in

იაპონური ავტოინდუსტრიის ისტორია და ბაზრის ლიდერები

იაპონური ავტომობილების ინდუსტრიის ისტორია 1904 წლიდან იწყება, როდესაც Torao Yamaha-მ შექმნა პირველი ავტობუსი, რომელიც ორთქლის ძრავით იკვებებოდა. იმ პერიოდში ადგილობრივი იაპონური წარმოება, ფაქტობრივად, არ არსებობდა და თუ არსებობდა, იყო უღიმღამო. Ford-სა და General Motors-ს თავიანთი ქარხნები ჰქონდათ იაპონიაში და მსოფლიო ბაზარზე დომინირებდნენ. 

იაპონური მთავრობის როლი ავტოინდუსტრიის განვითარებაში

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიებმა: Toyota, Nissan, Isuzu და Kurogane, ააგეს სატვირთო მანქანები და მოტოციკლები იაპონიის იმპერიული არმიისთვის, თუმცა მანქანების კომერციული წარმოება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ამისთვის იაპონიის მთავრობამ გაბედულ ნაბიჯი გადადგა და ომის შემდეგ ეკონომიკის გასაძლიერებლად დააფინანსა ადგილობრივი მწარმოებლები და წაახალისა ისინი, რათა ინოვაციური მანქანები ეწარმოებინათ. ადგილობრივმა ბაზარმა დაიწყო მეტი მანქანის წარმოება, ვიდრე ადრე და იაპონიამ შეზღუდა მანქანების იმპორტი ადგილობრივი ინდუსტრიის პოპულარიზაციისთვის.

50-იანი წლები და ინდუსტრიის ზრდა

1950-იანი წლების დასაწყისში იაპონიაში მანქანების წლიური წარმოება ნელი ტემპით მიდიოდა, თუმცა მაინც იზრდებოდა. წლიურად იწარმოებოდა 10,000 ერთეული, თუმცა წლების განმავლობაში ეს რაოდენობა იმატებდა. ამავდროულად, იაპონია შევიდა საექსპორტო ბაზარზე და დაიწყო იმავე რაოდენობის ექსპორტი, როგორც მათმა ევროპელმა კოლეგებმა. ამერიკულ და ევროპულ მანქანებთან შედარებით იაპონურ მანქანებს უპირატესობა ჰქონდათ საწვავის ეფექტურობის გამო. 70-იანი წლებიდან, სწორედ ამ მიზეზით, მოთხოვნამ კიდევ უფრო მოიმატა.

კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ადგილობრივი წარმოების ავტომობილების სასიკეთოდ გადაიდგა, სპეციალური გაიდლაინების შემუშავება იყო, რომელიც მიზნად ისახავდა იაპონიაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც უცხოელ ავტომობილების მწარმოებლებთან ტექნიკურ თანამშრომლობას გულისხმობდა. ამ ნაბიჯით იაპონიამ სამგზავრო მანქანების წარმოების ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და საექსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ავტომობილების წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.

როდის გამოჩნდნენ ცნობილი იაპონური ბრენდები

1933 წელს მზარდმა კორპორაციამ Nihon Sangyo-მ დააარსა Nissan და იმავე წელს საქსოვი მანქანების კომპანია Toyota Jido Shokki, რომელიც მოგვიანებით იქცა ლეგენდარულ Toyota-დ. თუმცა ამ პერიოდში დიდი იშვიათობა იყო, რომ საშუალო იაპონურ ოჯახს თავისი მანქანა ჰყოლოდა. Toyota გაკოტრების გზას დაადგა, რადგან კონფლიქტი ჰქონდა პროფკავშირის მუშაკებთან. ცოტა ხნის შემდეგ, როცა კორეის ომი დაიწყო, საწარმოს სატვირთო მანქანები შეუკვეთეს და ამგვარად, ის კრიზის გადაურჩა.

პირველი დიდი საავტომობილო შოუ იაპონიაში

50 წლებიდან ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ავტომობილებზე მოთხოვნა. 1952 წელს დამზადდა 25435 სტანდარტული ზომის მანქანა, რაც 9,5%-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. გაყიდვების ამ ძალიან ხელსაყრელ გარემოში, იაპონიამ დიდი საავტომობილო გამოფენა დააორგანიზა. პირველი ტოკიოს მოტორ შოუ გაიმართა 1954 წელს ჰიბიას პარკში. სხვადასხვა საავტომობილო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულმა შოუმ მოიზიდა 550,000 ვიზიტორი და დიდი წარმატება იყო ქვეყნისთვის.

ქარხნების მშენებლობა

გაუმჯობესებული მასობრივი წარმოებისა და ხარჯების შემცირების მიზნით, მწარმოებლებმა აიღეს ვალდებულება, აეშენებინათ ქარხნები ექსკლუზიურად სამგზავრო მანქანების წარმოებისთვის. 1958 წელს დაიწყო ტოიოტას მოტომაჩის ქარხნის მშენებლობა, ხოლო 1961 წელს ნისანის ოპპამას ქარხნის მშენებლობა; Isuzu-მ ასევე ააშენა თავისი Fujisawa ქარხანა. ისინი დღესაც რჩება მომსახურებაში და მთავარ ადგილს იკავებს თითოეული კომპანიის ძირითად საწარმოო ობიექტებს შორის.

საშინაო მოხმარების მანქანების წარმოების გასაუმჯობესებლად, იაპონელებმა ასევე წამოიწყეს სპეციალური ტესტ-დრაივის სქემების მშენებლობა, რომლებიც შექმნილია მათი ინდივიდუალური კონცეფციების მიხედვით. 

იმავდროულად, იაპონელი მწარმოებლები თავიანთი ტექნიკური განყოფილებების გასაძლიერებლად იბრძოდნენ. Toyota-მ თავისი ტექნიკური ცენტრის გამართვა 1954 წელს დაასრულა, ასევე, Nissan-მაც გამოყო საპროექტო განყოფილების ობიექტები, Daihatsu-მ კი სპეციალური კვლევითი ქარხანა დააარსა 1962 წელს. Mitsubishi-მ თავისი ავტომობილების ტექნიკური ცენტრი 1969 წელს გახსნა.

„ხალხის” მანქანები

მცირე სამგზავრო მანქანები ბაზარზე რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ასპარეზობდა, მაგრამ „ხალხის მანქანის” კონცეფცია, ალბათ, საუკეთესოდ იყო განსახიერებული Toyota Publica-ში, რომელიც გამოვიდა 1961 წლის ივნისში და ორ წელიწადში მას მოჰყვა Publica Deluxe, რომელიც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა.

იაპონური ავტოინდუსტრია დღეს

დღეს იაპონური საავტომობილო ინდუსტრია სიდიდით მესამეა მსოფლიოში. ინდუსტრიაში 5 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მას უდიდესი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე. ბაზარზე ოთხი ძირითადი მოთამაშეა: Toyota, Honda, Nissan და Suzuki. შემდეგ მოდის კომპანიები, როგორიცაა Mitsubishi, Daihatsu, Mazda, Subaru, Isuzu და Lexus.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Einstein GPT — ახალი AI მოდელი ბიზნესებისთვის

რა ხდის ლიდერობის განმავითარებელ პროგრამებს წარმატებულს?