მთაწმინდის პარკის მახლობლად, თბილისი-კოჯრის ქუჩა #22 „ჰასკი ჯგუფის“ – ექსტრემალური მოტოპარკის ადგილია. 2016 წელს დაარსდა და კავკასიაში KTM-ის, GASGAS-ისა და Husqvarna-ს მოტოციკლების ოფიციალურ იმპორტიორს წარმოადგენს. „ჰუსქვარნა“ შვედური ბრენდია, რომელსაც მოფერებით, Husky-ს ეძახიან და სწორედ ასე დაერქვა საქართველოში ექსტრემალურ პარკსაც – Husky Motopark – ლოგო გია ბოხუამ რომ უძღვნა და გამართული ინფრასტრუქტურა – გუნდის წევრების გამბედაობამ, ენთუზიაზმმა და შრომისმოყვარეობამ.
ჩვენი მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, საქართველოს მოტოსპორტისა და მოტურიზმის პოტენციალის წარმოჩენა და მოტოციკლის, როგორც უსაფრთხო ტრანსპორტის პოპულარიზება, – გვისხნის დავით კიკალიშვილი, Husky Motopark-ის მენეჯერი.
„ჰასკი პარკში“ თქვენ გელით: მოტოების ფართო არჩევანი, მოტოციკლისთვის საჭირო ყველა აქსესუარი თუ უსაფრთხოების აღჭურვილობა, მოტოსკოლა, Husqvarna-სა და KTM-ის მოტოციკლების ავტორიზებული სერვისი, ჰასკი კლუბის წევრობა, მოტოფარეხი და უფრო მეტიც – სათავგადასავლო ტურები, მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის დაფუძნების იდეა 2015 წელს გაჩნდა. 5000კვ.მ. მოედნის მოტოკლუბისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა იდეის ავტორებმა საკუთარ თავზე აიღეს და სპეციალურად მოტანილი ქვებით, მორებით, სხვადასხვა კონსტრუქციის მონტაჟით, მოტოციკლების, ტანსაცმლისა და აქსესუარების შოურუმთან ერთად, მოტოტრეკიც გამართეს: ენდურო-კროსისა და ბალანსის ტრეკები.როგორც Husky Motopark-ის გუნდის წევრები ირწმუნებიან, მათ აქვთ კომპეტენცია, საქართველოში, მოტოკულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ და რაც მთავარია, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
„ჰასკი პარკს“ შეუძლია, დააკმაყოფილოს როგორც პროფესიონალი ბაიკერების მოთხოვნები, ისე იმ ადამიანების ინტერესებიც, რომლებსაც მოტოციკლის მართვის გამოცდილება არასდროს ჰქონიათ, მათ შორის, ბავშვებისაც.
მაგალითად, ჰასკის სკოლაში შეგიძლია, ისწავლო და განავითარო მოტოციკლის მართვის შესაძლებლობები ნებისმიერ დონეზე: A – დამწყები კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად მოემზადო; ასევე, ოფ-როუდ/ენდუროგაკვეთილებს დაესწრო და მოტოს მართვა მოყვარულ თუ პროფესიონალურ დონეზე შეისწავლო. თითოეული კატეგორიის შემთხვევაში, შეხვედრების ოდენობა და ფასი განსაზღვრულია, თუმცა მოტოსკოლა, სურვილის მიხედვით, ინდივიდუალურ სწავლებასაც ერგება (დეტალები ნახეთ ბმულზე).
