ჰიპერტენზია დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს და ეს საყურადღებო ამბავია, რადგან პირველ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს გულის დაავადებებისა თუ ინფაქტისთვის. დემენციისა და კოგნიტიური დაქვეითების რისკებსაც ზრდის. აღნიშნული დაავადებები კი გარდაცვალების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორის გვხვდება. სტატისტიკაც არც ისე კარგია — სამწუხაროდ, 4-დან მხოლოდ ერთი ადამიანი ახერხებს მაღალი წნევის კონტროლს.
სწორედ არსებული ვითარება დაედო საფუძვლად American Heart Association and the American College of Cardiology-ის ახალ სახელმძღვანელო წესებს და პროცესში ბოლო 10 წლის კვლევებიც გამოიყენეს. წინა გაიდლაინი 2017 წელს შეიმუშავეს, თუმცა მას შემდეგ სამედიცინო სფერომ ბევრი გაიგო ჰიპერტენზიაზე…
შედეგად, უახლეს სახელმძღვანელო წესებში ჰიპერტენზიის განმარტება შეიცვალა — კრიტერიუმები მეტად მკაცრია და წნევაც იმაზე დაბალი, ვიდრე მანამდე. ახლა ჰიპერტენზია „სისტოლური“ და „დიასტოლური“ წნევის მიხედვით განისაზღვრება. სისტოლური არტერიული წნევა ზედა რიცხვია, რომელიც სისხლძარღვების წნევას წარმოადგენს, როცა გული სისხლს ორგანიზმს აწვდის, ხოლო დიასტოლური ქვედა ციფრია. რაღა თქმა უნდა, ორივე რიცხვი მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის სიმძიმის და მისი მართვის გზების განსასაზღვრად.
ახალ გაიდლაინში პრეჰიპერტენზიის ტერმინს აღარ ვხვდებით, რომელიც 120-139 და 80-99 წნევით განისაზღვრებოდა. ახლა პაციენტები კლასიფიცირდებიან, როგორც „მომატებული არტერიული წნევის“ მქონე, თუ მათი არტერიული წნევა 120-129/80-ზეა, ხოლო პირველი სტადიის ჰიპერტენზიის მქონედ მაშინ, როცა მათი არტერიული წნევა 130-139/80-89-ია. 140/90 უკვე მეორე სტადიის ჰიპერტენზიად მიიჩნევა, ხოლო 180/120-ზე ან უფრო მაღალი, ჰიპერტენზიის კრიზისად.
ექიმს ახლა სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა სთხოვოთ ჰიპერტენზიის დადგენა, შემდგომ კი მკურნალობის განსაზღვრა. მნიშვნელოვანია, მიიღოთ რჩევები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ყოველდღიური რუტინა, კვების რაციონი, ვარჯიში და ჯანსაღი ძილის ჩვევები.
რისკების კალკულატორსაც გვთავაზობენ, რომელსაც PREVENT (Predicting Risk of Cardiovascular Disease EVENTS) ეწოდება — ასე პაციენტის გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ინფაქტის ზოგადი რისკების განსაზღვრა ხდება. როგორც ამბობენ, ამ ხელსაწყოს არსებობა მნიშვნელოვანი წინსვლაა პერსონალიზებული სამედიცინო დახმარების მიღების კუთხით, რადგან ინდივიდისთვის უნიკალურ რისკ-ფაქტორებს მოიცავს და მათზე მორგებული მკურნალობის მეთოდის შემუშავების შესაძლებლობას გვთავაზობს.
რჩევები ჰიპერტენზიასთან გასამკლავებლად
- შეზღუდეთ ალკოჰოლი
ახალი გაიდლაინებით ალკოჰოლის შეზღუდვას ურჩევენ ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებს, რადგან აღნიშნული წნევას ზრდის. 2023 წელს თითქმის 20 000 ადამიანზე ჩატარებულმა შვიდი კვლევის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ სისტოლური არტერიული წნევა დაახლოებით 1-ით იწევა ყოველ მიღებულ 10 გრამ ალკოჰოლზე — შესაძლოა, ეს მაჩვენებელი დიდად არ გეჩვენებოდეთ, მაგრამ როცა ისეთ არაჯანსაღ და სარისკო ქმედებებს უერთდება, როგორებიცაა ჭარბი წონა, არასაკმარისი ძილი, ფსიქოლოგიური სტრესი და მოწევა, გულის დაავადებების, ინფაქტისა და დემენციის რისკი იზრდება.
თუ ძველ გაიდლაინში ალკოჰოლის აკრძალვა არ ყოფილა, ახლა ვკითხულობთ, რომ ქალებმა დღეში 1 ჭიქაზე მეტი, ხოლო კაცებმა 2 ჭიქაზე მეტი არ უნდა მიიღონ.
- დააბალანსეთ კვების რაციონი
როგორც ამბობენ, კვების რაციონი დიდად ზემოქმედებს წნევაზე, ამიტომ მეცნიერები ყველა მოზარდს, განურჩევლად ჰიპერტენზიისა, დღეში 2300 მილიგრამ მარილზე, ანუ 1 ჩაის კოვზ მარილზე ნაკლების მიღებას ურჩევენ, უფრო იდეალური კი დღეში 1500 მილიგრამი მარილის მიღებაა. ახალი სახელმძღვანელო წესებით DASH-ის (Dietary Approaches to Stop Hypertension) დიეტას ურჩევენ პაციენტებს. ეს მოიცავს ხილს, ბოსტნეულს, ნაკლებად ცხიმიან ან უცხიმო რძის პროდუქტებს და მარცვლეულს — აღნიშნული წნევას 10-ით ამცირებს.
- ივარჯიშეთ რეგულარულად
ფიზიკური აქტივობის სარგებელსაც აჩვენებენ — საშუალოდ აერობიკის ვარჯიშების ყოველი დამატებითი 30 წუთით სისტოლური არტერიული წნევა 2-ით, ხოლო დიასტოლური 1-ით მცირდება, ყველაზე დიდ კლებას კი ჰიპერტენზიის მქონე ადამიანები კვირაში 150-წუთიანი დინამიკური ვარჯიშით მიიღებენ.
ამასთან, რეგულარული ვარჯიში უფრო დიდხანს ცხოვრებას შეგაძლებინებთ და გულსისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტისა და დემენციის რისკებსაც შეამცირებს.
American Heart Association and the American College of Cardiology-ის 2025 წლის ახალ გაიდლაინს ამ ლინკზე ნახავთ.













