ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად ცვლის იმას, თუ როგორ ეძებს და აღმოაჩენს აუდიტორია ინფორმაციას. ძიების პროცესი განიცდის ევოლუციას, აღმოჩენის გზები ფრაგმენტული ხდება, ხოლო დიდი ენობრივი მოდელები ყალიბდება იმ მთავარ არხად, რომლის დახმარებითაც ადამიანები რეკომენდაციებსა და ყიდვის გადაწყვეტილებას იღებენ. ამ ტრანსფორმაციის ფონზე, ერთი რამ სულ უფრო ნათელი ხდება – ნდობა არის ის მთავარი სიგნალი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი კონტენტი მოექცევა ყურადღების ცენტრში, ეს ნდობა კი, თავის მხრივ, ადამიანურ გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
ახალი ტიპის ეკონომიკა
წლების განმავლობაში ციფრული სამყაროს მთავარი სტრატეგია მოცვის არეალის ზრდას, მასშტაბების მაქსიმიზაციასა და აუდიტორიის ყურადღების მასობრივად მიპყრობას ეფუძნებოდა. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის დომინირების ეპოქაში ეს მოდელი ინგრევა. როდესაც კონტენტის გენერირება თითქმის მომენტალურად არის შესაძლებელი, მასშტაბი კონკურენტულ უპირატესობას აღარ წარმოადგენს, ახლა მთავარი განზრახვა და მიზანმიმართულობაა. ამ ცვლილებას ყველაზე კარგად ვიწრო სპეციალიზაციის მქონე გამომცემლობები ერგებიან. როდესაც მომხმარებლები სტუმრობენ ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Who What Wear, Tom’s Guide ან PC Gamer, ისინი უბრალოდ კი არ ათვალიერებენ გვერდებს, არამედ აქტიურად აფასებენ ვარიანტებს და ექსპერტულ რეკომენდაციებს ეძებენ. ეს ადამიანები მხოლოდ მომხმარებლები არ არიან. ისინი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, რომლებიც კონკრეტული მიზნითა და ინტერესით მოდიან, ღრმად ერთვებიან კონტენტში და რეალური ქმედებისკენ მიიწევენ. ისეთ გარემოში, სადაც ყურადღება ადვილად მოსაპოვებელია, მაგრამ ნამდვილი, შინაარსიანი ჩართულობა იშვიათობას წარმოადგენს, მსგავსი მიზანმიმართულება ბევრად უფრო დიდ კომერციულ ღირებულებას ატარებს, ვიდრე უბრალოდ ფართო აუდიტორიის მოცვა.
მძლავრი მონაცემები
ეს ძვრები პირდაპირ აისახება იმაზეც, თუ როგორ უდგებიან მედიაკომპანიები მონაცემებს. მაღალი მიზანმიმართულობის მქონე გარემოში ჩართულობა მხოლოდ რიცხვითი მეტრიკა აღარ არის – ის მომხმარებლის მხრიდან საკითხის განხილვისა და ინტერესის სიგნალია. ის აჩვენებს, თუ გადაწყვეტილების მიღების რომელ ეტაპზე იმყოფება ადამიანი და რის მიღწევას ცდილობს. სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად მედიაკომპანია Future-ის აუდიტორიის შემსწავლელ ინტელექტუალურ სისტემა Helix-ს. იგი შექმნილია იმისთვის, რომ სპეციალიზებულ გარემოში რეალურ დროში გაშიფროს მომხმარებელთა განზრახვის სიგნალები და აუდიტორიის სტატიკური აღწერიდან მათი მოქმედების ალბათობის დინამიკურ ანალიზზე გადავიდეს. უმნიშვნელოვანესია გვესმოდეს, რომ ეს სიგნალები მხოლოდ იმდენად ძლიერია, რამდენადაც ის გარემო, სადაც ისინი გენერირდება. პირველადი მონაცემები ბევრად უფრო მძლავრია მაშინ, როცა ის სანდო, ადამიანების მიერ შექმნილ კონტენტს ეფუძნება და ასახავს მომხმარებლის რეალურ ქცევას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არა – უბრალოდ პასიური სქროლვისას. ამის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი ინტერესის დაჭერა. თუ პროცესს ადამიანური გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს, სიგნალები სუსტდება, სუსტი მონაცემებით კი რეკლამის დამკვეთებისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიტანა რთულდება.
