ტექნიკის გამოყენებით, რომელსაც პარამეტრულ ან გენერაციულ დიზაინს უწოდებენ, ავტომობილების დიზაინერმა აიუბ აჰმედმა შექმნა HV-001 ავტომობილი, რომელიც 3D ალგორითმებისა და სპეციალური პირობების გათვალისწინებით, ცდილობს, ბუნებრივი გარეგნობის ავტომობილს დაამსგავსოს. დიზაინის იდეა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩონჩხებითაა შთაგონებული, რადგან ბუნებრივი ევოლუცია ასე მუშაობს – ის ქმნის ჩონჩხებს გარკვეული პირობების საფუძველზე. ადამიანებს ძლიერი ძვლები აქვთ იმისთვის, რომ იმოძრაონ, ფრინველებს მსუბუქი ჩონხი აქვთ, რათა მარტივად იფრინონ, ხოლო თხებს ძლიერი თავის ქალა აქვთ.

HV-001-ის უნიკალური ექსტერიერი ცდილობს მიაღწიოს სიმტკიცეს და აეროდინამიზმს რაც შეიძლება ნაკლები მასალის გამოყენებით, რის შედეგადაც იქმნება ღია სივრცეები, სადაც მასალა არ არის საჭირო, და დამაკავშირებელი სვეტები იმ ადგილებში, სადაც გრავიტაცია, ფიზიკური დატვირთვა და მექანიკური წნევა დიდია. რაც შეეხება ზედაპირებს, HV-001 ირჩევს თითქმის ბადისებრ ზედაპირს, რომელსაც აქვს საკუთარი ხვრელები ან სივრცეები არასაჭირო მასალის მოსაშორებლად და მანქანის წონის შესამცირებლად, რაც მას უფრო ენერგოეფექტურს გახდის.

მანქანის უნიკალური ჩონჩხის დიზაინი ფორმულა 1-ის პარფიუმერიის ბოთლებს ჰგავს, რომლებიც 2019 წელს როს ლავგროვმა შექმნა, ასევე პარამეტრული დიზაინის გამოყენებით. ამ ავტომობილს აქვს ორგანული 3D-პრინტიანი ბორბლები, ხოლო მისი სალონი მთლიანად გენერაციულ დიზაინზეა დაფუძნებული, ამიტომ როცა დასაწყისში ალგორითმები ვახსენეთ, არ გვიხუმრია.

ასეთ დიზაინს სამი ძირითადი პარამეტრი აქვს: ძალა, მინიმალური მასა და აეროდინამიკა. მანქანის კონტურებს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რა გზას გადის ჰაერი მასში მოხვედრისას. მას აქვს ჰაერის გამტარი ადგილები, რათა მაქსიმალური სიჩქარის აკრეფის დროსაც კი სიგრილე შეინარჩუნოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მანქანის დიზაინი კონცეპტუალურია და არაბი დიზაინერის, აიუბ აჰმედის ერთ-ერთ სავარჯიშოს წარმოადგენს.











