3
Sep
2018

წინ, კვლავ ავტოინდუსტრიაში! – ია მოდებაძის ტრანსფერი GT Motors-ში

3 Sep 2018

GT Motors-ს, რომელიც ოთხ საავტომობილო ბრენდს წარმოადგენს, მარკეტინგის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ია მოდებაძისთვის ეს სფერო კარგად ნაცნობია – კარიერა იბერია ბიზნეს ჯგუფში დაიწყო, რომელიც Volkswagen-ს, Audi-ს, Skoda Auto-ს, Mitsubishi Motors-ს, Kia Motors-ს, Renault-სა და Peugeot-ს წარმოადგენდა საქართველოში. გასულ წელს m2-ის მარკეტინგის გუნდში გადაინაცვლა, თუმცა, 1 წლის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა საავტომობილო ინდუსტრიას და GT Motors-ში შემავალი ბრენდების (Land Rover, Jaguar, Ford, Suzuki) მარკეტინგზე იქნება პასუხისმგებელი. მარკეტერი იას დეტალების შესახებ ესაუბრა.

M: სამშენებლო კომპანიიდან ისევ ავტოინდუსტრიაში – რამ განაპირობა ასეთი ცვლილება?

პრიალა, ლამაზი, სწრაფი, პრაქტიკული, კომფორტული, სანდო, უსაფრთხო, ახალი მანქანები! ბოლო 1 წელი ვიმუშავე ძალიან კარგ, წარმატებულ და აქტიურ სამშენებლო კომპანიაში. ეს გამოცდილება ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. თუმცა, ახალი მანქანები ის სფეროა, რომელში მუშაობისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ არა მხოლოდ მუშაობის პროცესისგან, არამედ უშუალოდ იმ პროდუქტისგან, რომელსაც კომპანია ყიდის და ამ პროდუქტთან ყოველდღიური შეხება მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

M: რა შევა შენს ფუნქციებში GT Motors-ში მუშაობისას?

GT Motors-ში შედის რამდენიმე საერთაშორისო საავტომობილო ბრენდი: Land Rover, Jaguar, Ford, Suzuki – მე კი ამ ბრენდების მარკეტინგის ხელმძღვანლი ვარ. შესაბამისად, ჩემს მოვალეობებში შედის ყველა იმ მარკეტინგული ქმედების დაგეგმვა და განხორციელება, რაც ამ ბრენდების საქართველოს ბაზარზე სწორ მუშაობას უზრუნველყოფს.

M: სფერო შენთვის ნაცნობია, თუმცა რა სპეციფიკურ განსხვავებას ხედავ სხვა საავტომობილო ბრენდებისგან, ვისთანაც გითანამშრომლია?

სხვაობა ბევრია: მწარმოებელი ქვეყანა და შესაბამისად, მუშაობის სტილიც, რაც მთავარია, თვითონ ბრენდები. მაგალითად, Jaguar და Land Rover ძალიან მაღალი კლასის, პრემიუმ ბრენდებია, უახლესი სტანდარტების შოურუმითა და მომსახურებით. Ford უდიდესი ისტორიის მქონე კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიაში. Suzuki კი ძალიან სანდო და გამძლე იაპონური ავტომწარმოებელია, სხვათაშორის, ძალიან მიმზიდველი ფასებით.

M: რა მოლოდინები გაქვს ამ ახალ კარიერულ საფეხურზე?

1 წლით საავტომობილო სფეროდან გამოთიშვამ და შემდეგ ისევ ამ სფეროში დაბრუნებამ სრულიად ახალი კუთხით დამანახა, ზოგადად, სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგული აქტივობები. როდესაც კომპანიაში გარკვეული დროის მანძილზე მუშაობ მოვლენებს შენი სფეროს „შიგნიდან“ უყურებ, ახლა მაქვს შანსი, რომ ამ ყველაფერს „გარედან“ შევხედო და შესაბამისად, უფრო ეფექტური ქმედებები განვახორციელო.

განხილვა