რატომ რჩება ადამიანური გამოცდილება შეუცვლელი
სულ უფრო ხშირად ისმის ვარაუდი, რომ განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი პროდუქტის აღმოჩენის სრული გამოცდილების ჩანაცვლებას შეძლებს. თუმცა, იმას, რისი დასკვნაც, შეჯამებაც ან გენერირებაც ალგორითმს შეუძლია, თავისი საზღვრები აქვს. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მონაცემების შეგროვება, მიმოხილვების სინთეზირება და პრეფერენციების პროგნოზირება, მაგრამ მას არ შეუძლია პროდუქტის ფიზიკურად გამოცდა. ის ვერ გაატარებს საათებს უახლესი VR სათვალის გამოყენებაში, რათა შეაფასოს მისი კომფორტულობა დროთა განმავლობაში, მოძრაობით გამოწვეული დაღლილობა, ან დაინახოს სხვაობა იმას შორის, რაც დემო ვერსიაში შთამბეჭდავია და რაც რეალურ ცხოვრებაში მუშაობს. ალგორითმი ვერ იცხოვრებს საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად, ვერ გატესტავს მას რეალურ რუტინაში და ვერ აღმოაჩენს იმ ხარვეზებს, რომლებიც მხოლოდ მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ ვლინდება.
გადაწყვეტილების მიღების მომენტში აუდიტორია მხოლოდ ინფორმაციას არ ეძებს. მათ მყარი გარანტიები და სიმშვიდე სჭირდებათ. ადამიანებს სურთ გაიგონ, რა შეგრძნებებს ტოვებს ნივთი, როგორ მუშაობს ის დროთა განმავლობაში და ამართლებს თუ არა მოლოდინებს. სწორედ აქ ხდება ნდობის ფაქტორი შეუცვლელი. ავტორიტეტი რეალურ, განმეორებად ტესტირებაზე უნდა შენდებოდეს და არა – ზედაპირულ შეფასებებზე. სიღრმისეული, რეალური გამოცდილება არის ის საყრდენი, რომლის გამოც აუდიტორია ენდობა რეკომენდაციებს და სწორედ ამ მონაცემებს ეყრდნობიან AI სისტემებიც კონტენტის შესაფასებლად და წინა პლანზე წამოსაწევად.
ახლებური გააზრება AI ეკოსისტემაში
ეს ტრანსფორმაცია სრულიად ახალ გამოწვევას აჩენს. დღეს მთავარი მხოლოდ ის კი აღარ არის, რომ უბრალოდ გამოჩნდე, არამედ ის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პასუხებში სწორად და ზუსტად იყო წარმოდგენილი. გამომცემლების კონტენტი სულ უფრო ხშირად ხდება ამ პასუხების ნაწილი, რაც პირდაპირ აყალიბებს იმას, თუ როგორ აღიწერება პროდუქტები, კატეგორიები და ბრენდები გადაწყვეტილების მიღების კრიტიკულ მომენტში. ხილვადობის კონცეფცია იცვლება და უბრალო განთავსებიდან სანდო, ადამიანების მიერ მართულ წყაროებში ყოფნაზე გადადის, რომლებიც შემდგომში AI-ის გენერირებულ შედეგებს კვებავენ. სწორედ ამ მოცემულობამ განაპირობა ის, თუ როგორ ეხმარება კომპანია Future ბრენდებს AI-ზე დაფუძნებულ ძიებაში ნავიგაციაში თავისი პროდუქტის – Optic-ის მეშვეობით. დიდი ენობრივი მოდელების მიერ კონტენტის სტრუქტურირების, შეფასებისა და წარმოჩენის სპეციფიკის ცოდნის გამოყენებით, Future ბრენდებს აძლევს შესაძლებლობას, სრულად მიიღონ ის სარგებელი და ნდობის სიგნალები, რომლებიც მათმა სპეციალიზებულმა პლატფორმებმა ადამიანური ინსაითების, გამოცდილებისა და ავტორიტეტის ხარჯზე წლების განმავლობაში დააგროვეს.
წყარო: Adweek














