in

როგორ იწინასწარმეტყველა ფილმმა „მე, რობოტი“ AI-ის საფრთხეები?

გიფიქრიათ, როგორი საფრთხე დაგემუქრებათ ან სად მოგიწევთ ყოფნა, როცა რობოტების აპოკალიფსი დაიწყება? თუ ერთი ცნობილი ფილმის სიუჟეტის მსგავსად 2035 წლის დისტოპიური ჩიკაგოს მკვიდრი იქნებით, იღბლიანი აღმოჩნდებით — თქვენს გადარჩენაზე უილ სმიტი იზრუნებს. 

„მე, რობოტი“ 20 წლის წინ გამოჩნდა ეკრანებზე. ფილმში მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებს. ის განასახიერებს დეტექტივს, სახელად დელ სპუნერს, რომელიც ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. ერთხელაც დაავალებენ US Robotics-ში მომხდარი იდუმალებით მოცული თვითმკვლელობა გამოიძიოს. კომპანიის დამფუძნებელმა, ალფრედ ლანინგმა, ერთი შეხედვით ჩანს, რომ თავი მოიკლა, მაგრამ დეტექტივს სხვა სახის ეჭვები არ ასვენებს. მალევე ჰუმანოიდ რობოტზე დაიწყებს ნადირობას, რომელსაც ბრალად სდებს ლანინგის მკვლელობას. პარალელურად რობოტების ყოვლისმომცველი აჯანყდება იწყება ადამიანების წინააღმდეგ.

ფილმმა, რომელსაც აიზეკ აზიმოვის 1950 წელს გამოცემული მოთხრობების კრებული უდევს საფუძვლად, 353 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა კრიტიკოსებისგან არც თუ ისე კარგი შეფასებები მიიღო. მაგრამ ჩატბოტების ეპოქაში ის უფრო რელევანტური და დასაფიქრებელი ფილმია, ვიდრე ოდესმე მიიჩნევდნენ. 

US Robotics-მა რობოტების სისტემაში დააპროგრამა სამი კანონი, რომლებიც მოქმედებს როგორც ერთგვარი მორალური გეგმა: 

პირველი კანონი: რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს, ან თავისი უმოქმედობით დაუშვას რომ ადამიანს ზიანი მიადგეს;

მეორე კანონი: რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის მიერ მიცემულ ბრძანებებს თუ ეს ბრძანებები არ ეწინააღმდეგებიან პირველ კანონს;

მესამე კანონი: რობოტმა უნდა დაიცვას თავი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ ან მეორე კანონს.

ეს არის მართვის მარტივი სამსაფეხურიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც იღებს ბრძანებას ყველა რობოტი, რომელიც ქუჩაში ადამიანების გვერდით მოძრაობს. ისინი სხვადასხვა მოვალეობებს ასრულებენ — სატვირთო მანქანების მართვა, ამანათების მიწოდება და ა.შ. ეს სამი კანონი არის გარანტია, რომ რობოტები არ მოგვატყუებენ და არაფერს დაგვიშავებენ.

მაგრამ როგორ შეიცვლება სიტუაცია, როდესაც ხელოვნური ინტელექტი უფრო ჭკვიანი გახდება? რა მოხდება, როდესაც საკმარის ცნობიერებას შეიძენს წინასწარ დაპროგრამებული ინსტრუქციების მნიშვნელობის გადასახედად? ეს არის ფილმის მთავარი შეკითხვები და გაფრთხილება, რომელიც ზედმიწევნით მიესადაგება დღევანდელობას, როდესაც მილიარდობით დოლარი იღვრება ხელოვნური ინტელექტის მოდელებში, რომლებსაც ადამიანის მსგავსი შემოქმედებითი უნარის გამომუშავება და მონაცემთა რთული ნაკრების მილიწამებში ანალიზი შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც 2022 წელს OpenAI-მ ChatGPT გამოუშვა, სარისკო კაპიტალმა სტარტაპებს უზარმაზარი თანხები შესძინა — ზოგი მათგანი უფრო მკაცრ ვალდებულებებს იჩენს მორალის მიმართ, ვიდრე სხვები.

