ანდრომედეს გალაქტიკა ჩვენი ყველაზე ახლო მეზობელია, რომლის დანახვაც კარგ პირობებში შეუიარაღებელი თვალითაც კია შესაძლებელი. თუმცა, რაღა თქმა უნდა, არა ისე, როგორც ამას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გვთავაზობს — ანდრომედეს მასიური 2.5-გიგაპიქსელიანი პანორამა შექმნა, რისთვისაც 10 წელი დასჭირდა. ცალკე ანდრომედეს გალაქტიკა ხომ ძალიან საინტერესოა, მაგრამ მის შესახებ მეტი დეტალის გაგება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ასე საკუთარი გალაქტიკის შესახებაც შეიძლება, გავიგოთ სიახლეები.
„ჰაბლის დახმარებით შეგვიძლია, დეტალები შევისწავლოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ჰოლისტიკური მასშტაბით გალაქტიკის მთლიან დისკზე. ამის შესაძლებლობას კი სხვა დიდი გალაქტიკა არ გვაძლევს“, — აცხადებს ბენ უილიამსი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი.
მოზაიკა სულ მცირე 2.5 მილიარდი პიქსელისგან შედგება, 200 მილიონ ინდივიდუალურ ვარსკვლავს ასახავს, რომელთაგანაც ყველა მზეზე ცხელია. თუმცა ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია გალაქტიკის ვარსკვლავური დასახლებისა, რადგან, მაგალითად, წითელი ჯუჯა ვარსკვლავები აქ არ ჩანს და მხოლოდ მზეზე ცხელი ვარსკვლავებია ასახული. მიუხედავად ამისა, სურათი ნათელი ლურჯი ვარსკვლავების კლასტერებს, მეზობელ გალაქტიკებსა და მტვრის ზოლებს ასახავს:
ეს ყველაფერი კი Panchromatic Hubble Andromeda Southern Treasury-ისა (PHAST) და Panchromatic Hubble Andromeda Treasury-ის (PHAT) დამსახურებაა…
„ასეთი კვლევები, შესაძლოა, ირგვლივ არსებული გარემოს კონტექსტშიც გავიაზროთ, იქნება ეს ISM სტრუქტურა, ვარსკვლავების წარმოქმნის სიჩქარე (SFR), ვარსკვლავებისა და გაზის მძიმე მეტალების შემადგენლობა თუ კიდევ უფრო დიდი გარემო, როგორიც Pan-Andromeda Archeological Survey-ითია წარმოდგენილი. ამგვარად, ანდრომედეს გალაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას, შევადაროთ მას ის დეტალური ინფორმაცია, რომელიც ირმის ნახტომის შესახებ გვაქვს“, — ამბობენ მკვლევრები.
დაბოლოს, ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ამ დაკვირვებამ გამოავლინა, სამხრეთით არსებული დისკია, რომელიც ნაკლებად იყო შესწავლილი. მართალია, მეცნიერები უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ ჩრდილოეთით არსებული დისკის შესახებ, მაგრამ ეს მისგან ბევრად განსხვავდება. ამბობენ, რომ სამხრეთის დისკი გალაქტიკების შერწყმის შესახებ ფლობს მტკიცებულებებს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რასაც სამომავლო კვლევებით სჭირდება გამყარება…