in

iDialogue — პლატფორმა ვირტუალური ტურებისა და სემინარებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

ამ სტარტაპებს შორის მოხვდა iDialogue. ეს არის პლატფორმა, რომელიც ESL (English as a Second Language) სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ერთად და ერთმანეთისგან ისწავლონ. მთლიანობაში, სასწავლო პროცესი მრავალფეროვნებას და თანამშრომლობას ეფუძნება. „ჩვენი იმერსიული სასწავლო პლატფორმა გთავაზობთ ცოცხალ სწავლებას თანატოლებთან თანამშრომლობით, მთელი მსოფლიოდან; ვირტუალურ ტურებსა და სემინარებს, რათა სწავლა სახალისო, საინტერესო და ეფექტური გახდეს!“, — ამბობს სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, Natalia Bout.

გარდა პერსონალიზებული სწავლის გამოცდილების მიწოდებისა, iDialogue მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ სხვა კულტურები, ტრადიციები, ადათ-წესები, რწმენა, საზოგადოებები, ენები. ასევე, სწავლება მოიცავს სტუდენტების თვითშეგნების, სოციალური ცნობიერებისა და ურთიერთობის უნარების განვითარებას. ყველა ეს უნარი აუცილებელია სტუდენტების აკადემიური, სოციალური და, საბოლოოდ, პროფესიული ცხოვრებისათვის.

M: ნატალია, როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა?

ათ წელზე მეტია, 7 სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ასე ვთქვათ, მუშაობა მოხალისეობასთან გავაერთიანე ადგილობრივ სკოლებში და სწორედ მაშინ დავიწყე ერთი დიდი პრობლემის შემჩნევა დღევანდელ განათლების სისტემაში. უფრო კონკრეტულად, მილიარდობით სტუდენტი მთელ მსოფლიოში სწავლობს ინგლისურს, როგორც მეორე ენას (ESL). მაგრამ სწავლის ძირითადი დონე აკლია ყველა მათგანს, რადგან მათ რეალური პრაქტიკა აკლიათ.

უფრო მეტიც, მე დავაკვირდი, როგორ ზღუდავენ მოსწავლეებს საკუთარი პატარა „კულტურული ბუშტებით“, რაც ამცირებს მათ ინტერაქციას და პერსპექტივებს. ამავდროულად, ჩვენს სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში სტუდენტების წარმატება პირდაპირ განისაზღვრება მათი უნარით, ითანამშრომლონ, ისწავლონ და იმუშაონ სხვებთან.

საშუალოდ, ენის შესწავლას 3000 საათი სჭირდება. მაშ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საათები ენობრივი პრაქტიკის გაერთიანებით ცოცხალ კომუნიკაციასთან, გეოგრაფიულ და სოციალურ საზღვრებში?

M: ყველაზე შემაფერხებელ ფაქტორად რას დაასახელბდით?

სწრაფად მზარდი კომპანიის მართვა პანდემიებისა და ომების შუაგულში… არასოდეს არსებობს ორი იდენტური დღე. შესაძლებლობების ათვისების, ოპერატიულ მხარეზე საკმარისი დროის დახარჯვის აუცილებლობა (და რა არის „საკმარისი?“), გუნდის განვითარება და რესურსების მოზიდვა… ეს ყველაფერი სწრაფად ცვალებადი ბაზრის ზეწოლის ქვეშ საკმაოდ რთულია.

ყოველ ღამე სტრესულ მდგომარეობაში იძინებ და იღვიძებ ისეთი გრძნობით, თითქოს საათებს ჩამორჩები. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ გავიგეთ, რომ პროფესიების უმეტესობაში, მათ შორის ჩვენს პროფესიაში, ძალიან ცოტაა ისეთი შეცდომები, რამაც შეიძლება ერთ დღეში ბიზნესის კრახი გამოიწვიოს.

ჩვენ ვისწავლეთ ფოკუსირება გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამიტომაც, დროდადრო თავს კომფორტულად ვგრძნობთ, რამდენიმე შეცდომით და ცუდი დღით.

M: თქვენ 500 Global-ის შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი ხართ, როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას?

ორმა ძირითადმა ფაქტორმა მიგვიზიდა პროგრამაში. პირველ რიგში, ეს არის მენტორობა. ჩვენ ვართ ზრდის ფაზაში, სადაც ნამდვილად გვჭირდება გარე პერსპექტივა და ვფიქრობ, მენტორებთან მუშაობა შესანიშნავი გზაა როგორც პიროვნული, ისე გუნდური განვითარებისთვის.

მეორეც, ეს არის ერთად მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენი მთელი პროდუქტიც ხომ თანამშრომლობის და მონაწილეობის ფილოსოფიაზეა აგებული. როგორ გითხრათ… რაღაც ჯადოსნური ხდება, როდესაც ადამიანები დროს ერთად ატარებენ. წვრილმანები კი, როგორიცაა სხვა დამფუძნებლების მუშაობის კულისებში ყურება, დიდ განსხვავებას ქმნის.

M: დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ არაჩვეულებრივ დროში ვცხოვრობთ, როდესაც პროგნოზირება სულ უფრო რთული ხდება. მაგრამ მე ვიცი, რომ გამძლეობით ყველაფერს შევძლებთ. ამიტომაც, გვინდა, გადავლახოთ ყველა დაბრკოლება და მივაღწიოთ მოსალოდნელ ექსპონენციურ ზრდას.


500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში. როგორც TechCrunch მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

AI ტექნოლოგიები ავტოინდუსტრიაში – ისტორია და მომავლის ხედვა

თუ თანამშრომლების შენარჩუნება გსურთ, მენეჯერებზე უნდა იზრუნოთ