in ,

ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინერი – ია ქუთათელაძე

ია ქუთათელაძე“მინდა, ხალხმა მოიხმაროს საქართველოში დამზადებული პროდუქცია.  როცა ვქმნი პროდუქტს, ჩემი მთავარი ამოცანა არის შემდეგი : იყოს ესთეტური, სადა, მარტივი. თუმცა, აუცილებლად ფუნქციური, აქსესუარი არ უნდა ფუჭდებოდეს გამოყენებაში. პირიქით, დეტალები იმდენად მარტივად უნდა იყოს მოწყობილი, რომ ასეთივე მარტივი იყოს მისი გამოყენება” – ამბობს დიზაინერი ია ქუთათელაძე.

ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინს 2009 წლამდე იტალიაში, ფლორენციაში ვსწავლობდი. სახლისა და სხვა ინტერიერის დიზაინში, ავეჯის გარდა მოიაზრება სხვადასხვა აქსესუარები, მათ შორის ჭაღები და ა.შ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სულ ჩემს სფეროში ვარ, კერძო შეკვეთებზე ვმუშაობდი, ძირითადად.

წელს აპრილში მქონდა გამოფენა მილანში. სწორედ იქ გავიცანი ”ახალი ნათების” დირექტორი და იქვე გაჩნდა ჩვენი თანამშრომლობის იდეა. ჩვენთან ასე თუ ისე, განვითრებულია ინტერიერის დიზაინი. რასაც ვერ ვიტყვით პროდუქტის დიზაინზე. თითქმის არც კი იწარმოება მსგავსი აქსესუარები. მინდა, ხალხმა მოიხმაროს საქართველოში დამზადებული პროდუქცია.

თქვენ ქმნით დიზაინს და შემდეგ სად მზადდება?

მყავს გუნდი, რომელთანაც დიდი ხანია ვმუშაობ. მე ვქმნი დიზაინს. ვაკეთებ ტექნიკურ ნახაზებს, შემდეგ კი 3D-ში მის ვიზუალიზაციას. შემდეგ კი უკვე ეს ადამიანები უკეთებენ წარმოებას. სამწუხაროდ, საქართველოში მუდმივად არის იმის პრობლემა, დიზაინერი აკეთებს ერთს, წარმოებისას აღმოჩნდება, რომ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც ჩაფიქრებული იყო. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვარგოთ დიზაინი და ტექნიკური მხარე ერთმანეთს და ქართულ რეალობას და მივიღოთ ჩვენთვის საუკეთესო შედეგი.

რა პროდუქციას სთავაზობთ ამ ეტაპზე მომხარებლებს და რამდენად დიდია მოთხოვნა?

ახლა გვაქვს პირველი კოლექცია. მინდა, გითხრათ, მოთხოვნა არის. ორი დღეა, რაც გამოვფინეთ და რამდენიმე უკვე გაიყიდა. ამჟამად არის ტორშერები, მასიური ჭაღები და ერთიანი სანათები. გვინდა მომდევნო კოლექცია უფრო მრავალფეროვანი იყოს.

რა მასალისგან მზადდება?

ძირითადად, ეს არის ხე – მუხა. ასევე ვიყენებთ ლითონს. კომბინაციისას ხეს და პლასტმასს.

მათი ფასი იაფია ”ახალი ნათების” სხვა პროდუქციასთან შედარებით? ვისზეა გათვლილი?

თავიდან, როცა ვიწყებდი, შევისწავლე საბაზრო ღირებულება. ახლა რა კოლექციაც წარვადგინეთ, მასზე ბევრად მაღალი, თუმცა, მასზე დაბალი ფასებიც არის იგივე ”ახალ ნათებაში”. ეს აქსესუარები კეთდება ხელით, ხელით მუშავდება დეტალები. შესაბამისად, ამის საფასურიც ემატება. თუმცა, საბოლოოდ შემიძლია გითხრათ, რომ საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. მინდა ასეც დარჩეს. რეალურად მირჩევნია, ბევრ ადამიანს ჰქონდეს ჩვენი, საქართველოში დამზადებული პროდუქცია.

პროდუქტის წარმატებას, ძირითადად, მისი ხარისხი უზრუნველყოფს. გასაკუთრებით თუ საუბარია ინტერიერის აქსესუარებზე. ზოგადად, ჩემი სუბიექტური აზრით, ჩვენი პროდუქცია უფრო ”ნიშურია”. არ არის მორგებული მასაზე. ეს უფრო მათთვისაა, ვინც უპირატესობას სიმარტივეს ანიჭებს და არ მოსწონს გადატვირთული აქსესუარები. თუმცა, ამავე დროს უნდა იყოს მუდმივად ფუნქციური.

პრინციპში, როცა ვქმნი პროდუქტს, ჩემი მთავარი ამოცანა არის შემდეგი: იყოს ესთეტური, სადა, მარტივი. თუმცა, აუცილებლად ფუნქციური, აქსესუარი არ უნდა ფუჭდებოდეს გამოყენებაში. პირიქით, დეტალები იმდენად მარტივად უნდა იყოს მოწყობილი, რომ ასეთივე მარტივი იყოს მისი გამოყენება.

მომავალ გეგმებზე  რას გვეტყვით?

მინდა გავაკეთო ”ონლაინ” მაღაზია, სადაც ჭაღების, სანათების, ტორშერების გარდა იქნება სხვა ხის, კერამიკის აქსესუარები. მაგალითად თეფშები ან სხვა ნებისემიერი რამ, რაც, შესაძლოა, ინტერიერის პროდუქტად განვიხილოთ. უფრო შორეულ გეგმებს რომ შევეხოთ, ეს საკუთარი ბრენდის შექმნაა.

 

უფასო ყავა დამთქნარების სანაცვლოდ

მარკეტერი თემა

პოლიტმარკეტინგი: სიმართლე მავნებელია?