in

ICT კლასტერი – პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს

საქართველოს ICT კლასტერი არის პლატფორმა, რომელიც 11 მცირე და საშუალო ზომის IT კომპანიას აერთიანებს. მათი მთავარი მიზანია, სხვადასხვა სფეროში, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერის გზით, საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და IT ინდუსტრიის განვითარება. კომპანიის დირექტორის, მარიამ სუმბაძის თქმით, აქვთ სამი მიმართულება: საქართველოში IT სფეროში (1) განათლების და კომპეტენციების ზრდა, (2) eGovernance, შესაბამისი პოლიტიკებისა და რეგულაციების განვითარება, (3) IT ინდუსტრიის საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობა.

bog
bog-mob

ICT (Information and Communications Technology) კლასტერი GIZ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.

მარიამ სუმბაძე: ზოგადად, კლასტერების იდეა არ არის ახალი. ისინი ევროპაში ძალიან აქტიურად ყალიბდება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, წინსვლაში. განსაკუთრებით აქტუალურია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კლასტერის არსებობა – ეს არის საზღვრებს გარეშე პროფესია და ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლია დაამყაროს კომუნიკაცია, ითანამშრომლოს ნებისმიერ კომპანიასთან. ამიტომ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეიძლება, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ICT  კლასტერის საქმიანობაზე, მის თითოეულ მიმართულებაზე უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ . . . 

ჩვენი ერთ-ერთი, მთავარი მიმართულება არის კომპეტენციები და განათლება. ICT სფერო სწრაფად ვითარდება და კადრების მუდმივი დეფიციტია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენციის ამაღლება და განათლება. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ IT სფეროს, მოიძიოს ახალი კადრები. გვაქვს ბევრი იდეა და ინიციატივა, რომლებზეც სწორედ ახლა ვმუშაობთ. პარალელურად, კლასტერის წევრი კომპანიები ახორციელებენ საგანმანათლებლო პროექტებს. მაგალითად, „აზრი“ და მისი ხელმძღვანელი დავით ჯაფარიძე – მას აქვს ელექტრონიკის და რობოტიკის სკოლა, სადაც დაწყებითი კლასების ასაკიდან ცდილობენ, ბავშვებს IT მიმართულებით განუვითარონ უნარები. ჩვენი კლასტერის მეორე მიმართულებაა პოლიტიკა და რეგულაციები – IT სფერო იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ რთულია ასეთი სიხშირით რეგულაციების ცვლა. თუმცა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ მთავრობასთან – COVID -19-ის პირობებში ყველა ბიზნესს აქვს შეფერხება და ICT-ს მიმართულების ბიზნესებსაც შეუმცირდათ შეკვეთები. შესაბამისად, ვცდილობთ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, IT კომპანიებმა გარკვეული შეღავათები მიიღონ, რომ დაზოგილი თანხები საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად გამოიყენონ, ეს რესურსები ახალი პროდუქტების შექმნასა და ექსპორტს მოახმარონ. რაც შეეხება ბიზნეს დეველოპმენტს და ექსპორტს  – ICT კლასტერი არის კომპანია, რომელიც ზრუნავს სფეროთშორისი ურთიერთობის განვითარებაზე. COVID-19-მაც დაგვანახა, რომ ნებისმიერი სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური გადაწყვეტები. აქ ორი მიმართულებით ვმუშაობთ – უშუალოდ ჩვენი კლასტერის კომპანიებს ვეხმარებით საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტების ორგანიზებაში. გარდა ამისა, ვცდილობთ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მივაწოდოთ ინფორმაცია და გავზარდოთ ცნობადობა IT სფეროს მიმართ, მისი მნიშვნელობა და შესაძლებლობები დავანახოთ სხვა კომპანიებს. სწორედ ამ მიზნით ვახორციელებთ Cross Field Digital Transformation პროექტს, რომელიც USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.

რას გულისხმობს ეს პროექტი?

პროექტში ჩართულია 30-ზე მეტი კომპანია, რომლებიც მონაწილეობდნენ მის პირველ ეტაპში, საჭიროებების ანალიზში – კორონავირუსის პირობებში, რა საჭიროებები გაუჩნდათ, მაღალტექნოლოგიური მიმართულებით. ესენი არის  გაყიდვების, მომსახურების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმის სფეროს მცირე და საშუალო ბიზნესები. უკვე გამოვავლინეთ მათ წინაშე არსებული პრობლემები. ახლა ამ 30-დან შევარჩევთ 10 კომპანიას, მოვიფიქრებთ ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომ მუშაობა გაუმარტივდეთ და უფრო ეფექტურები გახდნენ. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ამ კომპანიების ოფისები და სამუშაო გარემო მომავალში. დოკუმენტი მათივე პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე მზადდება. შერჩეულ 10 კომპანიას დავუნერგავთ კონცეფციაში შეტანილ გადაწყვეტებს. პროექტი შეჯამდება იმით, რომ შეიქმნება ციფრული ტრანსფორმაციის Tool Kit და ჩვენს მიერ დანერგილი გადაწყვეტების გარდა, სხვა კომპანიებიც შეძლებენ, დამოუკიდებლად ან ჩვენი ექსპერტების დახმარებით, საკუთარ კომპანიაში დანერგონ ეს „სოლუშენები“. ამ პროექტს IT სფეროს წამყვანი, პრაქტიკოსი სპეციალისტები ახორციელებენ, ისინი ICT კლასტერის  წევრი კომპანიების დირექტორები არიან. შესაბამისად, მათი შეთავაზებული გადაწყვეტები ძალიან პრაქტიკული და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება. ამ პროექტში გვაქვს მეორე მიმართულებაც – ღია ტრენინგები და ვებინარები, რომელიც ძალიან საინტერესო და პრაქტიკული იქნება. ამიტომ, ამ ნაწილში, ნებისმიერ მსურველ კომპანიას მოვუწოდებთ შემოგვიერთდეს. 

რატომ არის მნიშვნელოვანი ICT სფეროს კომპანიებისთვის თქვენი ორგანიზაციის წევრობა?

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მიზანია, კლასტერი გახდეს ინდუსტრიის ხმა. ნებისმიერი წარმატების ან გამოწვევის შესაბამის ორგანოებამდე, უწყებამდე და ადამიანებამდე მიტანა. რაც მთავარია, კლასტერის შიგნით, თუნდაც, კონკურენტი კომპანიები საერთო პროექტებზე მუშაობენ. მათი მიზანია, გაერთიანდნენ საერთო მიზნის, სფეროსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მაგალითად, თუ ერთს აქვს Software მიმართულება და მეორეს კი – Hardware, გაერთიანებული რესურსებითა და ძალებით უფრო სერიოზულ და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ. ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო დონორებთან და სხვადასხვა ქვეყნის ICT კლასტერებთან. მათთან მუდმივად ხდება გამოცდილების გაზიარება, სავაჭრო მისიების ორგანიზება. ამიტომ, რეალურად, ძალიან ბევრი ბენეფიტის მიღება შეუძლია თითოეულ კომპანიას, ვინც ჩვენი წევრობით დაინტერესდება. 

ICT კლასტერის წევრობისთვის რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა?

ჩვენი წევრები არიან ICT სფეროს წარმატებული, ლიდერი და გავლენიანი კომპანიები. მათ აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებულ დამკვეთს გაუწიონ მომსახურება – საჯარო მმართველობა და ელექტრონული მთავრობის მიმართულება, ფინანსური სექტორი, ბლოკჩეინი, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, განათლების და ცოდნის მართვა, ჯანდაცვისა და სოციალური სფერო, სოფლის მეურნეობა და სამშენებლო სექტორი. ამ ეტაპზე, ორიენტირებული ვართ წევრი კომპანიების გამოწვევებზე, მათ ვეხმარებით არსებული პრობლემების გადაჭრაში. თუმცა, ბუნებრივია, ვგეგმავთ კლასტერის გაფართოებას და წევრი კომპანიების რაოდენობის გაზრდას. გვინდა, გარშემო შემოვიკრიბოთ ასოცირებული და გუნდური წევრებიც. ეს შესაძლოა იყოს IT კომპანია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე ინდივიდები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ცხოვრობენ, მუშაობენ. ჩვენი მიზანია, ის ადამიანები, ვინც ტექნოლოგიურ სფეროში არიან, გავაერთიანოთ, გავხადოთ ჩვენი წევრები და მივეხმაროთ მხარდაჭერით ან პროექტების შეთავაზებით. ასევე, გამოვიყენოთ მათი რესურსი და კონტაქტები, ჩავრთოთ ისინი, როგორც ბრენდ ამბასადორები, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ICT კლასტერის და ზოგადად, საქართველოში IT სექტორის საქმიანობის შესახებ გაავრცელონ ინფორმაცია. კლასტერის სხვადასხვა მომსახურების მიღება გამომდინარეობს წევრობიდან. მაგრამ, ჩვენი ტრენერები და მათ შორის მეც, როგორც ამ კომპანიის ხელმძღვანელი, მზად ვართ, ნებისმიერ პროფესიონალს დავეხმაროთ შესაძლებლობების ფარგლებში. თუმცა კონკრეტული ბენეფიტების მიღება შესაძლებელია უშუალოდ ასოციაციის წევრობით. ამისთვის კი უნდა მოგვმართონ ელ.ფოსტის საშუალებით. შემდეგ, გავუგზავნით სარეგისტრაციო ბმულს, შეარჩევენ წევრობის მათთვის სასურველ ტიპს და დოკუმენტს უკან დაგვიბრუნებენ. უკვე ამ მოთხოვნას განიხილავს ბორდი, რომელიც გადაწყვეტს გახდება თუ არა კომპანია ICT კლასტერის წევრი და რა ტიპის წევრობა მიენიჭება მას.

ICT კლასტერის მიზნებზე უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რა ბენეფიტებს აძლევს ის კომპანიებს?

