in

რა უნდა იცოდეს იდეალურმა არტ მენეჯერმა?

თანამედროვე შრომის ბაზარზე ბევრგან შეხვდებით არტ მენეჯერის პოზიციას, რომელიც არც თუ ისე ახალია განვითარებული ქვეყნებისთვის, რომლებმაც ამ სფეროს განვითარება 70-იანი წლებიდან დაიწყეს. ბევრი ბიზნეს ინდუსტრია არტ მენეჯერებს MBA პროფესიონალების ნაცვლად ქირაობს (Google, Facebook, Blizzard, Starbucks), რადგან ესმით, რომ შემოქმედებითი მიდგომა საქმისა და პროექტებისადმი არსებითია ხარისხის, ორგანიზაციული განვითარების და სასურველი შედეგის მისაღებად. ყველა მსგავსი აკადემიური პროგრამა ითხოვს პრაქტიკულ ან თეორიულ ცოდნა/გამოცდილებას ხელოვნების რომელიმე დარგში, რომ მომავალმა არტ მენეჯერმა შეძლოს პრობლემის დანახვა შემოქმედებითი ადამიანის პერსპექტივებიდან, სწორი და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება და მენჯერული პრაქტიკის დაკავშირება სფეროს სპეციფიკასთან.

pasha-statiebi
pasha-statiebi
ფოტო: ჩიჰულის შუშის ფიგურები

რა განსხვევებაა არტ მენეჯმენტსა და არტ ადმინისტრირებას შორის?

ხშირად, არტ მენეჯმენტს კულტურის ან ხელოვნების მენეჯმენტს/ადმინისტრირებას ეძახიან. არტ მენეჯმენტი და არტ ადმინისტრირება განსხვავებული აკადემიური ხარისხებია. არტ მენეჯმენტი კონკრეტულად კულტურის ერთ სფეროზე   ფოკუსირებას ახდენს და როგორც წესი მაგისტრის ხარისხია (M.A. Master of Arts) მაგ: თეატრის, მუზეუმის, ან, ზოგადად, ვიზუალური ხელოვნების მენეჯმენტი. არტ ადმინისტრირება (M.F.A. Master of Fine Arts) არ ფოკუსირდება ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე და მენეჯმენტის უფრო ფართო სპექტრს სთავაზობს აკადემიური ხარისხის მაძიებლებს, როგორც წესი სამუშაო გამოცდილებასთან ერთად. არტ ადმინისტრირების ხარისხი განათლების ბოლო საფეხურია და უთანაბრდება დოქტორის ხარისხს (Ph.D Doctor of Philosophy) მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კვლევის ობიექტი ორგანიზაციაა სხვადასხვა ასპექტში: სტრატეგიული დაგეგმარება, კულტურის და ხელოვნების, ან ფესტივალის ეკონომიკური გავლენა ქალაქზე და ა.შ.

რა უნდა იცოდეს მომავალმა არტ მენეჯერმა, რომელსაც ორგანიზაცია ქირაობს?

არტ მენეჯერების პროფილი ხშირად განსხვავებულია, თუმცა, არის სპეციფიკური მიმართულებები, რაზეც ამ სფეროს პროფესიონალები თანხმდებიან, რომ კვალიფიციური არტ მენეჯერი უნდა ერკვეოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებში. ამ სტანდარტების ძირითადი წყარო Association of Arts Administration Educators საერთაშორისო ასოციაციაა, რომელსაც ასევე მხარს უბამს European Network on Cultural Management and Policy.

პრაქტიკული უნარები და ცოდნა, რომელიც არტ მენეჯერს უნდა გააჩნდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით შემდეგია:

ლიდერობა

არტ მენეჯმენტის ცენტრალური ნაწილი ლიდერობაა. უამრავი თეორია არსებობს ლიდერობაში, დაწყებული “მსახური ლიდერით”, დამთავრებული “ადაპტირებული ლიდერით”, მაგრამ ყოველი მათგანი ლიდერსა და მის “მიმდევრებს” შორის ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. ლიდერობა პირდაპირაა დაკავშირებული ორგანიზაციის ეფექტურობასთან, ნდობასთან, ადამიანური რესურსების გამოყენებასთან და ორგანიზაციის ღირებულებების არტიკულაციასთან. ლიდერობა განსაკუთრებით რთულია სახელოვნებო ორგანიზაციებში, რადგან არტ მენეჯერებს გაცილებით მეტ “თავისებურ” ადამიანთან და საკუთარ თავზე განსაკუთრებული წარმოდგენის მქონე შემოქმედებით ხალხთან უწევთ მუშაობა. ხელოვნებაში ლიდერშიფის თავისებურების გამოვლინების ნათელი მაგალითია თბილისის ოპერის ამბები და სამხატვრო აკადემიის დაუსრულებელი ქაოსი.

