in

ციფრული პროექტების მართვის მეთოდოლოგიები, მათი უპირატესობები და განსხვავებები

ციფრული პროექტები თანამედროვე სამყაროს განუყოფელია. სხვადასხვა ონლაინხელსაწყოს შექმნას შესაბამისი ვადები, გუნდი და სწორად განაწილებული ამოცანები სჭირდება. ამიტომ ყველა პროექტს ჰყავს თავისი ICT მენეჯერი, რომელსაც თავისი მიდგომები და მეთოდები აქვს.

ამავდროულად, არსებობს მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ციფრული პროექტების სამართავად. ეს არის სტრუქტურირებული და მრავალნაცადი მიდგომები, რომლებიც არა მხოლოდ პროცესების მენეჯმენტში გვეხმარება, არამედ საერთო შედეგის წარმატებით მიღწევასაც განაპირობებს. ეს მეთოდოლოგიებია: Scrum, Kanban, Waterfall და სხვა.

ამ სტატიის რესპონდენტები ICT პროექტების მენეჯერები არიან და მოგვიყვებიან იმ მეთოდოლოგიებზე, რომლებსაც თავად იყენებენ.

მარია ღლონტი: 

მსხვილი საერთაშორისო კომპანიების კომპლექსურ პროექტებში ყველაზე ხშირად ვიყენებთ Scrum მიდგომას Kanban-ის პრაქტიკებით, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ Scrum სამუშაო ჩარჩოს მარტივი წესები და Kanban მეთოდის პრაქტიკები გაუმჯობესებული გამჭვირვალობისთვის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა პრაქტიკა, რომელიც შექმნის უკეთეს გამჭვირვალობას პროექტის რისკების სამართავად და „ბანძი გაუგებრობების“ თავიდან ასაცილებლად, არის მიღებული.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ Scrum არის სამუშაო ჩარჩო, რომელიც გვთავაზობს კომპლექსური სამუშაოს ორგანიზებისთვის მარტივი წესების ერთობლიობას.

 ეს მარტივი წესები ეხმარება გუნდს, რომ:

  •       პროექტის პროდუქტი/სერვისი პატარა ხელშესახებ ნაბიჯებად დაგეგმოს
  •       პროცესში რისკები გამჭვირვალედ მართოს
  •       დაინტერესებულ მხარეებთან ერთ ტალღაზე ყოფნა უზრუნველყოს
  •       მუდმივი უკუკავშირის გარემო შექმნას
  •       ხელი შეუწყოს მუდმივი გაუმჯობესების შეუქცევად პროცესს

 რაც შეეხება Kanban მეთოდს და პრაქტიკებს, აღნიშნული მეთოდი გვეხმარება სამუშაოს ორგანიზების პროცესში სრული გამჭვირვალობისა და სამუშაოს ნაკადის მართვაში.

 მთავარი განსხვავება Scrum მიდგომისგან გახლავთ ის, რომ Kanban მეთოდი დინამიკური პრიორიტეტიზაციის პროცესს მოიაზრებს, მაშინ, როდესაც Scrum ცდილობს გუნდის ფოკუსი მაქსიმუმ 1-თვიან მიზნებზე გაასწოროს. ამ მიზნებს გუნდი წინასწარ ისახავს და აღნიშნული პერიოდის (Sprint-ის) განმავლობაში მიზნის მისაღწევად საჭირო სამუშაოს კოლაბორაციულ რეჟიმში ასრულებს.

 უნდა აღინიშნოს, რომ ჩემს პრაქტიკაში Kanban მიდგომების გამოყენება ეფექტურად ხდება  Scrum პროცესშიც და დამოუკიდებლადაც.

ICT პროექტებში სამუშაო პროცესის ორგანიზებას,  „დალაგებას“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთი ტიპის პროექტები კომპლექსურია და სავსეა სიურპრიზებით / რისკებით/ აღმოჩენებით. ICT პროექტები სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანის ახლო კოლაბორაციას საჭიროებს, რაც მატებს პროექტს კომპლექსურობას. რთულია ყველაფრის დეტალურად წინასწარ გათვლა და საჭიროებს მოქნილი მართვის მიდგომას, რომელიც უფრო სამეცნიერო საქმიანობას ჰგავს, სადაც აკეთებ დაშვებას/ ჰიპოთეზას, აკეთებ ექსპერიმენტს/ტესტავ შენს ჰიპოთეზას, სწავლობ ამ ექსპერიმენტიდან”.

ნინო ძამაშვილი, ICT პროექტების მენეჯერი:

„ჩვენი გუნდი, რომელიც ეთანამშრომლება მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს, ძირითადად, იყენებს Agile და Scrum მეთოდოლოგიებს. Agile-ს მოქნილობა და ადაპტაციის უნარი საშუალებას გვაძლევს, სწრაფად მივყვეთ ცვლილებებს და მომხმარებლის მოთხოვნებს დინამიკურ გარემოში. Scrum კი გვაძლევს კონკრეტულ სტრუქტურას და პროცესების მართვის ხელსაწყოებს, რომლებიც ეხმარება გუნდს პროექტის ეტაპების თანმიმდევრულ შესრულებაში. ეს მეთოდოლოგიები განსაკუთრებით ეფექტურია დიდი და კომპლექსური IT პროექტების მართვაში, რადგან ისინი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თანამშრომლობის მაღალ დონეს და მუდმივი გაუმჯობესების შესაძლებლობას. 

  Agile და Scrum ძირითადად იყენებენ ბანკები და ციფრული პროდუქტების კომპანიები, რადგან მათ მოქნილობა და სწრაფი რეაგირება შეუძლიათ ცვლილებებზე. Kanban უფრო მეტად წარმოებაში და პროცესების ოპტიმიზაციაში გამოიყენება, ხოლო Waterfall მეტად ტრადიციული პროექტებისთვისაა გამოდგება, სადაც აუცილებელია დეტალური წინასწარი დაგეგმვა და პროექტის ეტაპობრივი შესრულება.  ყველა ამ მეთოდოლოგიას აქვს თავისი უნიკალური მახასიათებლები და გამოყენების სფერო, თუმცა მათი საერთო მახასიათებელი არის პროცესების მართვისა და შესრულების გაუმჯობესებისკენ მიმართვა. 

თუ გუნდი არცერთ მეთოდოლოგიას არ იყენებს, პროექტის მართვა შეიძლება ქაოსური და არაეფექტური იყოს. მეთოდოლოგიების გარეშე პროცესები შეიძლება არ იყოს კარგად განსაზღვრული, რაც იწვევს დაბნეულობასა და არასწორ კომუნიკაციას გუნდის წევრებს შორის. ამას შეიძლება მოჰყვეს დროისა და რესურსების დაკარგვა, რაც საბოლოოდ აისახება პროექტის შესრულების ხარისხსა და დროზე. მეთოდოლოგიების გარეშე, ასევე უფრო რთულია პროგრესისა და შესრულების მონიტორინგი, რაც ართულებს პროექტის მართვას და დროული დასრულების უზრუნველყოფას”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მოსწავლეების მიერ შექმნილი ჭკვიანი ხელთათმანი ინკლუზიური კომუნიკაციისთვის

საქართველო ფორმაშია ოლიმპიურ თამაშებზე! – საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი