რას ხედავთ, როცა სახლზე ფიქრობთ? შენობას, საძინებელს თუ უბრალოდ რაღაცას გრძნობთ? ეს არის თემა, რომელსაც ილუსტრატორი Maiyashu თავის ახალ პროექტში იკვლევს — I Will Always Be Here.
68-გვერდიანი ეს უსიტყვო სურათებიანი წიგნი ადამიანის მჭიდრო ურთიერთობას ასახავს მშობლიურ ქალაქებთან. განსაკუთრებით საინტერესოა იმ პერსონაჟების შემთხვევა, რომლებიც ვეღარ ბრუნდებიან თავიანთ სახლებში… მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, „სახლი“ მაინც სამუდამოდ მათთან რჩება და სიცოცხლის ბოლომდე თან ატარებენ არარსებულ შენობებს. ყველა ეს იდეა ფანტასტიკური რეალობის ჭრილშია წარმოჩენილი.

წიგნის ფურცლებზე პატარა გოგონას სამწლიანი მოგზაურობაა წარმოდგენილი. ის ჯადოსნურ ქარხანას იკვლევს, რომელიც მშობლიურ ქალაქში გამოჩნდა. „ყოველთვის ღამღამობით სტუმრობდა, ვიდრე ოჯახი სხვა ქალაქში გადასვლას გადაწყვეტდა. მას შემდეგ გოგონას ცხოვრება სხვა გზით წავიდა, 50 წლის შემდეგ კი კვლავ ქარხანაში ბრუნდება… ეს ძალიან ემოციურია“, — განმარტავს ილუსტრატორი.

გზებსა და მატარებლის ლიანდაგს რომ მიჰყვება ძველ მშობლიურ ქალაქში, პატარა გოგონას — ახლა უკვე ქალს — ხვდება ნანგრევები, სადაც ოდესღაც ქარხანა იდგა. თუმცა იმის ნაცვლად, რომ იმედგაცრუება ეგრძნო, ნოსტალგიურ ემოციებში ეშვება. სწორედ აქ ჩანს ძველი კავშირების ძალა, რომლებიც სამუდამოდ რჩება ჩვენში.


