ფოტო: ambioni.ge თბილისის ოპერა

სტრატეგიული დაგეგმარება

ორგანიზაციის და მასში შემავალი პროგრამების განსავითარებლად არტ მენეჯერებს ჭირდებათ სტრატეგიული დაგეგმარება და მის შესაქმნელად საჭირო “იარაღები”, რომ ჩამოაყალიბონ ორგანიზაციის მისია, ამოცანები და ღირებულებები. სტრატეგიული გეგმის ეს ელემენტები ორგანიზაციას და მის თანამშრომლებს ეხმარება დაინახოს, თუ საით მიდიან, რას და როგორ ემსახურებიან და რა შედეგს მოიტანს მათი მუშაობა დროის მოცემულ მონაკვეთში.

საბჭოს (ბორდის) მენეჯმენტი

საბჭოს მრავალმხრივი პროფილი, მისი სწორი მენეჯმენტი და ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის მდგრადობასთან და ლობირებასთან. ასევე, ფინანსურ სტაბილურობასა და სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან. არტ მენეჯერები საბჭოს იყენებენ როგორც გამჭვირვალობისთვის და საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოველბად, ასევე ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნებისთვის.

კვლევა

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არტ მენეჯერის კვალიფიკაციის არის კვლევა. არტ მენეჯერებს უნდა ქონდეთ უნარი, აწარმოონ კვლევა (ჩაღრმავებული ინტერვიუთი დაწყებული – რაოდენობრივი კვლევით დამთავრებული), შეეძლოთ მათი სიღრმისეული ანალიზი და შედეგების მორგება არსებულ რეალობაზე. კვლევითი კომპონენტი ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია არტ ადვოკატირებისთვს, სტრატეგიული დაგეგმარებისთვის და არტ მარკეტინგისთვის.

მარკეტინგი

როგორც ყველგან, მაგკეტინგი ერთ-ერთ ღერძულ როლს თამაშობს. მარკეტინგის როლს არტ მენეჯერები სტრატეგიული გეგმაში ინტეგრირებიდან დაწყებული, ორგანიზაციის ოფიციალური ბლანკის ვიზუალით დამთავრებული – ხედავენ. მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა, სოციალური მედიის პოლიტიკის, მედიასთან ურთიერთობის მეთოდოლოგიის და სხვა ტიპის სტრატეგიული დოკუმენტები კარგი არტ მენეჯერების თაროზე არასდროს იმტვერება.

არტ მარკეტინგი

არტ მენეჯმენტის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი არტ მარკეტინგია. ფართოა მისი ცნება, თუმცა, ყველაზე ღირებული ნაწილი მისი კვლევითი კომპონენტია. არტ მენეჯერები ყოველთვის ეყრდნობიან არსებულ გამოცდილებას, ან თვითონ აწარმოებენ კვლევას და ინფორმაციის შეგროვებას სპეციფიკიდან გამომდინარე: ვინ და როდის ეწვია მუზეუმს? რა დრო გაატარეს? როგორი იყო მათი ქცევა? გადახდის რა მეთოდია მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი? რამდენი ფული დახარჯეს? საიდან მოვიდნენ? და ა.შ. ზოგი არტ მენეჯერი არ ჯერდება საკუთარ რესურსს და კვლევითი ორგანიზაციების საშუალებით ცდილობს გაიგოს მეტი მომხმარებლის ქცევაზე: სად წავიდნენ მუზეუმის სტუმრობის შემდეგ, რამდენი ფული დახარჯა ადგილობრივმა ვიზიტორმა და რამდენი ტურისტმა?

