აქამდე რამდენი ავტომობილის შესახებ არ მოგვიყოლია, თითოეული ისტორია უნიკალური და თავისებურად გამორჩეული იყო, თუმცა დღეს სულ სხვანაირი მანქანის, სხვა ისტორიას გიამბობთ. ეს ამბავი თავიდან „ჯიპის” დაარსებასავით იწყება, რადგან პირველი მოდელი სამხედრო დანიშნულებით გამოვიდა, მაგრამ მოგვიანებით ბრენდმა სტანდარტული, სამოქალაქო მანქანის შექმნა გადაწყვიტა და ამაში დიდი წვლილი ცნობილ ავსტრიელ-ამერიკელ ბოდიბილდერსა და მსახიობს, არნოლდ შვარცნეგერს მიუძღვის. არნოლდმა ერთ-ერთი გადაღების დროს, ორეგონში, სამხედრო კოლონა შენიშნა, რომელშიც სწორედ ჩვენი დღევანდელი გმირის მანქანები მოძრაობდნენ. მან გადაწყვიტა, რომ სპეციალურად მისთვის უნდა შექმნილიყო სამოქალაქო მოდელი და პირადად დაიწყო ამის მენეჯმენტი, რითაც, საბოლოოდ, სამოქალაქო ვერსია წარმოებაში შევიდა.
საუბარია ჰამერზე, რომლის პირველი არასამხედრო მოდელიც სწორედ შვარცნეგერმა იყიდა და ეს კომპანიისთვის ერთგვარ რეკლამად იქცა, რადგან ის დაეხმარა კომპანიის მეტაისტორიის განმტკიცებას პოპულარულ კულტურაში.
ისტორიული მიმოხილვა
ბრენდი არც ისე დიდი ხნის არის. მისი ისტორია დაახლოებით 40 წლის წინ იწყება და როგორც უკვე გაიგეთ, თავდაპირველად მხოლოდ სამხედრო მანქანებად იწარმოებოდა. 1992 წლის შემდეგ, როცა პირველი სტანდარტული მოდელი შვარცნეგერმა იყიდა, ბრენდი უკვე იწყებს თაყვანისმცემლების მოგროვებას, თუმცა თავიდან ეჭვის თვალითაც ბევრი უყურებდა. მისი დიდი გაბარიტებისა და საწვავის ჭარბად მოხმარების გამო, თვლიდნენ, რომ ის გარემოს დააზიანებდა.
1998 წლიდან, როცა GM-მა შეიძინა ბრენდი AMC-სგან, შეუდგა ზრუნვას იმაზე, რომ იგი ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. პირველ ვერსიას Hummer H1 ეწოდა, თუმცა მალევე შეაშველა ორი H2 და H3 ვერსიები, რომლებიც პირველთან შედარებით უფრო რბილი და მოქნილი იყო, თუმცა ასევე უძლებდა ყველა დაბრკოლებას.
ამის შემდეგ უკვე ჰამერი ნამდვილად იგებს საზოგადოების გულს. ცნობილი ადამიანები ყიდულობდნენ მას და ავტოფარეხში თავიანთ Bentley-სა და Lamborghinis-ის ავტომობილებთან ერთად აყენებდნენ. 2000-იანების დასაწყისში ჰამერის ყოლა ერთგვარ სტატუსს ანიჭებდა მფლობელს, რაც ერთი მხრივ, მისი მაღალი ფასის, მეორე მხრივ კი, დიდებული ვიზუალის გამო ხდებოდა.
მომდევნო წლები
2004 წლისთვის GM ყიდდა 30000 ჰამერს წელიწადში. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს, როცა არნოლდ შვარცნეგერი გუბერნატორობას აპირებდა, მან თავისი ჰამერების მთელი კოლექცია გაყიდა მხოლოდ 950,000 დოლარად. იმავე წელს ბრენდის მანქანების გაყიდვებმა პიკს მიაღწია და 54052 ერთეული შეადგინა. თუმცა მომდევნო წლებში საწვავის ფასების მომატებამ, ჰამერის გაყიდვების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა. მეტიც, მისი სტატუსიც დაეცა და გაიგივდა უპასუხისმგებლო საავტომობილო მწარმოებელთან.
ეს სიტუაცია ნამდვილად არ აწყობდა General Motors-ს, ამიტომ ის გარკვეული პერიოდი კიდევ აკვირდებოდა სიტუაციას, მოგვიანებით კი, 2010 წელს მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა Hummer-ზე.
„მკვდრეთით აღდგომა”
ვინც წინა აბზაცებში იფიქრეთ, რომ ამით დიდებული ჰამერის ამბავი დასრულდა და ბრენდი მოკვდა, ძალიან ცდებით. ჯერ კიდევ 2009 წელს, Popular Mechanics-მა გამოსცადა, Hummer H3 პროტოტიპი, რომელიც ჰიბრიდული მოდელი იყო. მას შემდეგ, როცა ელექტრომობილების ერა დაიწყო მთელ მსოფლიოში და ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა სულ უფრო დიდი ტემპით იზრდება, 2020 წელს ჰამერმა ახალი GMC Hummer EV Edition 1-ის შესახებ განაცხადა, რომელიც 2021 წელს გამოვიდა. მას 1000 ცხენის ძალა აქვს და სიჩქარეს 3 წამში კრეფს.
უნდა აღინიშნოს, რომ Hummer EV არის თავისი სამხედრო წინამორბედისგან სრულიად განსხვავებული მანქანა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ამ მოდელით ჰამერმა ის „ცოდვები მოინანიოს”, რომლებიც თავის დროზე მისი მხრიდან ეკოლოგიური დარღვევების გამო ლამის მისი ჩაძირვის მიზეზი გახდა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი