in

საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა “იდეაკურსი”, რომელიც “სტარტაპ დეკრეტის” რჩეული გახდა

Startauperi
Startauperi

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თიბისიმ პროექტი “სტარტაპ დეკრეტი” წამოიწყო და თანამშრომლებს, ანაზღაურებადი ექვსი თვის განმავლობაში, “დეკრეტი” მათთვის საინტერესო ბიზნეს იდეის განსავითარებლად მისცა. პროექტი უკვე მეორედ ჩატარდა და დღეს, სწორედ გამარჯვებულ ბიზნეს იდეა “იდეაკურსზე” გიამბობთ. პროექტის იდეის ავტორები არიან თიბისის თანამშრომლები: მარიამ ცანავა, მარი აბულაძე და მარიშა გოგოლაური. სამივე მარკეტინგის მიმართულებით, თუმცა სხვადასხვა სპეფიციკის პროექტებზე მუშაობს. სტარტაპის ჩანაფიქრი ითვალისწინებს ისეთი ონლაინ პლატფორმის შექმნას, რომელიც განათლების მიღების/თვითგანვითარების მსურველ ადამიანებს მასწავლებლებთან და კურსების შემქმნელებთან დააკავშირებს.

“იდეაკურსის” კონცეფციასა და სხვა დეტალებზე სტარტაპის დამფუძნებლებმა გვიამბეს:

„განათლების მიღების მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იმატა სხვადასხვა კურსისა  თუ კლასის რაოდენობამ. უკვე დიდი არჩევანია პროგრამირების, მარკეტინგის, ჩინურის შემსწავლელი თუ სხვა კურსების მიმართულებით, რაც რამდენიმე წლის წინ იშვიათობა იყო. თუმცა, არ არსებობს ერთიანი სისტემა, სადაც დაინტერესებული პირი ყველა არსებულ შეთავაზებას, ხოლო კურსის ავტორი საკუთარ თავს დაინტერესებულ პირებს გააცნობს. „იდეაკურსი“ სწორედ ის საერთო პლატფორმაა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვის, მისთვის საინტერესო კურსის მოსაძიებლად, ლოკაციის, ფასის, შეფასების შესადრებლად/შესარჩევად, ხოლო კურსების ავტორებისთვის – ახალი შესაძლებლობაა, მისწვდნენ დიდ აუდიტორიას და თავი აარიდონ ყველა ტექნიკურ დეტალს, რაც კურსის ცნობადობის გაზრდას სჭირდება“.

M: როგორ გადაწყვიტეთ საერთო პროექტზე მუშაობა?

მარიშა გოგოლაური არის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით და მუშაობს როგორც მიმართულების კომუნიკაციის, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში. მარიამ აბულაძე თიბისი კონცეპტის მარკეტერი, სივრცის პროექტის მენეჯერია და მას, ასევე, გამოცდილება აქვს ვებ-პლატფორმის დანერგვაში. მარიამ ცანავაც თიბისი კონცეპტის მარკეტერია და ბრენდის კოლაბორაციების და ბრენდ კამპანიების მართვის მიმართულებით მუშაობს.

მარიშა გოგოლაური

საერთო პროექტზე მუშაობის იდეა ერთ-ერთი მოგზაურობის დროს დაგვებადა, როდესაც ნათლად დავინახეთ და ერთად გავაანალიზეთ პრობლემა, რომელსაც ყოველდღე ეჯახებიან ის ადამიანები, ვინც განვითარების საშუალებას თუ სხვადასხვა სასწავლო კურსებს ეძებენ. მეორე მხრივ, არიან ბიზნესები/ სასწავლო კურსების შემქმნელები, ვისთვისაც ძალიან რთულია საკუთარ სეგმენტს მიწვდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით და გამართონ ორგანიზაციული საკითხები.

M: როგორ მიხვედით საერთო ბიზნეს იდეამდე და როგორ დაგეხმარათ ამაში “სტარტაპ დეკრეტი”?

ბიზნეს იდეის გაჩენის საწყის ეტაპზე, კარგად გამოვიკვლიეთ მომხმარებლები და მათი პრობლემები და მოძიებული უკუკავშირის მიხედვით, მივეცით იდეას საბოლოო სახე.

„სტარტაპ დეკრეტის“ შესახებ ბევრი რამ ვიცოდით და სამივეს გვინდოდა მონაწილეობის მიღება. ძალიან მაგარია, როდესაც კომპანია, სადაც მუშაობ, სხვადასხვა საინტერესო მეთოდით ცდილობს დაგეხმაროს ახალი თავგადასავლების ძიებაში. ჩვენი იდეისა და მისი მომავლის ძალიან გვჯერა და როდესაც პროექტი დაანონსდა, სამივემ ვიცოდით – კონკურსში მონაწილეობა საუკეთესო გამოცდილება იქნებოდა. დეკრეტული 6 თვის გარდა, პროგრამა გვეხმარება, შევხვდეთ ბევრ წარმატებულ სტარტაპერს და მივიღოთ რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხში. ადამიანები, რომლებიც პროექტის უკან დგანან, ერთგვარი მენტორები ხდებიან მონაწილეებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საწყის ეტაპზე.

M: “იდეაკურსზე” გვიამბეთ – რა კონცეფცია აქვს სტარტაპს?

მარიამ ცანავა

„იდეაკურსი“ არის „marketplace”, როგორც კურსების მაძიებლებისთვის, ასევე კურსების შემქმნელებისთვის. ჩვენი სივრცე იქნება ერთგვარი მედიატორი და დააკავშირებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ თვითგანვითარება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და მეორეს მხრივ, ბიზნესებსა და კურსის შემქმნელებს, რომლებსაც სურთ, რომ უფრო დიდ აუდიტორიას მიაწვდინონ ხმა და გაიმარტივონ კურსების საორგანიზაციო ნაწილი.

“იდეაკურსის” კონცეფცია ადამიანების დაკავშირებაა რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სურთ თვითგანვითარება. ჩვენი ჩართულობით კი, იმედი გვაქვს, ეს პროცესი უფრო მარტივი, გამჭვირვალე და ციფრულად გამართული გახდება.

დამატებით ღირებულებას მომხმარებლებისთვის საკონსულტაციო სერვისებით შევქმნით, სადაც სფეროს აზრის ლიდერებთან ერთად გავაკეთებთ არაერთ ღონისძიებასა თუ კონტენტს, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ საშუალება დასვან კითხვები და მიიღონ რჩევები სფეროს ექსპერტებისგან.

M: როგორ გააანალიზეთ ამ სტარტაპის ბაზარზე არსებობის აუცილებლობა?

 პროექტის საწყის ეტაპზე, გამოვიკვლიეთ ჩვენი პოტენციური მომხმარებლები და დავინახეთ ცალსახა პრობლემა. ერთი მხრივ, საქართველოში არ არსებობს ორგანიზებული მეთოდი, სადაც დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ერთ სივრცეში ნახოს, შეადაროს, გაფილტროს და იყიდოს კონკრეტული კურსი.

მეორე მხრივ, ბევრ ბიზნესს ან კერძო პირს, რომლებიც ასეთი სერვისების მიმწოდებლები არიან, არ აქვთ საკმარისი რესურსი, გააციფრულონ პროცესები, ჰქონდეთ ელ.კომერცია და პირდაპირ გავიდნენ სამიზნე აუდიტორიაზე.

M: განათლების მაძიებელთა რა სეგმენტზეა გათვლილი “იდეაკურსი?

მარიამ აბულაძე

ჩვენი მომხმარებელი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აქვს საჭიროება მოიძიოს რამე კურსი, კერძო მასწავლებელი, სპორტული წრე, მასწავლებელი ბავშვისთვის ან უბრალოდ თვითგანვითარებისთვის შეიძინოს ახალი უნარები.

ზოგადად, დღევანდელი მომხმარებელი და ბაზარი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ადამიანებს ერთი „დაკლიკვით“ შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო ნებისმიერი სერვისი.

კურსების ძიება დღევანდელ რეალობაში კი, ძირითადად, მხოლოდ ახლობლების/ნაცნობები რჩევით ხდება და ადამიანებს არ აქვთ საშუალება, მარტივად შეადარონ და გაფილტრონ კურსები, მათთვის საინტერესო პარამეტრების მიხედვით. გამოცდილების კუთხით, ასეთი სქემა ძალიან რთულია, როგორც ბიზნესებისთვის, ასევე მომხმარებლებისთის და არ მიესადაგება ცხოვრების იმ ტემპს, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ.

M: როგორ შეუძლიათ “იდეაკურსთან” თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამების ავტორებს?

კურსების ავტორებსა და ბიზნესებს ჩვენთან დაკავშირება განაცხადის შევსების მეშვეობით შეეძლებათ. უკვე ვმუშაობთ ვებ-პლატფორმის ნაწილზეც, რომელიც აღნიშნულ პროცესს გაამარტივებს. ჩვენი სტრატეგიაა, რომ თითოეულ პარტნიორს მათზე მორგებული პროცესი შევთავაზოთ, რომელიც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

გეიმინგის ახალი საფეხური? – VR სათვალის, 360 გრადუსიანი სარბენი ბილიკისა და ჟილეტის კომბინაცია

როგორ შევუნარჩუნოთ თანამშრომლებს ჯანმრთელობა, დისტანციურად მუშაობისას?