in

იაფი ვერსიის ნაცვლად ახალი იდეა: Honda Super Cub

Honda Super Cub-ის ისტორია იაპონელი კურიერების ყოველდღიური სირთულით იწყება. ომისშემდგომ იაპონიაში მათ სობას, წიწიბურას ატრიის, მომხმარებლამდე მიტანა მოტოციკლით უწევდათ. იმდროინდელი მოდელების მართვას ორივე ხელი სჭირდებოდა, საკვების გადასატანად კი თავისუფალი ხელიც იყო საჭირო. გზების მდგომარეობა საქმეს კიდევ უფრო ართულებდა: პატარა ბორბლები, რომლებითაც ბევრი სკუტერი იყო აღჭურვილი, უსწორმასწორო ზედაპირს ცუდად უმკლავდებოდა.

ამ საჭიროებებზე პასუხად შექმნილი Super Cub 1958 წელს გამოჩნდა. მოგვიანებით მისმა წარმოებამ 100 მილიონ ერთეულს გადააჭარბა და მოდელი ათზე მეტ ქვეყანაში იწარმოებოდა. ადგილობრივი პრობლემის გადასაჭრელად შემუშავებული სატრანსპორტო საშუალება საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წარმატებად იქცა.

Harvard Business Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამოს ვინტერი და ვიჯაი გოვინდარაჯანი Honda-ს მაგალითით ხსნიან, როგორ იქმნება პროდუქტი, რომელსაც სხვადასხვა შემოსავლის, კულტურისა და ცხოვრების წესის მქონე ბაზრებზე შეუძლია დამკვიდრება. მათი შეფასებით, კომპანიები განვითარებად ბაზრებზე შესვლისას ხშირად თავიდანვე მცდარ დაშვებას ეყრდნობიან: ფიქრობენ, რომ მომხმარებლებს მდიდარ ქვეყნებში პოპულარული პროდუქტები სურთ, ოღონდ უფრო იაფად.

დაბალი ფასი მოთხოვნის მხოლოდ ერთი ნაწილია

ავტორები სამ გავრცელებულ მიდგომას გამოყოფენ. კომპანიების ნაწილი პრემიუმპროდუქტს შეძლებულ უმცირესობას სთავაზობს და დანარჩენი ბაზრის გამდიდრებას ელოდება. სხვები არსებულ პროდუქტს ფუნქციებს აკლებენ, რათა ფასი შეამცირონ. მესამე მიდგომა შეთავაზების მცირე, ერთჯერად ულუფებად დაყოფაა.

სამივე შემთხვევაში საწყის წერტილად უკვე არსებული პროდუქტი რჩება. შესაბამისად, ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, რა პირობებში იცხოვრებს და იმუშავებს მისი მომავალი მომხმარებელი. დაბალშემოსავლიან ბაზარზე ფასთან ერთად შესაძლოა გადამწყვეტი იყოს გამძლეობა, შეკეთების საჭიროება, მოხმარების სიმარტივე ან ადგილობრივ ჩვევებთან თავსებადობა.

Honda-ს წინაშეც რამდენიმე მოთხოვნა ერთდროულად იდგა. ახალი მოდელი ჩვეულებრივი დასაქმებულისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, დაზიანებულ გზებზე ემოძრავა და მართვისთვის განსაკუთრებული გამოცდილება არ მოეთხოვა. ამასთან, მისი გამოყენება კურიერების საქმიანობით არ უნდა შემოფარგლულიყო.

როგორ გადაიქცა ყოველდღიური საჭიროება კონსტრუქციულ გადაწყვეტილებად

Super Cub-ში Honda-მ ხელით სამართავი გადაბმულობა ცენტრიფუგული მექანიზმით ჩაანაცვლა, სამსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი კი ფეხით იმართებოდა. ამ გადაწყვეტილებამ მარცხენა ხელით გადაბმულობის მართვის საჭიროება მოხსნა და კურიერების თავდაპირველ პრობლემას უპასუხა.

უსწორმასწორო გზებზე მოძრაობისთვის მოდელს 17-დუიმიანი ბორბლები და წინა და უკანა დაკიდება ჰქონდა. სპეციალურად შექმნილი 50 კუბური სანტიმეტრის ძრავა კომპაქტურ ზომას იმ დროისთვის მაღალ წარმადობას უთავსებდა. წარმოების ხარჯის შესამცირებლად Honda-მ ჩარჩოსთვის ფურცლოვანი ლითონის შტამპვა გამოიყენა, დამცავი საფარი კი პლასტმასის ერთიანი დეტალის სახით დაამზადა.

ხარჯებზე ზრუნვა მხოლოდ წარმოების ეტაპს არ ეხებოდა. მომხმარებელს სჭირდებოდა ტრანსპორტი, რომლის შენარჩუნებაც მუდმივ ტექნიკურ ჩარევას არ მოითხოვდა. საიმედოობის გაუმჯობესებამ Super Cub იმ ადამიანებისთვისაც გამოსადეგი გახადა, რომლებსაც მექანიკის ცოდნა არ ჰქონდათ.

მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩარჩოს ფორმაც: მოდელზე დაჯდომისას ფეხის მაღლა გადატანა საჭირო არ იყო. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო ქვედაბოლოთი ან კაბით გადაადგილებისთვის და სხვადასხვა ბაზარზე ქალებსაც უადვილებდა მის გამოყენებას.

ამ გადაწყვეტილებებში ჩანს Honda-ს მიდგომის მთავარი თავისებურება. ფასი, ტექნიკური შესაძლებლობები და მოხერხებულობა ერთიანად იყო გააზრებული. მომხმარებლის ცხოვრების წესის ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავდა, როგორი კონსტრუქცია უნდა ჰქონოდა პროდუქტს.

იგივე მოდელი, განსხვავებული ადგილი მომხმარებლის ცხოვრებაში

აშშ-ში Super Cub სხვა ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. 1950-იანი წლების ამერიკაში მოტოციკლს ხშირად უხეშ, საფრთხის შემცველ იმიჯთან აკავშირებდნენ. ამ წარმოდგენას პოპულარული კულტურაც ამყარებდა, მათ შორის მარლონ ბრანდოს პერსონაჟი ფილმში „ველური“.

Honda-ს ცნობილმა კამპანიამ, „You meet the nicest people on a Honda“, ყურადღება სხვა ტიპის მომხმარებელზე გადაიტანა. მოტოციკლი ყოველდღიური, მეგობრული და ხელმისაწვდომი გადაადგილების საშუალებად გამოჩნდა. ბრენდი იმ ადამიანებსაც მიმართავდა, რომლებიც თავს ტრადიციულ მოტომოყვარულთა წრეში ვერ ხედავდნენ.

იაპონიაში კურიერისთვის სასარგებლო თვისებები ამერიკელ მომხმარებელსაც გამოადგა: დაბალი ფასი, საიმედოობა და მართვის სიმარტივე სხვადასხვა გარემოში ინარჩუნებდა ღირებულებას. შეიცვალა პროდუქტის წარდგენა და ის წარმოდგენები, რომლებსაც რეკლამა მის გარშემო ქმნიდა.

ამოს ვინტერი და ვიჯაი გოვინდარაჯანი ამას „უკუინოვაციის“ მაგალითად განიხილავენ: რესურსებით შეზღუდული ბაზრისთვის შექმნილი გამოსავალი მოგვიანებით მდიდარ ბაზარზეც პოულობს ახალ აუდიტორიას.

Honda-ს მიღმა

ექსპერტები მსგავს მიდგომას ინდურ კომპანია Forus Health-შიც ხედავენ. მისი პორტატიული თვალის სკრინინგის კამერა, 3nethra Classic, ისეთი გარემოსთვის შეიქმნა, სადაც ძვირადღირებული აპარატურა და სპეციალიზებული პერსონალი ადვილად ხელმისაწვდომი არ იყო. გუნდმა თავიდანვე განსაზღვრა, რომ მოწყობილობა გადასატანად მოსახერხებელი, შედარებით იაფი და მცირე მომზადების შემდეგ გამოსაყენებელი უნდა ყოფილიყო. ხარჯის შემცირებას მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში გავრცელებული CMOS სენსორების გამოყენებამ შეუწყო ხელი.

პერუში Innova Schools-ის შემთხვევაში ამოსავალი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა იყო. გუნდმა სწავლების, შენობების მოწყობისა და მასწავლებელთა მომზადების მოდელი ერთიანად გადააწყო. მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჩატარებულ გაკვეთილებს დამოუკიდებელი ონლაინსწავლება შეუთავსა, გამოიყენა მოქნილი სასწავლო სივრცეები და ცენტრალიზებული გადამზადება. მოდელი მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

ამ მაგალითების მიხედვით, გლობალურ ბაზარზე გასვლისთვის მომზადება მომხმარებლის მოთხოვნების ზუსტად განსაზღვრით იწყება. საჭიროა იმის გაგება, რის გაკეთებას ცდილობს ადამიანი, რა უშლის ხელს და რომელი შეზღუდვების გათვალისწინება მოუწევს დიზაინერს.

Super Cub-ის შემთხვევაში ასეთი დაკვირვება კურიერის სამუშაო დღიდან დაიწყო. მიღებული გადაწყვეტილებები კი ბევრად ფართო აუდიტორიისთვის აღმოჩნდა გამოსადეგი. Honda-მ საერთაშორისო მასშტაბით სწორედ ის თვისებები წაიღო, რომლებიც ადგილობრივ მომხმარებელს ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებდა.

წყარო: HBR



ახალი სტანდარტი ავტოინდუსტრიაში – ლეგენდარული ამერიკული ბრენდი Cadillac თბილისში შოურუმს ხსნის

როგორ დავპოსტოთ სოციალურ ქსელებში Claude-ის დახმარებით