4
Aug
2017

iBazari.ge – ახალი ქართული ონლაინ მაღაზია, რომელიც ბაზარში თქვენ მაგივრად ივაჭრებს

4 Aug 2017

Startauperi
Startauperi


ცნობილია, რომ ქალაქი ბაზრიდან იღვიძებს და სწორედ მაშინ, დილაადრიან, როცა თბილისელი ვაჭრები საკუთარ სამუშაო ადგილებს უახლოვდებიან, იღვიძებენ iBazari.ge-ს თანამშრომლები, რათა თქვენ მაგივრად იყიდონ ახალი ბოსტნეული, ხორცი ან სხვა, თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქტი. მათი მიზანია, თავიდან აგარიდოთ დილით ადრე ადგომა, საცობებში დგომა, პარკირების ადგილის ძებნა ან პროდუქტებით დატვირთული სიარული. როგორც მოცემული საიტიდან ჩანს, აქ შეგიძლიათ მრავალი სახის საკვები პროდუქტის შეკვეთა, რომელსაც მეორე დილით ან თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას მოგაწვდიან. ამ ეტაპზე, ახალბედა კომპანია 6 თანამშრომელს მოიცავს, ორიენტირებულია ახალ პროდუქტსა და ბაზრის დაბალ ფასებზე, ახორციელებს მიტანის მომსახურებას თბილისსა და მის შემოგარენში. როგორია სტარტაპის მომსახურებაზე მოთხოვნა და რა სამომავლო გეგმები აქვს ონლაინ ბაზარს – ამ საკითხებზე iBazari.ge-ს დამფუძნებელს – გია ხორხელს ვესაუბრეთ: 


M:
როგორ გაგიჩნდათ iBazari.ge-ს შექმნის იდეა, რას საქმიანობდით აქამდე და როგორი იყო მსგავსი მომსახურების არსებობის საჭიროება საქართველოში?

იდეა გამიჩნდა იქიდან, რომ მე თვითონ ვერ ვყიდულობდი ერთ ადგილას ყველა ხარისხიან პროდუქტს, რომელიც მჭირდებოდა. ხორცი სხვაგან უნდა მეყიდა, ყველი სხვაგან და ა.შ. მქონდა დროის სიმცირის ფაქტორიც, ასევე, პარკირების პრობლემაც. ცხადი იყო, რომ ჩემ გარდა მრავალი ადამიანი აწყდება მსგავს ყოველდღიურ პრობლემას. მინდოდა მეპოვნა ეფექტური გადაწყვეტა, ონლაინ მარკეტი კი ყველაზე კარგი გამოსავალია, ამ შემთხვევაში. კავშირგაბმულობაში ვმუშაობდი, ვიყავი Super TV-ს დირექტორი, ხოლო პროფესიით ფინანსისტი ვარ.

M: ქართულ ინტერნეტსივრცეში არსებობს სხვა ონლაინ მარკეტები, რომლებიც ეწევიან მსგავს საქმიანობას.. რა გამოგარჩევთ და რა არის თქვენი უპირატესობა მათთან მიმართებაში? 
არის რამდენიმე მარკეტი, რომელიც კონცეფციაც არის ის, რომ მიდის და სუპერმარკეტში ყიდულობს პროდუქტს და ამ ფასს ამატებს თავის მოგებას, მიაქვს 3 საათის განმავლობაში. ისინი ფასებში კონკურენციას ვერ გვიწევენ, რადგან ჩვენ ვყიდულობთ ბაზარში, ადრე, შესაბამისად, დაბალი ფასები გვაქვს. დილით ვყიდულობთ და ახალ-ახალი პროდუქტი მიგვაქვს შემკვეთამდე. ჩვენ ორიენტირებული ვართ შევთავაზოთ მომხმარებელს თავისუფალი არჩევანი, მაქსიმალური ხარისხი და დაბალი ფასები. ჩვენ არ ვახორციელებთ შეთავაზებული პროდუქციის წარმოებას ან იმპორტს, რაც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები და ორიენტირებულები მომხმარებლის ინტერესებზე და ასევე, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ შემკვეთების სურვილებს და შენიშვნებს.

???‍?? ყველა დიასახლისის საუკეთესო მეგობარი! ?????

Posted by ibazari.ge • ჩემი ინტერნეტ ბაზარი on Mittwoch, 5. Juli 2017

M: როგორია თქვენი მომსახურებით სარგებლობის ღირებულება და სადაა iBazari.ge-ს მეშვეობით პროდუქტის მიღება შესაძლებელი?
ფასი ბაზრის პროდუქტებზე იგივეა, რაც დეზერტირების ბაზარში. რეალურად, მოგება გვრჩება დიდი შეკვეთის შემთხვევაში, როცა საბითუმოში ვყიდულობთ და საცალოდ ვყიდით. რეალიზებას ვახდენთ ბაზარში არსებული საცალო ფასების მიხედვით და არა მაღაზიაში არსებული საცალო ფასების მიხედვით. ამ ეტაპზე, მიწოდება ხდება თბილისის მასშტაბით და აგარაკებზე – წყნეთში, წავკისში, ტაბახმელასა და კოჯორში. ფასი აგარაკებზე 10 ლარი, თბილისში – 5 ლარი, ხოლო, თუ შეკვეთა 100 ლარს აჭარბებს, მიტანა უფასოა.

M: როგორ უნდა შეგიკვეთონ მომხმარებლებმა და როგორია ანგარიშსწორების პროცესი?
შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, გადახდა ხდება ონლაინაც და ადგილზეც, ბარათის გამოყენებით. საიტზე შემოსვლისას, მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქტს, ამატებს კალათაში და გვიკვეთავს.

M: ყველა პროდუქტი ბაზრიდან მოგაქვთ თუ გაქვთ საცავიც, სადაც გარკვეული სახეობის ნაწარმს ინახავთ და ამ ორი თვის განმავლობაში, როგორია თქვენ მომსახურებაზე მოთხოვნის მაჩვენებელი? 
არ არის საკმაოდ დიდი, სიმართლე გითხრათ, რასაც ვაკვირდებით ნდობის გამოჩენა უჭირთ ძალიან, ერთ შეკვეთას თუ გააკეთებს კონკრეტული პიროვნება, შემდეგ უკვე გამეორებით შეკვეთებს სისტემატურად აკეთებს და თან შეკვეთის ოდენობასაც ზრდის. შესაბამისად, გვაქვს რაოდენობის მხრივ არც ისე მრავალი, თუმცა ერთგული მომხმარებლების პრაქტიკა. საწყობიც გვაქვს, თუმცა, ხილ-ბოსტანსა და ხორცს იქ არ ვასაწყობებთ, ძირითადად, შენახული გვაქვს ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე პროდუქტები, მაგალითად, მაკარონი.

M: როგორი საკომუნიკაციო სტრატეგია გაქვთ და რა მიმართულებით გეგმავთ iBazari.ge-ს განვითარებას? 
დასაწყისისთვის, ჩვენ შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, დავარიგეთ ბუკლეტები, დავგზავნეთ SMS შეტყობინებები, ამჟამად, ძირითადად, Facebook რეკლამირების ხერხს მივმართავთ. სამომავლოდ, გვინდა ბათუმშიც გავავრცელოთ ჩვენი მომსახურება, თუ ბათუმი გაამართლებს, შესაძლოა, ქუთაისშიც ვცადოთ.

განხილვა