in

იაკო ჯიქია — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან

წარმატებულ ქალებზე არაერთხელ მოგვიყოლია, ბევრი ჯილდოც ერთად გვიზეიმია და გამარჯვებაც. თუმცა, რადგან მარტი ქალების თვეა, ახლა შესანიშნავი დროა მათთან პირდაპირ სასაუბროდ, რათა გავიგოთ, რა შექმნეს, რა შეცვალეს, რა შეცდომები დაუშვეს და რას გვირჩევენ დღეს… სწორედ ამიტომ, მარკეტერი წარმატებულ ქართველ ქალ მეწარმეებსა და ხელოვანებს დაუკავშირდა. მათ შორისაა იაკო ჯიქია, Helio AI-ის თანადამფუძნებელი და CEO, დანარჩენი კი, მოდით, ერთად გავიგოთ:

M: იაკო რამდენიმე სიტყვით გაგვაცანით თქვენი სტარტაპი და გვითხარით, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ბიზნესის წამოწყებისას…

Helio AI რეკრუტინგის სოფტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და გემიფიკაციის გამოყენებით პროცესების ავტომატიზაციას ახდენს და კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. სტარტაპი 1.5 წლის წინ გაეშვა და უკვე 300-მდე ბრენდსა და 6 ქვეყანას აერთიანებს. 

ახლა, როდესაც უკან ვიყურებით და პირველ ნაბიჯებს ვაფასებთ, ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორი კარგად დაემთხვა — დამფუძნებლები ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, ერთად ბევრი საქმიანი წელი გავატარეთ და თითოეულის შესაძლებლობებიც ვიცოდით. გარდა ამისა, შინაგანად ყოველთვის გვქონდა სურვილი, რაღაც ახალი შეგვექმნა და დრო ჩვენი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი აღმოჩენებისთვის დაგვეთმო. 

ზოგადად, კომპანიებს რომ ჰკითხოთ, რეკრუტინგი უმეტესობა მათგანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. ჰელიოს დამფუძნებლები ამას თავად ვგრძნობდით, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ერთი ფაქტის შემდეგ გადავწყვიტეთ — სამსახურებში, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, 3000 რეზიუმე მივიღეთ, რომლის წაკითხვამ თუ გადარჩევამ 2 კვირა და უამრავი ენერგია წაიღო — აქედან გაჩნდა პირველი ნაპერწკალი, შეგვექმნა სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით CV-ებს გადაარჩევდა, ძალიან მალე კი იდეა განვავრცეთ და ასე დაიბადა Helio AI, სოფტი, რომელიც რეკრუტინგის სრული ციკლის ავტომატიზაციას ახდენს.

M: როგორ შეცვალა ან საერთოდ შეცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება ქალი დამფუძნებლის სტატუსმა?

პირველ და ყველაზე დიდ ცვლილებას თავად დამფუძნებლის სტატუსი იწვევს, რომელიც თავდაყირა აყენებს ჩვენს ყოველდღიურობას და უდიდეს ენერგიასა თუ ნებისყოფას მოითხოვს. ამას კი ზემოდან სხვა ფაქტორებიც ემატება. ტექნოლოგიურ სტარტაპებში და, ზოგადად, ამ ეკოსისტემაში, უფრო მეტ კაც დამფუძნებელს შეხვდებით, ვიდრე ქალს. ძალიან ხშირია კონკურსები, სადაც ერთადერთი ქალი მონაწილეები ვართ. 

პირადად ჩემთვის ამ ყველაფრის გააზრებას მეტი პასუხისმგებლობა მოაქვს, ერთი მხრივ, სხვა ქალი დამფუძნებლების, მეორე მხრივ, კი იმ ქალების წინაშე, რომლებიც გვიყურებენ და ფიქრობენ თავიანთი იდეების განხორციელებაზე. ასეთ დროს მეტს ფიქრობ, როგორ გახდე მათი ინსპირაციის წყარო და როგორ დაეხმარო პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

M: როგორ ფიქრობთ, რა იყო/არის თქვენი წარმატების გასაღები?

წარმატებაზე საუბარი ყველაზე მეტად მეუხერხულება ხოლმე… ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან სუბიექტური ცნებაა და, მგონია, ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. თუმცა, რაც აქამდე შევძელით, რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა: ჰელიოს ადამიანები, ძალიან ბევრი შრომა და მიზნების მიღწევის დაჟინებული სურვილი. 

M: გვესაუბრეთ შეცდომაზე, რომელიც დიდი გაკვეთილი გამოდგა თქვენი სტარტაპისთვის…

ჩვენ შემთხვევაში ყველაზე დიდი შეცდომა, თავად შეცდომის დაშვების შიშის გამო, მოქმედებაზე უარის თქმა გამოდგა. 

M: ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ ქალებისთვის სტარტაპეკოსისტემაში, რა იქნებოდა ეს?

What would you do if you weren’t afraid? — შერილ სენდბერგის ეს სიტყვები, ვფიქრობ, იდეალურად გადმოსცემს ჩემს მთავარ სათქმელს და წინა კითხვასაც ეხმიანება. გზა სირთულეებითაა სავსე, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ეჭვებით შემოგხედავენ, იქნება მომენტები, როცა ამ ეჭვებს თავადვე დაიჯერებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ენდოთ საკუთარ თავს, გადადგათ პირველი ნაბიჯი და არ გაჩერდეთ. 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

კატო რამიშვილი — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან

თბილისში Petite Ellie Kids-ის მაღაზია ახალ მისამართზე გაიხსნა