in

ია დარახველიძე – #პირველისამსახური

თეატრალურში კლიპებისა და რეკლამების სარეჟისოროზე ჩავაბარე. პირველივე კურსზე მოვხვდი ისეთ გარემოში სადაც ყველა დამწყები თუ შემდგარი რეჟისორი ისურვებდა მუშაობას – ABK სტუდიაში. მამუკა, მერაბი, არჩილი, მარინე, მიშა, დავითი, ავთო, გოგა (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) – ეს ადამიანები დღე და ღამე გადასაღებ მოედანზე იყვნენ და ისე მოხდა, რომ მეც მათ შევუერთდი. ყველა 10 წლით დიდი მაინც იყო ჩემზე. ყოველი მათგანი გამოცდილი და პროფესიონალი იყო თავისი საქმის. ყველაფერი ძალიან განსხვავებული და ფერადი იყო. ბევრი ახალი ინფორმაცია, პასუხისმგებლობები, გამოწვევები. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. დიდი თავგადასავალი მელოდა წინ და ეს ვიცოდი!
რა მევალებოდა მე? რეჟისორის ასისტენტობა შემომთავაზეს, რა თქმა უნდა, სტაჟიორად. სიმართლე გითხრათ, ხელფასზე არც მიფიქრია, ისეთ სიამოვნებას ვიღებდი სტუდიაში ყოველი მისვლისგან.

მახსოვს, ფილმზე ვმუშაობდით, რაც საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. ის კვირა საერთოდ ვერ მივედი უნივერსიტეტში. პავილიონში რამდენიმე სცენას ვიღებდით, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელს კოსტიუმებისა და რეკვიზიტების შერჩევასა და მოძიებაში ვეხმარებოდი. მახსოვს, რომ მოვრჩით, შამპანური გავხსენით და ყველამ შევსვით დასრულების სადღეგრძელო. ვიშლებოდით, სახლებში უნდა დავერიგებინეთ, როცა პროდიუსერი მოვიდა და პატარა ბონუსი მომცა. არ ველოდებოდი, უკან დაბრუნებაზეც კი გავიფიქრე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ დამსახურებულად მოვიპოვე ჩემი პირველი ხელფასი.

მას შემდეგ, 18 წელი გავიდა და ისევ ამ ინდუსტრიაში ვაგრძელებ მუშაობას. პირველმა ნაბიჯებმა და გამოცდილებამ საკმაოდ დიდი სურვილი მომცა, კვლავაც ამ კიბით მევლო. დღემდე მახსოვს ყველაფერი, რამაც წლების მერე გამიძლიერა სურვილი, მსგავსი გარემო მეც შემექმნა. მჯერა, ვისაც მაღლა უნდა ასვლა, ის კიბესაც გამოიგონებს. ასე გადავწყვიტე დამეარსებინა ჩემი კომპანია და ჩემი საკუთარი სივრცე შემექმნა, სადაც ადამიანებს ამ კიბეზე ასვლის სურვილს გავუჩენდი.

ია დარახველიძე – BRID სტუდიის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი

ვან გოგის “ვარსკვლავებიანი ღამე”, როგორც ლეგოს 3D კონსტრუქცია

როგორ ზრუნავს CIU სტუდენტთა დასაქმებაზე?!