in

იდეის წარმატებით წარმოჩენის საიდუმლო

იდეის წარმატებით განხორციელების გზებზე არაერთხელ გვისაუბრია და ახლაც ამ თემას მივუბრუნდით, ერთგვარი „საიდუმლო“ უნდა განვიხილოთ. როგორც ინვესტორი მარ ჰერშენსონი განმარტავს მთავარი გასაღები რაღაცის დაკარგვის შიშია.

„როგორც ინვესტორი, ყოველწლიურად 2000 მოხსენებას ვისმენ და სტარტაპერებს ვეხმარები, თავიანთი გამოსვლები გააუმჯობესონ. შესაძლოა, რაღაც სტანდარტულ ფორმატს მიჰყვეთ და ასე წარადგინოთ თქვენი გეგმები, მაგრამ თუ დიდი ინვესტიციის მიღება გსურთ, აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ — ასე ვთქვათ, სიტყვით გამოსვლა სთორითელინგის ნაწილია. ამ დროს აუცილებელია, ხალხი აიყოლიოთ, აუდიტორიას ისე უნდა უამბოთ ყველაფერი, რომ მასში მხოლოდ თქვენ არ ჩაიძიროთ. ადამიანებს ისეთი შთაბეჭდილება უნდა დარჩეთ, თითქოს ძალიან დიდ რამეს დაკარგავენ, თუ თქვენს იდეას არ აჰყვებიან“, — განმარტავს ჰერშენსონი.

ნაბიჯი 1: შეისწავლეთ აუდიტორია

როდესაც სიტყვით გამოსვლაზე ვფიქრობთ, პირველი, რაც თავში გვიტრიალებს, ნერვიულობა, სიმშვიდის შენარჩუნების მცდელობა და ყველაფრის გამართულად თქმაა. რეალურად კი მთელი ყურადღება აუდიტორიაზე უნდა გადაიტანოთ: ვის წინაშე უნდა ისაუბროთ? რა ანაღვლებთ მათ? როგორ შეგიძლიათ მათში მოტივაციის აღძვრა?

მაგალითად, თუკი ვენჩურულ კაპიტალისტს ესაუბრებით, რომელსაც ბევრი ფული აქვს და ინვესტიციის სანაცვლოდ დიდი მოგების მიღება სურთ, მათ რაღაც მასშტაბური იდეა სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ძირითადი ყურადღება უნდა გაამახვილოთ ბაზრის ზომაზე თუ შესაძლებლობებზე.  ხოლო ამის საპირისპიროდ, თუ საქმე ფილანთროპთან ან არაკომერციულ ორგანიზაციასთან დაიჭირეთ, მათი მოტივაცია სავარაუდოდ დიდ სოციალურ ზემოქმედებას ეხება. ასე რომ, იმის ჩვენებაზე ფოკუსირდით, თუ როგორ გააუმჯობესებს თქვენი პროდუქტი და იდეა სამყაროს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნაბიჯი 2: იფიქრეთ გმირის გამოცდილებაზე

ე. წ. პიტჩინგი ძალიან ჰგავს ამბის თხრობას. ისევე, როგორც ფილმი მოგვითხრობს ამბავს, თქვენც სამ აქტად უნდა დაყოთ თქვენი მოგზაურობა: პირველ რიგში, გმირის სამყაროთი იწყებთ — ამ შემთხვევაში, ვის მიემართება თქვენი იდეა. შემდეგ შემოიტანეთ დაძაბულობა და კონფლიქტი, აჩვენეთ ყველა პრობლემა, რომელსაც არსებული პროდუქტები ჯერ არ წყვეტს. ეს დიდ დაპირისპირებამდე მიგიყვანთ. თქვენ კი „გმირად“ მოევლინებით — ისაუბრეთ, როგორ გადაჭრის იდეა ამ ყველა გამოწვევას.

მაგალითად, დიდი ბრენდები ყოველთვის ისეთ მასიურ თემებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებიც ადამიანთა უმეტესობას ადარდებს. ლიდერები ცდილობენ, ჩვენს წინაშე აშკარად არსებული პრობლემები ინოვაციურად გადაჭრან და, ამავდროულად, ეს ყველაფერი თავიანთი პროდუქტების კონტექსტში.

ნაბიჯი 3: გამოკვეთეთ სუსტი მხარე

ინვესტორებთან მხოლოდ დადებითზე საუბარი წარმატებას ვერ მოგიტანთ, რადგან მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ბიზნესის კეთებაში და ძალიან კარგად იციან, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არაა. თანაც, თუ ყველა საკითხი სრულყოფილად გაქვთ მოგვარებული, სხვისი დახმარება რაღაში გჭირდებათ?! უბრალოდ, ეს ადამიანური ინსტინქტია — გვსურს, მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ იდეა თუ პროდუქტი, სისუსტეებზე კი თვალი დავხუჭოთ.
ამის ნაცვლად, უფრო სერიოზული ტონი იქნება, თუ გულწრფელად „აღიარებთ“, რა შეიძლება გამოწვევად ჩაითვალოს — შემდეგ კი იტყვით: „შეიძლება, ეს პრობლემად მიგაჩნდეთ, მაგრამ აი, რისი გაკეთება შეიძლება მის მოსაგვარებლად“. შედეგად, სისუსტეს კვლავ სიძლიერედ გადააქცევთ.

#სადანროგორ გავერთოთ 22-24 სექტემბერს — ღონისძიებების კალენდარი

ვიცით თუ არა ისტორიაში პირველი ვიდეო ზარის შესახებ?