in

ქალ მეღვინეთა კვალდაკვალ „იას მარანში“ და საუკუნოვანი ტრადიციით შთაგონებული მეღვინეობა

ქალ მეღვინეთა მარშრუტის კვალდაკვალ, თქვენ იმოგზაურებთ იმ მარნებში, სადაც ქალებმა საკუთარი მეურნეობები მოაწყვეს. ისინი ვიზიტორებს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარმასპინძლობის ისტორიას წერდა.

ქალ მეღვინეებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა,  თავად გახსნა საკუთარი ღვინის საწარმო, ვენახს უვლის და დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინის წარმოების პროცესს ასრულებს. დღეს, მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

ქალ მეღვინეთა მარშრუტის მომდევნო დანიშნულების წერტილი კახეთის შუაგულში, სოფელ გურჯაანში მდებარეობს. „იას მარანში“ მასპინძლობას ია იმერლიშვილი გაგიწევთ. მარნამდე მისასვლელად ქვით ნაშენი კახური სახლები უნდა გაიაროთ, რომლებზეც ქარვისფრად ირეკლება მზის სხივები. „იას მარანი“ ცენტრალური მაგისტრალიდან 300 მეტრშია.

იამ მეღვინეობა საკუთარ ეზოში საუკუნოვანი მარნის აღმოჩენით დაიწყო. მარანი იას გურჯაანელი მეუღლის წინაპრებს ეკუთვნოდათ. მასში ცხრამეტი ქვევრი ინახებოდა. სახლისა და მარნის რეკონსტრუქციის შემდეგ, 2020 წლიდან, ამ ადგილს აგრო-ტურისტული ფუნქცია აქვს და ღვინოსთან ერთად სხვა არტიზანული პროდუქტებიც იწარმოება. ტრადიციულ, ქვევრის ღვინის გარდა, აქ ევროპული ტიპის თეთრი, ვარდისფერო და წითელი მშრალი ღვინის გასინჯვა შეგიძლიათ.

იასთან სადილი ქართული, ტრადიციული თამადობის თანხლებით მიმდინარეობს. აქ მოახვევთ ხინკალს, ამოავლებთ ჩურჩხელას, თონეში გამოაცხობთ დედას პურს, თავად შეაგროვებთ მწვადისთვის წალამს და, როგორც საქართველოში ამბობენ: „თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში“. ამას სახალისოდ მოწყობილი რთველიც ადასტურებს. 

ამ ყველაფრის გარდა, შეგიძლიათ, ღამის გათევის სერვისითაც ისარგებლოთ. სასტუმრო ოთახები 8 პერსონაზეა გათვლილი.

რომელი იყო Netflix-ის 10 საუკეთესო ფილმი 2024 წელს

რა უნდა გავითვალისწინოთ CV-ის შედგენისას, 2025 წელს?