ცოტა ხნის წინ, სტარტაპმა Identomat „სიდ რაუნდი“ $3.2 მილიონიანი ინვესტიციით დახურა, რითაც ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში Stack-ის რეკორდულ მაჩვენებელს ($2.5 მილიონი) გადაუსწრო. Identomat პიროვნების ციფრული ვერიფიკაციის ტექნოლოგიას ქმნის, რაც ონლაინ სივრცეში ოპერირებად კომპანიებს მომხმარებლების მარტივი იდენტიფიკაციის საშუალებას აძლევს. იდეა, ჯერ კიდევ, პანდემიამდე გაჩნდა. Covid-19-ის „ახალმა რეალობამ“ და მსგავს სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ სტარტაპის აქტუალობა მნიშვნელოვნად გაზარდა და დღეს, გუნდი ლათინური ამერიკის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე აქტიური ოპერირებისთვის ემზადება. ინვესტიციის მოზიდვასა და სტარტაპის შემდგომ განვითარებაზე Identomat-ის თანადამფუძნებლები დავით ლომიაშვილი, რეზო იმნაძე და ზურაბ კოტარია გვესაუბრნენ.
M: მოკლედ მიმოვიხილოთ, რა გზა გაიარეთ $3.2 მილიონიან ინვესტიციამდე და როგორ დააინტერესეთ ინვესტორები?
ინვესტიციის მოზიდვამდე, მთელ ჩვენს გუნდს გრძელი გზა აქვს გავლილი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2019 წელს, ჩვენს ერთ-ერთ ადრეულ პარტნიორ საბანკო-საფინანსო ორგანიზაციას ვეხმარებოდით კრედიტების გაცემის პროცესის ავტომატიზაციაში. ამ პროექტზე მუშაობისას შევამჩნიეთ რომ კაპიტალის სწრაფ ბრუნვაში ყველაზე დიდი შეფერხება შეჰქონდა მომხმარებლის ვინაობის ვერიფიკაციას. შემდეგ ვეცადეთ მათთვის მისაღები გადაწყვეტა შეგვერჩია ბაზარზე არსებული შეთავაზებებიდან და როცა აღმოვაჩინეთ რომ ასე თუ ისე ყველა რაღაცაში მოიკოჭლებდა, და გამომდინარე იქიდან რომ გუნდში უკვე გვყავდა მანქანური ხედვის ძლიერი სპეციალისტები, გადავწყვიტეთ რომ ჩვენით შეგვექმნა საჭირო ტექნოლოგია. ამან მისცა დასაბამი იდენტომატს, როგორც ტექნოლოგიურ პროდუქტს და შემდეგ, როგორც კომპანიას.
Proof-of-Concept-ის შემუშავების შემდეგ, საპილოტე ჩაშვებაზე კომპანია „ალდაგთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პროდუქტის სწორად პოზიცირებაში. ზოგადად, ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორი კომპანიების, მათთან ურთიერთთანამშრომლობამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენი კომპანიის წარმატებაში.
მარკეტინგული და მედია აქტივობა 2020 წელს დავიწყეთ. მონაწილეობა მივიღეთ TechCrunch-ის Pitches & Pitchers-ში. შემდეგ, უკვე ჩავერთეთ Money 20/20 USA-ში – ყველაზე მსხვილ Fintech გამოფენაში – სადაც ბევრ საერთაშორისო კომპანიას გავაცანით თავი. Equifax-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებამ დიდი წვლილი შეიტანა ინვესტორების დაინტერესებასა და მოზიდვაში. ამიტომ, ჩვენთვის ამერიკული ვენჩურული ფონდისგან ინვესტიციის მოზიდვა არა მარტო სტრატეგიულ, არამედ განვითარების მნიშვნელობას ატარებს.
M: ამ ინვესტიციის დახმარებით, როგორ და რა მიმართულებით განავითარებთ სტარტაპს?
ამ ინვესტიციით საშუალება გვეძლევა გავზარდოთ იდენტომატის დაფარვის არეალი, კერძოდ, გავიდეთ ლათინური ამერიკის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე. ამისთვის, გუნდის გაზრდაც დაგვჭირდება. ახალი ტალანტი ხელს შეუწყობს იდენტომატის არსებული ფუნქციონალების დახვეწას და ახლების შემუშავებას, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია.