ICT კლასტერის შექმნის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი მიუძღვის GIZ-სა და ევროკავშირს. სწორედ მათი ერთი-ერთი პროექტის „კლასტერინგის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა ICT კლასტერი. მათ დაინახეს, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში ძალიან კარგად მუშაობს მსგავსი ტიპის თანამშრომლობა და საკმაოდ დიდი ბენეფიტები მოაქვს. ამიტომ, საქართველოშიც დაიწყეს ამ მიმართულებების გაძლიერება. რაც მთავარია, კლასტერში შეიკრიბნენ ის თანამოაზრე კომპანიები, რომლებსაც სურთ, ამ სფეროს განვითარებას შეუწყონ ხელი. ცალ-ცალკე კომპანიებისთვის რთულია ასეთი პროექტების და ძირეული ცვლილებების განხორციელება, ერთად კი უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდებათ კომპანიებს, შეიქმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, სადაც ყველა მათგანი შეძლებს ოპერირებას, ექნებათ კომფორტული და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო. კლასტერი არის თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა „სტეიკჰოლდერებს“ აერთიანებს, სვამს ერთი მაგიდის გარშემო და განსაზღვრავს საერთო პოლიტიკას. ჩვენ ჩართული ვართ info digital პროექტში, სადაც ხდება, მაგალითად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის განსაზღვრა და იმის ინიცირება, საერთაშორისო დონორებისგან წამოსული გრანტები ისე როგორ გადანაწილდეს, რომ  რეალურ ბიზნეს საჭიროებებს მოერგოს და თან, ეს ყველაფერი ნათელი იყოს დონორებისა და სახელმწიფოსთვის. საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ მივდივართ და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი – ICT საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა და ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის, მსოფლიოს მასშტაბით რელევანტური და საჭიროა, გამოიყენონ, თუნდაც, ერთ „თული“ ან „სოლუშენი“, ციფრული სფეროდან.

ამ ბაზარზე კონკურენცია არის? და უპირატესობა აქვს ICT კლასტერს?

არის სხვადასხვა ტიპის გაერთიანებები, ასოციაციები. ამ სფეროში რაც უფრო მეტი რამ გაკეთდება, ეს თითოეულ კომპანიას და ზოგადად, ბაზარს დაეხმარება განვითარებაში. ამიტომ, არავის ვუყურებთ, როგორც ჩვენს კონკურენტ ორგანიზაციას და ღია ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება ჩვენს უპირატესობას. ICT კლასტერს ძალიან აქტიური და ჩართული წევრები ჰყავს. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე. ამიტომ, უშუალოდ პროექტების განხორციელების პროცესში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. და ასეც არის – ჩვენი თითოეული წევრი ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს კლასტერის საქმიანობაში და მზად არის, სხვებსაც დაუჭიროს მხარი. გარდა ამისა, გვაქვს მჭიდრო კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საიდანაც არის იმის შესაძლობლობა, მივიღოთ სხვადასხვა ტიპის რესურსი, ახალი საგრანტო შეთავაზება, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა. დეკემბერში იგეგმება სასწავლო და Knowledge Sharing (ცოდნის გაზიარება) ლიეტუაში, სადაც სხვადასხვა კლასტერები თანამშრომლობის კუთხით გადაიკვეთებიან, ასევე ჩვენი წარმომადგენლები გაიცნობენ იქაურ ბაზარზე, ICT სფეროს ბიზნესებს და მათ წარმომადგენლებს.

რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს?

USAID-თან თანამშრომლობით, ახალ პროექტს ვიწყებთ. ახლა ვაკომპლექტებთ სამუშაო ჯგუფს, რომლის მთავარი ფოკუსი იქნება Women in Tech. ამ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან ბიზნესის, აკადემიური სფეროს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 30-მდე „სტეიკჰოლდერი“, როგორც მამაკაცები, ისე ქალები. პირველ ეტაპზე, განვსაზღვრავთ იმ სირთულეებსა და საჭიროებებს, რაც ქალებს ტექნოლოგიურ სფეროში აქვთ. გამოვავლენთ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, საქართველოში თუ საერთაშორისო ბაზარზე. ვიმუშავებთ იმაზე, რომ დავეხმაროთ ქალებს, უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებულები ტექნოლოგიებში, რომ გოგონებს პატარა ასაკშივე ჰქონდეთ შესაძლებლობა, წავიდნენ ტექნოლოგიებში და გახდნენ ამ სფეროს პროფესიონალები. ჩვენი მთავარი ამოცანაა გენდერული თანასწორობა და ქალების გაძლიერება გავხადოთ მეინსტრიმული ICT სფეროში. საჭიროების განსაზღვრის შემდეგ, შედგება პროგრამა, სამოქმედო გეგმა, როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და როგორ შევცვალოთ არსებული დოგმები თუ სიტუაცია.

 

[R]

იპოთეკური სესხების სუბსიდირება დაიწყო

„ტერაბანკის“ ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა