ბედნიერების ძიებისა და პოვნის უამრავი გზა არსებობს და ის ყველასთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს იაპონური სიბრძნე, რომლის მიხედვითაც ბედნიერება ჩვენ შორის უნდა ვეძებოთ და არა ჩვენში. ფსიქოლოგმა, იუკიკო უჩიდამ გამოიკვლია ეს ფილოსოფია, რომელსაც თქვენც გიზიარებთ.
მაშ რაში ხედავენ ბედნიერებას იაპონელები და როგორ იმარტივებენ ცხოვრებას?
ჰარმონია ბუნებასთან და ერთმანეთთან
როგორც იცით, იაპონიაში სტიქიური უბედურებები ხშირად ხდება, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ადამიანის გარემოსთან კავშირი და ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრების კულტურული ღირებულება. გაჭირვების ჟამს ისინი არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც ფიქრობენ და დახმარების ხელს უწვდიან. ეს ურთიერთდამოკიდებულება, თავის მხრივ, აძლიერებს „ურთიერთდახმარების სისტემებს“ და ხელს უწყობს სოციალური ნორმების მტკიცე დაცვას.
გრძელვადიანი, ჩვეულებრივი ბედნიერება
იაპონელების მიერ ბედნიერების კონცეპტუალიზაციას რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი აქვს. ერთ-ერთი მათგანი მდგრადობაა, რაც ნიშნავს გრძელვადიან ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და ცხოვრებისადმი მიმღებლობით ჰარმონიის შექმნას.
გამოკითხვის შედეგად, უჩიდამ აღმოაჩინა, რომ იაპონელების დიდი ნაწილი ნამდვილ ბედნიერებას სტაბილურ ცხოვრებაში ხედავდა. „ჰეიბუნ ნა ჯინსეი“, ანუ, პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, „ნორმალური ცხოვრება“. ისინი აფასებენ მშვიდ, არაფრით გამორჩეულ დღეებს, რომლებიც პატარ-პატარა სიხარულს ჩუქნის მათ. ასეთი მიკროსიამოვნება ურჩევნიათ იაპონელებს ქაოსსა და მუდმივ თავგადასავლებს.
აღსანიშნავია, რომ უჩიდა იკვლევდა არა მხოლოდ იაპონელებს, არამედ ზოგადად სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების წარმომადგენლებს და შედარებისთვის მოგვიყვანა ბრიტანელები და ამერიკელები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათთვის ბედნიერება კარიერული მიღწევები იყო, აღიარება და ბონუსები.
ყველა ამ დაკვირვების საპირწონედ, უჩიდა გვიზიარებს სამ იაპონურ კონცეფციას, რომლებიც დაგვეხმარება ცხოვრების უკეთ წარმართვაში:
ომოიარი: სიკეთე სხვებისთვის = სიკეთე საკუთარი თავის მიმართ
„ომოიარი” სხვების ინტუიციური გაგებაა, გააზრებული თანაგრძნობა, რომლის მიხედვითაც სიკეთე, რომელსაც სხვას გაუკეთებ, შენი თავისთვისაა გაკეთებული. როცა შეგიძლია სხვების საჭიროებების განჭვრეტა და თხოვნის გარეშეც კი ადამიანების დახმარება, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავთანაც ღრმა ჰარმონიაში ხარ.
ვაბი-საბი: სილამაზე არასრულყოფილებაში
ვაბი-საბის ბუდისტური კონცეფცია უბრალო ესთეტიკაზე მეტია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სიმარტივესა და დახვეწილობაზე. ვაბი-საბის ფილოსოფია მოგვიწოდებს, დავაფასოთ ყოველდღიურობის შემოთავაზებული პატარ-პატარა სილამაზეები და უარი ვთქვათ მუდმივად სრულყოფილების ძიებაზე.
იჩი-გო იჩი-ე: სასრული მომენტები
ფრაზა „იჩი-გო იჩი-ე“ ითარგმნება, როგორც „ერთი სიცოცხლე, ერთი შეხვედრა“. ის მე-16 საუკუნეში ჩაის ოსტატმა რიკიუმ შემოიღო. რიკიუ ასწავლიდა, რომ ჩაის თითოეული ცერემონია ყოველთვის განსხვავებულია, ის არასდროს განმეორდება ზუსტად ისე, როგორც ერთხელ უკვე იყო. ამრიგად, „იჩი-გო იჩი-ე“ გამოწვევაა, დავაფასოთ თითოეული მომენტი ისე, როგორიც ის არის: წარმავალი, უნიკალური თუ სხვა.
თუ ეს თეორია თქვენთვის მთლად გასაგები ვერ არის, ასე დასვით კითხვა – როგორ მოვეპყრობოდით ჩვენს მომენტებს, თუ გვეცოდინება, რომ თითოეული მათგანი ცხოვრებაში აღარასოდეს განმეორდებოდა?
იაპონური სიბრძნის გამოძახილები სხვადასხვა საუკუნეში გვხვდება: უძველესი სტოიკოსები, რომლებიც თვლიდნენ, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრების საშუალებას გვაძლევს; მისტიკოსები, რომლებიც მადლიერებას ლოცვის უმაღლეს ფორმას უწოდებდნენ; პოეტები, რომლებიც არაერთხელ გვასწავლიან, რომ თვალები და გული მუდმივად ღია გვქონდეს თბილი და კეთილი მომენტების დასანახად და მისაღებად.