11
Nov
2019

რატომ გვჭირდება IELTS სერტიფიკატი და რა სიახლეს სთავაზობს ბრიტანეთის საბჭო გამოცდის ჩაბარების მსურველებს

11 Nov 2019

საქართველოში სულ უფრო მეტად იზრდება საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებისადმი ინტერესი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ინგლისური ენის კომპეტენციასთან არის დაკავშირებული.

ბრიტანეთის საბჭო, ის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ბრიტანული საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება დაიწყო საქართველოში და უკვე 25 წელიწადზე მეტია, ამ საქმიანობას წარმატებით უძღვება. საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებიდან ყველაზე მოთხოვნადი არის IELTS ტესტი. ამასთან დაკავშირებით, მარკეტერი ბრიტანეთის საბჭოს გამოცდების მენეჯერს, რუსუდან ბახტაძეს ესაუბრა.

რას წარმოადგენს IELTS და რა უპირატესობა აქვს მას?

IELTS ნიშნავს ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემას (International English Language Testing System), რომელსაც აბარებენ ის კანდიდატები, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება, მუშაობა ან ცხოვრება ინგლისურენოვან ქვეყნებში. IELTS არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის ტესტი. ის მოთხოვნადია 10,000 ორგანიზაციის მიერ 140-ზე მეტ ქვეყანაში, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა უნივერსიტეტები, კოლეჯები, სამთავრობო დაწესებულები და დამსაქმებლები. მხოლოდ აშშ რომ ავიღოთ, ტესტი აღიარებულია 3,000 მეტი ორგანიზაციის მიერ, სწავლის გასაგრძელებლად ან მუშაობის დასაწყებად, ინგლისური ენის კომპეტენციის შემოწმების მიზნით. ამას გარდა, IELTS ტესტის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ტესტი არის საერთაშორისო – ფორმატით, აღიარების თვალსაზრისით, ტესტის ჩაბარების ხელმისაწვდომობით. IELTS ბარდება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ბრიტანეთის საბჭო ფუნქციონირებს.

რამდენი ტიპის IELTS არსებობს და რა განასხვავებს მათ?

არსებობს ტესტის აკადემიური (Academic) და ზოგადი (General training) მოდული. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ აკადემიურს აბარებენ ის კანდიდატები, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება, ხოლო ზოგად მოდულს აბარებენ ისინი, რომლებიც საზღვარგარეთ დასაქმებას ან ცხოვრებას გეგმავენ.

2015 წლიდან ხელმისაწვდომია IELTS UKVI და IELTS Life Skills ტესტები, რომლებსაც აბარებენ კონკრეტულად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სწავლის, მუშაობის ან ემიგრაციის მსურველი კანდიდატები. ამ კონკრეტულ გამოცდებზე დეტალურად საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ. თუმცა, დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით.

როგორც ვიცი სიახლე გაქვთ და რითი არის ის ქართველი მომხმარებლისთვის საინტერესო?

დიახ, სიახლე ნამდვილად გვაქვს. 29 ნოემბრიდან IELTS ტესტის ჩაბარების მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ IELTS ტესტის კომპიუტერული ვერსია. დღესდღეობით სულ უფრო მეტ ადამიანს უადვილდება სწავლა ან ტესტირება კომპიუტერის მეშვეობით, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან ჩვენს კანდიდატებს საშუალება ექნებათ აირჩიონ როგორ გაუადვილდებათ ტესტის ჩაბარება – წერილობით (paper based) თუ კომპიუტერულად (computer delivered).

რატომ უნდა აირჩიოს კანდიდატმა წერილობითი ან კომპიუტერული ტიპი?

არჩევანი დამოკიდებულია კანდიდატზე და რა ფორმით უადვილდება მას ტესტის ჩაბარება თუ ცოდნის გამოვლენა. ზოგიერთისთვის ტრადიციული ანუ წერილობითი ფორმით ტესტის ჩაბარება უფრო სტრესულია, ვიდრე კომპიუტერით, ან პირიქით. სხვა მხრივ ორივე ფორმატის IELTS ტესტი იდენტურია, იგივეა ტესტის ორივე ვერსიის საფასურიც.

ორივე ტიპის IELTS ტესტი შედგება ოთხი კომპონენტისგან: მოსმენა, წერა, კითხვა და საუბარი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასაუბრების ნაწილი ორივე ტიპის IELTS ტესტისთვის არის იდენტური, ანუ გასაუბრება (speaking) ხდება გამომცდელთან პირისპირ. საუბრის ნაწილის ფორმატი IELTS ტესტის ექსპერტებმა შეგნებულად არ შეცვალეს, რადგან როგორც ტესტირების ექსპერტების, ისე გამოცდის ჩამბარებლების მიერ აღიარებულია, რომ გასაუბრება გამომცდელთან პირისპირ ყველაზე ეფექტური მეთოდია ცოდნის გამოსავლენად და ობიექტურად შესაფასებლად.

რაც შეეხება IELTS ტესტების გრაფიკს, რეგისტრაციისა და შედეგების ვადებს, ეს ინფორმაცია მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე

რას ურჩევდით IELTS საერთაშორისო სერტიფიკატის აღების მსურველებს?

ვურჩევდი, წინასწარ დეტალური ინფორმაცია მოიძიონ რა ტიპის სერტიფიკატი სჭირდებათ; გადაწყვიტონ როგორი ფორმატით გაუადვილდებათ IELTS ტესტის ჩაბარება საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად გამოსავლენად. გარდა ამისა, ტესტზე დარეგისტრირდნენ დროულად, რადგან ადგილები სწრაფად ივსება და რაც მთავარია, უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებს მეტი დრო ექნებათ, უფასოდ ისარგებლონ მრავალი რესურსით, მაგალითად, როგორიცაა Road to IELTS – ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული 30 საათიანი ონლაინ კურსი.

 

[R]

განხილვა