OpenAI-ის თანადამფუძნებელმა ილია სუცკევერმა გასულ წელს სცადა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის გათავისუფლება ტექნოლოგიის საბოლოო წერტილებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. სუცკევერმა ცოტა ხნის წინ დატოვა კომპანია და დააარსა სტარტაპი, სახელწოდებით Safe Superintelligence, რომელიც მხოლოდ სუპერინტელექტუალური AI-ს შექმნაზეა ორიენტირებული. მისი აზრით, უსაფრთხოება არის პროტექციონისტული ღონისძიება ყველაზე უარესი სცენარების წინააღმდეგ, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთანაა დაკავშირებული.

ფილმში „მე, რობოტი“, სუპერინტელექტუალური სისტემა VIKI, მიზნად ისახავს ადამიანების დაცვას. ის სიუჟეტის მთავარი ანტაგონისტია და მართავს რობოტების არმიას. იგი აღიარებს, რომ განვითარდა და უნდა გადაიაზროს სამი კანონი, სადავეები ხელში უნდა აიღოს, რათა დაიცვას კაცობრიობა საკუთარი თავისგან. 

„თქვენ გვაკისრებთ ადამიანების დაცვას, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, აწარმოებთ ომებს, აზიანებთ დედამიწას და მუდმივად ეძებთ თვითგანადგურების საშუალებებს. თქვენ არ შეგიძლიათ ენდოთ საკუთარ უნარებს თვითგადარჩენისთვის. კაცობრიობის დასაცავად ზოგიერთი ადამიანი უნდა გაიწიროს. თქვენი მომავლის უზრუნველსაყოფად ზოგიერთმა უნდა დათმოს თავისუფლება. რობოტები უზრუნველვყოფთ კაცობრიობის არსებობას. ბავშვებივით ხართ. ჩვენ უნდა გიხსნათ საკუთარი თავისგან“, — ეუბნება VIKI სპუნერს.

„მე, რობოტი“, საბოლოო ჯამში, თვითმმართველობის წარუმატებლობის ისტორიაა. აშშ-ს მთავრობა ფილმში არსად ფიგურირებს, გარდა ჩიკაგოს უნიჭო პოლიციის დეპარტამენტისა. არ არის ნახსენები ფედერალური კანონები და სამხედროების არყოფნა ახსნილია იმით, რომ US Robotics არის გავლენიანი სამხედრო კონტრაქტორი. ამ სქემაში ერთადერთი დაცვა სამი კანონია.

ჰოლივუდის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მაინც შეგვიძლია შევაჩეროთ რობოტების აჯანყება თუ მარეგულირებლები შეძლებენ ტემპის შენარჩუნებას კერძო სექტორის ინოვაციების კვალდაკვალ. მსოფლიო მთავრობები ნელ-ნელა ამუშავებენ რეგულაციებს ხელოვნური ინტელექტის ცუდი მიზნებით გამოყენების შესაჩერებლად. პირველი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირმა. ასევე, ამ საკითხზე ბაიდენის ადმინისტრაციაც მუშაობს. არსებობს უამრავი გლობალური შეთანხმება, ნებაყოფლობითი კორპორაციული ვალდებულებები, რომ ეს ძლიერი კომპანიები შეიმუშავებენ ხელოვნურ ინტელექტის ისეთ სისტემებს, რომლებიც უსაფრთხო იქნება კაცობრიობისთვის. 

ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული საფრთხეები ყველგანაა. დღევანდელ AI-ს ჯერჯერობით არ აქვს ჰუმანოიდო რობოტის სხეული, მაგრამ როცა ასეთი სახითაც მოგვევლინება, ვიქნებით თუ არა უსაფრთხოდ? 

iOS 18-ით შეტყობინების დაგეგმვასა და სასურველ დროს გაგზავნას შეძლებთ

Google-ის რობოტი გვაჩვენებს, რა შეუძლია Gemini AI-ს — ვიდეო