M: მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ განვითარდა სტარტაპი, ბოლო ორი წლის განმავლობაში?
იდენტომატი 2019 წლის მიწურულს შეიქმნა და 2020 წელს, დიდი ნაბიჯებით გაიზარდა. სისტემაში ახალი ფუნქციონალების დამატების პერიოდში, მოვიპოვეთ საინფორმაციო უსაფრთხოების შესაბამისობის სერთიფიკატი, ISO-2700 და გავიარეთ Liveness-ის შეღწევადობის აუდიტი – ISO-30107-ის შესაბამისად. ამავე პერიოდში, სისტემა თავსებადი გახდა GDPR (General Data Protection Regulation) პირობებთან. მალევე შევქმენით კლიენტების ბაზა: იდენტომატის პარტნიორები გახდნენ ალდაგი, Lazika Capital, Imedi L, Space, კროკობეთი, ბილაინი, საქართველოს ბანკი, TBC დაზღვევა და სხვ. 2021 წელს კი ჩავერთეთ მსხვილ, საერთაშორისო ღონისძიებებში: Money 20/20 USA, FinovateFall NYC და Equifax-ის სტრატეგიული პარტნიორები გავხდით.
M: ციფრული პროდუქტების განვითარება პანდემიამ მნიშვნელოვნად დააჩქარა. როგორ შეიცვალა ბაზარი, თქვენი პროდუქტის თვალსაზრისით და როგორი გავლენა იქონია პანდემიამ „იდენტომატის“ განვითარებაზე?
პანდემია იდენტომატისთვის ზრდის კატალიზატორი აღმოჩნდა. იქამდე, ჩვენ მიერ შემოთავაზებული მომსახურება ბიზნესებისთვის არ წარმოადგენდა კრიტიკულ საჭიროებას და გვიწევდა ბიძგის მიცემა, ახსნა, თუ რა სარგებლობის მომტანი შეიძლება გახდეს ციფრული KYC (იცნობდე-შენს-კლიენტს) და იდენტობის ვერიფიკაცია. პანდემიის შემდეგ კი, კომპანიებისთვის უკვე ბუნებრივი განვითარება სწორად ეს მიმართულება აღმოჩნდა, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სერვისის მიწოდება გახდა საჭირო. სიახლეებს რაც შეეხება, ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ პირდაპირ ვუპასუხოთ კომპანიების მოთხოვნებს. იდენტომატის ძირითად ფუნქციონალებს სულ ვხვეწთ და ახლაც, გუნდი მუშაობს იდენტობის ვერიფიკაციის უნიკალურ პრინციპზე, რომლის დაპატენტებას ახლო მომავალში ვაპირებთ.
M: ამჟამად, როგორია თქვენთვის ყველაზე აქტუალური გეგმები და ამოცანები?
აქტუალური ამოცანა საკმაოდ ბევრია. იდენტომატი მზარდი კომპანიაა და გვიწევს ბევრი მიმართულებით განვითარება: გეოგრაფიული არეალი, ფუნქციონალების დახვეწა-გაფართოება, ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებული კლიენტების მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდა. თუმცა, ჩვენი ძირითადი ორიენტირი არ იცვლება – ვაგრძელებთ ბიზნესების დახმარებას ოპერაციული ხარჯების შემცირებაში, თაღლითობის პრევენციაში და მომხმარებელთა ვერიფიკაციის გამოცდილების გაუმჯობესებაში. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს სტარტაპებს (ნებისმიერ ინდუსტრიაში მოქმედს) ინდივიდუალიზებული KYC და იდენტობის ვერიფიკაციის სერვისის მიწოდებაში.
ასევე, აღსანიშნავია რომ მოახლოებულ Web3.0 ერას, იქნება ეს მეტავერსის თუ კრიპტო-ეკონომიკის მიმართულებით, აუცილებლად დასჭირდება სანდო ავტომატური პირადობის ვერიფიკაციის სერვისების შრე. ამიტომ, ბლოკჩეინ პარტნიორებთან ერთად, უკვე აქტიურად ვცდილობთ, რომ იდენტომატმა ამ მხრივაც დაიკავოს მოწინავე პოზიცია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი