჯერჯერობით, უცნობია, რა იქნება Mate 30 სერიის სმარტფონების ფასი. უცნობია სხვა, მნიშვნელოვანი დეტალებიც. მათ შესახებ Huawei ოფიციალურ კონფერენციაზე, 19 სექტემბერს მოგვიყვება.

განხილვა