“10 რესტორანი, გასაოცარი სამზარეულოთი” – ასე ჰქვია იმ ტოპ ათეულს, რომელშიც ქართული სამზარეულო მოხვდა. ამსტერდამის ჟურნალის I amsterdam ყურადღების ეპიცენტრში, სხვა 9 რესტორანთან ერთად, ქართული რესტორანი “ბატონი ხინკალი” მოხვდა. ჟურნალი მკითხველს ურჩევს, გაიმრავალფეროვნოს თავისი ყოველდღიურობა სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოთი, დატკბეს არსებულით და აღმოაჩინოს ახალი.
“Museum-ის კვარტალში აღმოაჩენთ ერთადერთ ქართულ რესტორანს ამსტერდამში: “ბატონი ხინკალი”. ამ ადგილს, რომელმაც ფუნქციონირება პატარა ობიექტით დაიწყო, ახლა ქართველი კლარნეტისტი მართავს. რესტორანს სახელწოდება ქართული პელმენის – ხინკლის მიხედვით შეერჩა. თუმცა, რესტორანში აღმოაჩენთ ლობიანსაც და ფელამუშსაც. ყველაფერი ახალია, სახლში დამზადებული, ხელმისაწვდომი და ძალიან გემრიელი” – ნათქვამია სტატიაში.
სხვა სამზარეულებს შორისაა: ტაივანის, პერუვიური, ეთიოპიური, ნიგერიული, კორეული, სიცილიური, სკანდინავიური, ავღანური და ტიბეტური ტრადიციული რესტორნები.