ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ჩვენი მზის სისტემის მიღმა არსებულ ყველაზე პატარა პლანეტას დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ მისი ატმოსფერო წყლის ორთქლს შეიცავს. მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავია, რადგან ასე ასტრონომია კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება დედამიწის მსგავსი სამყაროების უკეთ შესწავლას.
როგორც NASA და ESA გვეუბნებიან, დედამიწაზე ორჯერ მეტი დიამეტრის მქონე პლანეტა GJ 9827d წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, რომელიც Pisces-ის თანავარსკვლავედში 97 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამ აღმოჩენის მიღმა არსებული გუნდი კი ორ მნიშვნელოვან სცენარს გვთავაზობს — ან ეს პლანეტა „მინი-ნეპტუნია“, რომელიც, წყალთან ერთად, წყალბადით მდიდარი ატმოსფეროთია სავსე; ან იუპიტერის მთვარის Europa-ს უფრო თბილი ვერსიაა, რომელიც ზუსტად იმდენივე წყალს შეიცავს, რამდენიც დედამიწის ქერქის ქვეშ მოიპოვება.
„შესაძლოა, GJ 9827d ნახევრად წყალი და ნახევრად კლდოვანი მასა იყოს, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ზოგიერთი პატარა კლდოვანი სხეულის თავზე ბევრი წყლის ორთქლი იქნება. აქამდე ჩვენ არ შეგვეძლო ასეთი პატარა პლანეტის ატმოსფეროზე პირდაპირ დაკვირვება და ახლა სწორედ ამ ეტაპს ვუახლოვდებით“, — განმარტავს ბიორნ ბენექი, კვლევის თანაავტორი.
3 წლის მანძილზე ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი პლანეტას 11 გარდამავალ პერიოდში ან იმ შემთხვევებში აკვირდებოდა, როცა იგი ვარსკვლავს გადაკვეთდა. ამ გარდამავალი პერიოდების დროს, ვარსკვლავური შუქი პლანეტის ატმოსფეროში იფილტრება, რაც ასტრონომებს საშუალებას აძლევს, ჰაბლის ინსტრუმენტები ფერთა პალიტრის გასაანალიზებლად გამოიყენონ — უფრო ზუსტად, ტალღის სიგრძეების, რაც მეცნიერებს წყლის მოლეკულების მახასიათებლების მქონე ნიმუშების აღმოჩენაში დაეხმარა.
თუმცა GJ 9827d-ს წყლით მდიდარი ატმოსფეროც რომ ჰქონდეს, ცხელი, ვენერას მსგავსი 425-გრადუსიანი ტემპერატურა მასზე დასახლებას შეუძლებელს გახდის. უბრალოდ „ორთქლიანი სამყარო“ გვექნება… ეს აღმოჩენა კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჰაბლის ტელესკოპი, JWST-სთან ერთად, დაგვეხმარება, მეტი გავიგოთ დედამიწის მსგავსი პლანეტების შესახებ.