სკოლაში საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვით დაწყებული, მოტოციკლის სწორად მართვით დასრულებული, ყველაფერი კომპლექსურად ისწავლება. და ამ მრავალშრიან მიდგომას ცხადყოფს ისიც, რომ Husky Motopark-ში თავმოყრილია ყველა ის საჭირო ინტელექტუალური თუ ტექნიკური რესურსი, რომელიც სფეროს სწორად წარმოჩენასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
მაგალითად, როგორც დავით კიკალიშვილი ამბობს, ორთვლიან მოტორიან ტრანსპორტს პოტენციალი აქვს, სრულფასოვანი ავტოსაგზაო გადაადგილების საშუალება გახდეს. ეს კი, თავის მხრივ, იმის ადეკვატურ გააზრებას მოითხოვს, რომ კონკრეტულად, ამ ტრანსპორტის – მოტოციკლის მხოლოდ კარგად მართვა არ ნიშნავს პასუხიმგებლობის აღებას საკუთარ თავსა და სხვებზე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტექნიკურად გამართული მოტოციკლი, სწორად შერჩეული უსაფრთხოების ეკიპირება – სერტიფიცირებული აღჭურვილობა: ჩაფხუტი, ქურთუკი, ზურგის დაცვა, ჯავშნები და დაცვის სხვა საშუალებები, რა თქმა უნდა, ქალაქში საგზაო წესების გათვალისწინებით მოძრაობასთან ერთად.
აქვე, „სერტიფიცირებულ აღჭურვილობაზე“ რომ შევჩერდეთ – დავით კიკალიშვილის თქმით, რამდენიმე მსოფლიო სტანდარტის ბრენდია – ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელთა დამცავი საშუალებებით აღჭურვაც მინიმუმამდე ამცირებს ფიზიკური ზიანის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, არასერტიფიცირებული დამცავი საშუალებების გამოყენებით, რისკის ქვეშ დგება ბაიკერის უსაფრთხოება.
„ჰასკი პარკის“ როლი, ამ პროცესში კი ასეთია:
ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შოურუმში გვესტუმროს, სადაც მსოფლიო მასშტაბის ტოპბრენდებია წარმოდგენილი და მაქსიმალურად დავეხმარებით, სწორი არჩევანი გააკეთოს როგორც მოტოციკლის, ისე დამცავი აღჭურვილობის კუთხით, თან გარანტიაც ჰქონდეს, რომ გადადგილებას უსაფრთხოდ შეძლებს, – განმარტავს დავით კიკალიშვილი.
Husky Motopark-ის ერთ-ერთი მიმართულება სათავგადასავლო ტურების მოწყობაა, რომლითაც ქართველებთან ერთად, ევროპელი ტურისტებიც ხშირად სარგებლობენ და აღტაცებულები რჩებიან ხოლმე ჩვენი ქვეყნის ექსტრემალური შესაძლებლობების აღმოჩენით.მოტოპარკი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან და გარდა ამისა, ის ფაქტიც, რომ Husky Motorpark KTM-ის, GASGAS-ისა და Husqvarna-ს მოტოციკლების ოფიციალური წარმომადგენელია, მის მიმართ, უცხოელების ნდობასაც ზრდის და შესაბამისად, მათი მოზიდვა-დაინტერესებაც ექსტრემალური ბარიერების გადალახვასთან აღარაა დაკავშირებული.
დავით კიკალიშვილი გვიზიარებს, რომ სამომავლოდ, კომპანიას სურს, აზერბაიჯანსა და სომხეთში საკუთარი წარმომადგენლობები შექმნას და ასევე, ბათუმსა და ქუთაისში Husky Motopark-ის ფილიალიც გახსნას.
თითქმის ხუთწლიანი ფუნქციონირების შედეგად, კომპანიამ არაერთი შეჯიბრის ორგანიზება შეძლო, სადაც საერთაშორისო დონის რაიდერები იყვნენ ჩართულები და „ჰასკი პარკი“ ამ კუთხითაც აპირებს განვითარებას.
აქვე, იმასაც აღვნიშნავ, რომ შეჯიბრებებში მონაწილეობა პროფესიონალებთან ერთად, მოყვარულებსაც შეუძლიათ და ეს კიდევ უფრო აზარტულს ხდის ამ სპორტს, რომელსაც უნარი აქვს, თავდავიწყებით გაიტაცოს ადამიანი.
Husky Motopark-ს, ასევე, სურს, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობით, ქართველმა ბაიკერებმაც გამოიჩინონ თავი და ხელი შეუწყონ საქართველოს მონიშვნას მოტოსპორტის გლობალურ რუკაზე.
ავტორი: თიკა გეგენავა