IKEA-ს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანათი, რომელსაც ფორმის გამო მეტსახელად „დონატს“ – Donut Lamp – ეძახიან, მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ და ვიზუალურ განახლებას განიცდის. ყველაფერი 2023 წელს დაიწყო, როცა დიზაინერ საბინ მარსელისთან თანამშრომლობით Varmblixt-ის კოლექცია გამოვიდა. თავისი პრიალა ნარინჯისფერი მინითა და რბილი, რეტრო ნათებით, პროდუქტი მალევე იქცა მომხმარებლების ფავორიტად. სტატისტიკაც შთამბეჭდავია: IKEA-ს მონაცემებით, გამოსვლიდან სამი წლის განმავლობაში, აშშ-ში ყოველ ხუთ წუთში ერთი ასეთი სანათი იყიდებოდა, რითაც ის კომპანიის ბესტსელერად იქცა როგორც ამერიკაში, ისე გლობალურად.
ამ წარმატების ფონზე, შვედურმა ბრენდმა და მარსელისმა გადაწყვიტეს, თანამშრომლობა გააგრძელონ და ბაზარზე განახლებული ვერსია გამოუშვან. აპრილიდან გაყიდვაში ჩაეშვება „დონატის“ ჭკვიანი ვერსია, რომელიც ფერების ცვლის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. მისი ფასი $99.99 იქნება, მასთან ერთად კი $149.99-ად ხელმისაწვდომი გახდება ფერადი ჩამოსაკიდი სანათიც, რომელიც ასევე ორიგინალური კოლექციის ნაწილი იყო.

ეს სიახლე IKEA-ს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. კომპანია სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებს ჭკვიან ტექნოლოგიებში – ნოემბერში მათ უკვე წარადგინეს ახალი ნათურები, სენსორები და „ჭკვიანი ჩამრთველები“. განახლებული სანათები თავსებადი იქნება IKEA-ს Dirigera ჰაბთან და Matter-ის ტექნიკურ სტანდარტთან. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შვედური გიგანტი ტექნოლოგიების ინტეგრირებას თავის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებში აქტიურად გეგმავს.
რატომ გახდა „დონატი“ ასეთი პოპულარული?
სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ სანათს ალბათ ხშირად ხვდებიან თავიანთ „ფიდზე“. 2023 წლიდან მოყოლებული, დიზაინერულ წრეებსა და ინტერნეტსივრცეში ის რამდენჯერმე გახდა ვირუსული. მარსელისის თქმით, ნივთი იმდენად მასობრივი გახდა, რომ ხშირად ქუჩაში გავლისას სხვის ფანჯრებშიც კი ამჩნევდა მის ნათებას. დიზაინერის მთავარი ჩანაფიქრი იყო შეექმნა ისეთი რამ, რაც დროს გაუძლებდა და მრავალმხრივი გამოყენება ექნებოდა – მისი დაკიდება კედელზეც შეიძლება და მაგიდაზე დადგმაც. როგორც მარსელისი აღნიშნავს, ეს არის სანათი, რომელიც ცარიელ ოთახსაც კი ავსებს.
TikTok-სა და Instagram-ზე მის გარშემო მთელი მიმართულება ჩამოყალიბდა, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა ხრიკს იყენებდნენ – მაგალითად, ფერადი საიზოლაციო ლენტებით ცდილობდნენ განათების ფერის შეცვლას. ახალი სმარტ-მოდელით კი ეს რისკები და წვალება საჭირო აღარ იქნება.

ვიზუალური და ფუნქციური ცვლილებები
იმისთვის, რომ სანათმა ფერების ფართო სპექტრით გაანათოს, მარსელისმა ორიგინალი ვერსიის პრიალა ნარინჯისფერი ზედაპირი მქრქალი თეთრით შეცვალა. ეს შუქს საშუალებას აძლევს, შიგნიდან გამოანათოს და ზედაპირზე რბილად, დიფუზიურად გაიფანტოს.
მომხმარებლებს შეეძლებათ სანათი Dirigera ჰაბს დაუკავშირონ, რაც 40-ზე მეტი ფერის არჩევის, სინათლის ინტენსივობის რეგულირებისა და ჩაბნელების საშუალებას იძლევა. თუმცა, სანათს მოყვება პულტიც, რომელზეც მარსელისმა სპეციალურად ამ კოლექციისთვის 12 ფერი შეარჩია. პალიტრა თეთრი შუქის სხვადასხვა ტემპერატურიდან იწყება და გადადის ქარვისფერში, წითელში, რბილ ვარდისფერში, ლავანდისფერსა და ფირუზისფერში.
დიზაინერის თქმით, მიზანი ისეთი წინასწარი პარამეტრების შექმნა იყო, რომლებიც ნებისმიერ ატმოსფეროს მოერგებოდა – იქნებოდა ეს მუშაობისთვის საჭირო ფხიზელი განწყობა, წვეულების რეჟიმი თუ სიმყუდროვე. მარსელისმა ახალი პროტოტიპი საკუთარ სახლშიც გატესტა და აღნიშნა, რომ ამ ერთ პატარა ნივთს მთელი ოთახის აურის შეცვლა შეუძლია.

წყარო: Fastcompany











