in

რა უნდა გავითვალისწინოთ იდეალური ჩაის მოსამზადებლად?

შეიძლება სათაურმა ოდნავ დაგაბნიათ, რადგან ერთი შეხედვით, ძალზე მარტივია – აადუღეთ წყალი და დაასხით ჩაის ფოთლებს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ასე მარტივად რომ იყოს საქმე, მთელ მსოფლიოში ამდენნაირი ჩაის კულტურა იქნებოდა? ალბათ არა. ჩაის მომზადების საიდუმლო წვრილმან დეტალებშია. 

პირველი ასეთი „წვრილმანია” მომზადების დრო

ფინჯანი ჩაის მომზადების დროს მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რამდენხანს უნდა დავაყოვნოთ იგი, თუმცა აქაც თავისებური დეტალები შემოდის, რადგან სხვადასხვა სახეობის ჩაის ეს დრო განსხვავებული აქვს. მაგალითად, მწვანე ჩაის შემთხვევაში, ეს დრო უნდა იყოს 1:48 წუთი, შავი ჩაის დროა: 2:00 წთ, თეთრ ჩაის კი ყველაზე მეტი 4:00 წუთი ესაჭიროება. 

წყლის ტემპერატურა

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ჩაის ადუღებული და ქაფქაფა წყალი უნდა დაასხან, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არ ყოფილა. ბრიტანელი ჩაის ექსპერები გვეუბნებიან, რომ ზედმეტად ცხელი წყალი მწარე გემოს აძლევს ჩაის. 80-100C ჩაის დაყენების ნორმალური ტემპერატურაა. 

წყლის ხარისხი

რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, წყალი მაინცდამაინც შვეიცარიის ალპებიდან იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ნადგამი წყლით გემრიელი ჩაი არ გამოვა. თუკი ჩაიდანში მთელი დღე გქონდათ წყალი დატოვებული, არ გამოიყენოთ ის ჩაის დასაყენებლად, გადაღვარეთ. ახალი და სუფთა წყალი ეხმარება ჩაის, რომ იგი ჯანსაღ და არომატულ სასმელად იქცეს.

რძის დამატება

ჩაი რძით ბევრისთვის გემრიელი დასალევია, თუმცა ზოგი მას არასწორად ამზადებს. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რძე ყოველთვის ბოლოს, ცოტა რაოდენობით უნდა დაამატოთ ჩაის, განურჩევლად იმისა, პირდაპირ ფინჯანში ამზადებთ თუ ჯერ ცალკე აყენებთ ჩაიდანში. ზოგი რძეს თავიდანვე ურევს ან მდუღარე წყალთან ერთად ასხამს, რაც არასწორია და გემოს უცვლის ჩაის. 

ცივი ჩაის მომზადება

თუ ჩაის ისეთი მოყვარული ხართ, რომ ცხელის დალევაც მოგწონთ და ცივისაც, მაშინ რამდენიმე რჩევას ცივი ჩაის მომზადებასთან დაკავშირებითაც მოგცემთ. 

ყველაზე ხშირად ცივი ჩაის მოსამზადებლად შავ, მწვანე ან ხილის ჩაის იყენებენ. ის თავიდან ჩვეულებრივ უნდა დაყენდეს, როგორც ცხელი ჩაი, ანუ ჯერ უნდა მოიხარშოს. ბევრი უშვებს შეცდომას და პირდაპირ ცივ წყალს ასხამს ფოთლებს, რაც არასწორია. მოხარშვის შემდეგ ჩაის დაუმატებთ დამატკბობელს გემოვნებით, შეაგრილებთ, მაცივარში მოათავსებთ და დალევამდე ჩაყრით ყინულებს, გასაფორმებლად კი ციტრუსის ნაჭრები შეგიძლიათ, გამოიყენოთ.

ფინჯანი

არ არსებობს რამე კონკრეტული მცნება, რომელიც გიკარნახებთ, რომ მაინცდამაინც ასეთი და ისეთი ფინჯნით უნდა დალიოთ ჩაი. ჩაის მოყვარულები და ექსპერტები გვეუბნებიან, რომ მთავარია, ის ჩვენს განწყობასა და გემოვნებას აკმაყოფილებდეს. თუმცა თუკი წვრილმანებსაც კი აქცევთ ყურადღებას, მაშინ შეგიძლიათ თურქულ და აზერბაიჯანულ კულტურას მიბაძოთ და მინის ჭიქები გამოიყენოთ. ჩაის ექსპერტები გვეუბნებიან, რომ მინა არ შედის რეაქციაში ჩაის ფოთლებთან და მაქსიმალურად უნარჩუნებს მას გემოს, სასარგებლო თვისებებს. 

ეს არის ჩვენი რჩევები ჩაის მომზადებასთან დაკავშირებით, რომლებიც სპეციალურად თქვენთვის, ჩაის მოყვარული საზოგადოებისთვის შევარჩიეთ და მოვამზადეთ. სტატიას ცნობილი მწერლის, ჯორჯ ორუელის ციტატით დავასრულებთ, რომელიც მან ერთ-ერთ ესსეში გამოიყენა: „ერთი ფინჯანი ძლიერი ჩაი უკეთესია, ვიდრე ოცი და სუსტი”. ნამდვილად! გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოწერილი რჩევები და დატკბით იდეალური ჩაის არომატით, რომელიც თავის სასარგებლო დანიშნულებასაც შეასრულებს ჩვენი ორგანიზმისთვის. 

რუბრიკის წარმდგენია მანნა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Bublé-სა და მაიკლ ბუბლეის კამპანია გრძელდება — See the Bublé side

RTiiiKA-მ ქვიარ პრეზერვატივი შექმნა