in

აი, როგორ მუშაობს ექაუნთ მენეჯერი

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე სააგენტო making science-ის ექაუნთ დირექტორი იაკო მეძმარიაშვილი გვესაუბრება.

M: რა ფუნქციებს მოიცავს ექაუნთის საქმიანობა?

სააგენტოში ექაუნთ მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად ყველანაირ ფუნქციას ითავსებს, ყველა მიმართულებაში ჩახედულია, ასე თუ ისე და იცის თითოეული გუნდის მუშაობის არსი.

ხშირად, ექაუნთ მენეჯერს მოიხსენიებენ, როგორც ხიდს კლიენტსა და პროექტის გუნდს შორის.
ასე რომ ჩემი, როგორც ექაუნთ მენეჯერის პასუხისმგებლობაა: კლიენტებთან ურთიერთობა, მათი საჭიროებების გაანალიზება, შემდეგ შესაბამისი გუნდის განსაზღვრა და  პროდუქტის წარმატებულად, მართვა და ჩაბარება.

M: როგორ განვითარდი კარიერულად ამ პოზიციამდე?

ჩემი კარიერა დაიწყო, დაახლოებით 15 წლის წინ მარკეტინგის სფეროში და ამავე მიმართულებას მივყვები ახლაც. ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე კერძო კომპანიებში – ვიყავი კომუნიკაციების მენეჯერი, მარკეტინგული პროექტების, ბრენდ მენეჯერიც. ბოლოს მივხვდი, რომ მრავალფეროვნება არის ის, რაც ამ პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს. შემდეგ გადავედი სააგენტოს მხარეს. ეს კი საშუალებას მაძლევს ძალიან ბევრ განსხვავებულ პროექტზე ერთდროულად ვიმუშავო, რაც საქმეს, პირადად ჩემთვის ბევრად მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. 

M: როგორ აბალანსებ დამკვეთისა და თიმის მხარეს?

ექაუნთ მენეჯერის მთავარი ამოცანაა, პროექტი სწორად წარიმართოს და საბოლოო ჯამში, ორივე მხარე იყოს კამყოფილი. ამისთვის საჭიროა, შიდა გუნდმა კარგად გაიცნოს დამკვეთი და სიღრმისეულად გაანალიზოს მისი საჭიროებები. ამის შემდეგ, აუცილებელია განისაზღვროს ორივე მხარისთვის მისაღები ვადები და ეს ვადები არ დაირღვეს. ვფიქრობ, ეს არის ბალანსისთვის აუცილებელი პირობები.

M: რა უნარები სჭირდება ადამიანს, რომ კარგი ექაუნთი იყოს?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ექაუნთ მენეჯერი იყოს მულტითასქერი და აქედან სიამოვნებას იღებდეს, სხვაგვარად რთულია. ასევე, აუცილებელი უნარია ყველა სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, ამისთვის კი ექაუნთი, პროექტის ყველა ნაწილში უნდა იყოს ჩართული.
ძალიან კარგი უნარია ადამიანებისა და გარემოებების მიმღებლობა, იმის აღქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი რუკა –  აზრი, გემოვნება, შეხედულება და ა.შ.

M: რითაა საინტერესო შენთვის ეს საქმე?

მრავალფეროვნება ვისაც უყვარს, ეს საქმე ყველასთვის საინტერესოა/ არასდროს არ ჩერდები, სულ ქმედებაში ხარ, ცდილობ იპოვო საინტერესო გზები წარმატებული პროექტის განხორციელებისთვის. ჩემთვის აქტიური საქმე საინტერესოა.

მრავალნაირ სფეროს ეხები, სიღრმისეულად ეცნობი ერთმანეთისგან განსხვავებული დამკვეთების მიზნებს, სურვილებს და ამავდროულად შიდა გუნდის საქმიანობის თანამონაწილე ხარ. ბევრი აღმოჩენების შესაძლებლობა გაქვს და ამით ვითარდები პროფესიულად და პიროვნულად.

M: რით მიგაჩნია პერსპექტიულად?

ვფიქრობ, სააგენტოს გამოცდილებამიღებული ექაუნთ მენჯერი, ნებისმიერ კომპანიაში სასურველი მარკეტინგის გუნდის თანამშრომელია, რამდენადაც სააგენტოში მრავალმხრივ და დიდ გამოცდილებას იღებ მარკეტინგის და კომუნიკაციების სფეროში.

ასევე ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ბევრი კომპანია მიხვდება, რომ სააგენტოსთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიზნებისთვის, როგორიცაა ვთქვათ –  სტრატეგიის შემუშავება, ცნობადობის გაზრდა და ა.შ. პერსპექტიულია და უფრო მოგებიანიც, ვიდრე ინჰაუს დიდი გუნდის არსებობა როგორც ფინანსურად, ისე შედეგობრივად.

M: რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა ფიქრობს ამ პროფესიის არჩევას?

ვურჩევდი, გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება, იფიქრონ, ცადონ. ეს არ არის მარტივი პროფესია, ამ პროფესიას ბევრი დრო, სტრატეგიული აზროვნება, კრეატიული განვითარება და რაც მთავარია ბევრი საქმის ერთად კეთების სიყვარული სჭირდება.

ქალთა მეწარმეობის გაძლიერების გლობალური მისია – She’s Next Empowered by Visa

ადამიანებს უფრო მეტად მოსწონხართ, ვიდრე გგონიათ