in

როგორ ხედავს ქართველი მომხმარებელი პოსტკორონულ ეპოქას? – McCann Tbilisi-ის კვლევა

პანდემიამ მყისიერი გავლენა ბევრ რამეზე მოახდინა, მათ შორის, ჩვენს კოლექტიურ რწმუნებულებებზე, შიშებსა და პრიორიტეტებზე. ის შეეხო მთელ მსოფლიოს და ბევრმა ამ ყველაფერს “უხილავ მტერთან ბრძოლაც” უწოდა. როგორც ყველა ბრძოლაში, მნიშვნელოვანი იარაღია სიმართლე. მის დასადგენად, სააგენტო McCann თბილისმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა და ამ გზით, ეჩვენებინა სიმართლე, არსებულ კრიზისთან მიმართებაში.

თემო ბლიუმგარდტი, McCann Tbilisi გენერალური მენეჯერი: კვლევა სახელწოდებით – “Truth About Coronavirus” – McCann-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობების ფარგლებში განხორციელდა. ამით, ჩვენ კლიენტებსა და პარტნიორებს მივაწოდეთ საკმაოდ სასარგებლო ინფორმაცია. კვლევას საფუძვლად დაედო McCann-ის გლობალური ქსელის ინიციატივა. ანალოგიური დაკვირვება McCann-მა კიდევ 16 ქვეყანაში აწარმოა. იმის გამო, რომ მსგავსი მიმართულებით ქვეყანაში ინფორმაციის ნაკლებობა აშკარა გახლავთ, ხოლო ინტერესი – მაღალი, გადავწყვიტეთ კვლევა საჯაროც გაგვეხადა.

ოთარ ქირია, McCann Tbilisi სტრატეგი: “კვლევა ადგენს განწყობებს როგორც მიმდინარე პროცესებზე, ისე სამომავლოდ. ძალიან საინტერესო იყო საქართველოს მოსახლეობის შეხედულების თანხვედრა მსოფლიოს რამდენიმე წამყვან სახელმწიფოსთან იმაზე, რომ COVID-19-მა ავადობის გარდა, ქვეყნის ეკონომიკა დააყენა საფრთხის წინაშე. ბევრ დიდ ქვეყანაში, პირადი ფინანსური უსაფრთხოება უფრო პრიორიტეტულია. ჩვენთან, მოქალაქეობრივი თვითშეგნება არაერთ განვითარებულ სახელმწიფოზე წინ ყოფილა. ბრენდებისთვის, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მაჩვენებელია ისიც, თუ რას ელის მათგან მომხმარებელი და როგორია პოსტკორონული ეპოქის ხედვა.”

კვლევა1-8 მაისს ჩატარდა, ონლაინ რეჟიმში. მასში მონაწილეობა საქართველოს 508-მა მოქალაქემ მიიღო.

მოდით, გადავხედოთ, კვლევის შედეგებს.

ბრენდების როლი, პანდემიის დროს, მნიშვნელოვნად გაიზარდა. საზოგადოების მოლოდინი მათ მიმართ, პირველ რიგში, საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვა იყო. მაინც, რისი გაკეთება შეუძლიათ კომპანიებს, რითაც ყველაზე მეტ წვლილს შეიტანენ კრიზისის დაძლევაში?

გამოკითხულთა 43.1%-ის აზრით, კომპანიებს ეს თანამშრომლებზე ზრუნვით შეუძლიათ. მნიშვნელოვნად ნაკლებია (22,4%) მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, კომპანიებმა კრიზისის დაძლევაში ფასდაკლების გამოცხადებითა და აქციების შეთავაზებით უნდა იმონაწილეონ.

პანდემიამ შემოქმედებითობასა და ინოვაციურობაზეც იქონია გავლენა. არაერთმა კომპანიამ უკვე გადადგა ნაბიჯები და საზოგადოებას კრეატიული გადაწყვეტა შესთავაზა.

ყოველი 10 გამოკითხულიდან 3 აღნიშნავს, რომ ეს კრიზისი ინოვაციების განვითარებას შეუწყობს ხელს. ყოველი 5-დან 1 ამბობს, რომ შთააგონა იმ შემოქმედებითმა მიდგომამ, რაც პანდემიის საპასუხოდ იხილა. ყოველი 6-დან 1-მა კი განაცხადა, რომ ეს პერიოდი ახალი ჰობის შეძენაში დაეხმარა.

კითხვაზე, საერთო ჯამში, რამდენად შფოთავენ პანდემიასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მღელვარება სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი იყო, თუმცა, არც ისე მაღალი, როგორც ჩინეთში.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, საქართველოშიც, ისევე, როგორც მსოფლიოში, ეკონომიკურ ზარალზე ღელავენ.

რაც შეეხება ვირუსთან დაკავშირებულ შიშებს, გამოკითხულთა 18% თვლის, რომ ინფიცირების შემთხვევაშიც კი, მათ ყველაფერი რიგზე ექნებათ. საერთაშორისო მაჩვენებელი კი ასეთია:

კვლევის შედეგების მიხედვით, შედარებით ნაკლებია სამსახურის დაკარგვისა და მაღალი სიკვდილიანობის მოლოდინი, სხვა ქვეყნებთან შედარებით:

რა დრო დაგვჭირდება “ნორმალურ ცხოვრებასთან” დასაბრუნებლად? გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (35%) მიიჩნევს, რომ ნორმალურ ცხოვრებას ვაქცინის გამოგონების შემდეგ დავუბრუნდებით. შედარებით ნაკლები – 30,1% თვლის, რომ საამისოდ 3-6 თვე დაგვჭირდება. ბევრად ნაკლებია მათი რიცხვი (14,9%), ვინც ამას 1-2 თვეში მოელის. ბევრად ნაკლებია უფრო პესიმისტური სცენარის მომლოდინეთა რაოდენობა – 8,9% 7-12 თვეს ვარაუდობს, 5,7% – 12 თვეზე მეტს, 5,9% კი მიიჩნევს, რომ ცხოვრება ძველებური აღარასოდეს იქნება.

ვირუსისგან თავდასაცავად, 50%-ის განცხადებით, თავს არიდებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, 24%-ის განცხადებით, ამას ხელების ხშირი დაბანვითა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ცდილობდა.

საინტერესოა, რომ პანდემიის პირობებში, არანაკლებ საშიში ვირუსი იყო ყალბი ინფორმაცია. ყოველი 10 გამოკითხულიდან 1-მა თქვა, რომ არ იცის, რომელ ინფორმაციას ენდოს. 10-დან 3-მა კი, განაცხადა, რომ საერთოდ შეწყვიტეს ახალი ამბების კითხვა. ყოველი 3-დან 1 აღნიშნავდა, რომ საქართველოში მედია ზედმეტ ისტერიას ქმნიდა, ვირუსთან მიმართებაში.

ნახევარი მსოფლიო მიიჩნევს, რომ პანდემია სამყაროს სამუდამოდ შეცვლის. ამ რთულ პერიოდშიც კი, ადამიანებმა მაინც იპოვეს რაღაც დადებითი – ისინი დაფიქრდნენ, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში.

კვლევის მიხედვით, პანდემიამ თანამედროვე გმირებიც გამოავლინა. ადამიანებმა მეტად დააფასეს ექიმები და მეცნიერები. ზოგს მიაჩნია, რომ კარანტინის პერიოდმა ადამიანებში დადებითი მხარეები გამოაღვიძა.

კვლევის შედეგების სრულად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Credits:

სააგენტო: McCann

სტრატეგია: ოთარ ქირია

კრეატიული ლიდი: ირა ჭელიძე

არტ მიმართულება: ტატა მეგრელიშვილი

ექაუნთი: ლიკა ჭანტურია

ტექსტი: დავით დობორჯგინიძე

დიზაინი: თამუნა ონიანი

ციფრული პროექტის მენეჯერი: ეკატერინა ვორონინა

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ზუკა გაფრინდაშვილი Area.ge-ს სტრატეგიული პროექტების მენეჯერი გახდა

„დამუხტე ბრენდი და ტექნოლოგიები“ – STREGI