ფოტო: ჩიკაგოს მილენიუმის პარკის ფანტანები

ღონისძიებების მენეჯმენტი

ნებისმიერ პროექტს თან ახლავს სხვადასხვა ტიპის ღონიძიებები, რომელზე დამსწრე ადამიანებსაც ხშირად უწევთ მსგავს ღონისძიებებსა თუ შეხვედრებზე სიარული. როგორ იქნება გამორჩეული არტ მენეჯერის მიერ დაგეგმილი ღონისძიება? რა იქნება “მაგიური მომენტი” ღონისძიებაზე? როგორ “შეიფუთება” და მიესადაგება დაგეგმილი ღონისძიება ორგანიზაციის მისიას და ბრენდს? მაღალი ხარისხის ღონისძიებების დაგეგმვა გამოწვევაა არტ მენეჯერებისთვის, რომელსაც შედეგად სოლიდური ბრენდი, ღონისძიებებზე მაღალი დასწრება/აქტივობა და ორგანიზაციის პოზიტიური იმიჯი მოაქვს.

სახსრების მოძიება (ფანდრაიზინგი)

არტ მენეჯერების გამოწვევა სახსრების მოძიების პროცესში საკმაოდ საპასუხისმგებლოა, რადგან მნიშვნელოვანი არა მარტო შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, არამედ ორგანიზაციის და მისი იმიჯის მზაობაა ფანდრაიზინგისთვის. იდეალურად დაგეგმილი კამპანიის უკან თუ გაუმართავი ორგანიზაციის ვებგვერდი და მოუწესრიგებელი სტრატეგიული გეგმაა, პოტენციურ დონორებთან წარმატებული ურთიერთობის შანსები მნიშვნელოვნად მცირდება. გარდა ამისა, არტ მენეჯერებს ყოველთვის უწევთ თანხების მოძიება სოციალური პრობლემების ფონზე, რომელიც გარკვეულწილად სფეროს დისკრიმინაციას ახდენს და აკნინებს კულტურია და ხელოვნების მნიშვნელობას.

დონორებთან ურთიერთობა და საგრანტო პროექტები

საგრანტო პროექტები და მათთვის მზადება კვალიფიციური არტ მენეჯერებისთვის უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ საპროექტო განაცხადი. ისინი ყოველთვის ადგენენ ფონდებთან და მათ წარმომადგენლებთან ურთიერთობის გეგმას, კალენდარს, ამზადებენ ორგანიზაციას პროექტებისთვის, აწარმოებენ ბაზრის და კონკურენტების კვლევას და შემდეგ იწყებენ საპროექტო განაცხადის წერას. “Are you Grant Ready” ტიპის კითხვარები საუკეთესო მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, თუ რა სამუშაოს ასრულებს კვალიფიციური არტ მენეჯერი საპროექტო განაცხადის წარდგენამდე.

ფინანსები და ბუღალტერია

რატომღაც გაკვირვებულ სახეს იღებენ, როცა აღმოაჩენენ, რომ არტ მენეჯერს ბუღალტერია და ფინანსური საკითხები ესმის. წარმოუდგენელია სახელოვნებო ან ნებისმიერი შემოქმედებითი ინდუსტრიის წევრი ორგანიზაციის მართვა, თუ არტ მენეჯერს არ შეუძლია ბალანსის წაკითხვა, ინფლაციის, ცვეთის და სხვა მარტივი ხარჯების გამოთვლა. ციფრები ყოველთვის სამაგიდო დოკუმენტებია არტ მენეჯმენტში, რომელიც ნებისმიერი გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს ორგანიზაციის მისიასთან და სტრატეგიულ გეგმასთან ერთად.

კულტურის ეკონომიკა

კულტურის ეკონომიკა საკმაოდ სპეციფიკურია და ხშირად მიკროეკონომიკასთან აიგივებენ. არტ მენეჯერს კარგად უნდა ესმოდეს რა გავლენას ახდენს ორგანიზაცია ადგილობრივ ეკონომიკაზე და გარემოზე. ასევე, ესმოდეს ძირითადი პრინციპები, როგორ განაფასოს პროდუქტი, რამდენი უნდა ღირდეს ბილეთი დარატომ? ფასის დისკრიმინაცია, მოთხოვნისა და მომსახურების შეფარდება (Supply and Demand), გვერდითი ეკონომიკური სარგებელი და გავლენა. აუცილებელია, რომ არტ მენეჯერს შეეძლოს მომსახურების, დროის და სივრცის მონეტარიზაცია (Marginal Cost).

ფოტო: სიეტლის კულტურული ბაზარი

კულტურის პოლიტიკა

გარემო, სადაც არტ მენეჯმენტი გამოვლინებას ახდენს ხშირად მართულია ან რეგულირდება პოლიტიკით. ზოგჯერ კონსტიტუციით, ზოგჯერ აქტით, ზოგჯერ კულტურის პოლიტიკით. მსგავსი პოლიტიკა ყოველთვის განსაზღვრავს კურსს და ღირებულებებს, რომელიც გარკვეულწილად ტენდენციებს და პრიორიტეტებს კარნახობს ქვეყანაში არსებულ შემოქმედებით ინდუსტრიებს. კულტურის პოლიტიკის კარგი ცოდნა უმნიშვნელოვანესია, რადგან მისი გამოყენება არსებული რესურსების ათვისებას ნიშნავს. მაგალითად, თუ არტ მენეჯერმა კარგად იცის, რა ტიპის გადასახადებისგან ათავისუფლებს დონორს ფულის ან ტექნიკის შემოწირულობა, მაშინ აუცილებლად გამოიყენებს პოლიტიკის ამ ბერკეტს სახსრების მოძიების პროცესში.

არტ ადვოკატირება

კულტურის და ხელოვნების სფეროში დასაქმებული ბევრი სპეციალისტისთვის გაურკვეველი და ბუნდოვანია თუ რას ნიშნავს არტ ადვოკატირება, და თვლიან, რომ საერთოდ არ არსებობს. თუმცა, ამერიკის კულტურისა და ხელოვნების დაფინანსების ისტორია არტ ადვოკატირებაზე დგას. არტ ადვოკატირება იკვლევს მიზეზებს და ეძებს არგუმენტებს, თუ რატომ არის კულტურა და ხელოვნება მნიშვნელოვანი სხვადასხვა ასპექტში. რა გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე? როგორ ამცირებს კრიმინალის რისკს და სხვა მსგავს მნიშვნელოვან საკითხებს. არტ ადვოკატირების პრინციპების ცოდნა და კონკრეტული სფეროსა და ორგანიზაციის მნიშვნელობის “აღმოჩენა” უმნიშვნელოვანესია ლობირებისთვის და დაფინანსებისთვის მოძიებისთვის. არტ ადვოკატირება პირდაპირაა მიბმული ორგანიზაციის კომუნიკაციაზე, სახსრების მოძიებაზე, ეკონომიკურ გავლენასა და საზოგადოების ინტერესის გაღვივებაზე ორგანიზაციის მიმართ.

სამართლებრივი საკითხები

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფართო საკითხი არტ მენეჯმენტში, რომელიც ყოველდღიურ ოპერაციებშიც კი იკვეთება სამართლებრივი საკითხებია. არტ მენეჯერს კარგად უნდა ესმოდეს შრომითი უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, გამოყენება და მართვა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება კომპიუტერული პროგრამების ლიცენზირებული მოხმარება, სარეკლამო რგოლში მუსიკის გამოყენება, კამპანიებში გამოყენებული მასალები და ნებისმიერი რამ, რაც ადამიანის მიერ ინტელექტუალურ ქმნილებას წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია, იცნობდეს საკუთარი ქვეყნის  სამართლებრივ გარემოს და იმ საერთაშორისო კონვენციებსა და აქტებს, რომელსაც მისი ქვეყანაა შეერთებული.

ფოტო: ძველი ლას ვეგასი და მისი შემოქმედებითი ინდუსტრიები

შეჯამების სახით რომ ვთქვათ, არტ მენეჯერი მენეჯმენტის სფეროს პროფესიონალია აღჭურვილი იმისთვის, რომ შექმნას, განავითაროს, გაამარტივოს და წინ წაწიოს შემოქმედებითი პროგრამები და ორგანიზაციები. არტ მენეჯმენტის სფეროს დაარსება და განვითარება ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნის პასუხია იმ ლიდერობასა და ორგანიზაციულ გამჭრიახობაში, რაც შემოქმედებით და ბიზნეს ორგანიზაციებს გამოწვევის სახით უდგათ.

ავტორი: დათო ნადირაძე



Samsung–ის სარეცხი მანქანის “სასწაულები” პატარა გოგონასთვის

რატომ არის ქალბატონებისთვის თითქმის ყველაფერზე პასუხი “არა”?!