in

CES-ის კოლაბორაციული ალბომი, რომელმაც 13 ქართველი მუსიკოსი გააერთიანა


24 ივლისს CES-ში (Creative Education Studio) ნიკა მაჩაიძისა და ტუსია ბერიძის ერთობლივი კურსის ფარგლებში “If Strangers” ჩაწერილი ალბომი “Dust” გამოვა. ეს ალბომი შედეგია იმ ორთვიანი ლექციებისა, რომლებიც კურსის ორგანიზატორებისთვისა და სტუდენტებისთვის უჩვეულოდ – ონლაინ მიმდინარეობდა. ალბომი “Dust” აერთიანებს 13 ადამიანის მიერ (11 სტუდენტი და ორი ლექტორი) შექმნილ 21 ტრეკს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დანარჩენს კი მსმენელი 24 ივლისს მოისმენს.

ტუსია ბერიძე:

კურსი დავიწყეთ სწორედ მაშინ, როცა ყველა მკაცრი რეგულაცია მოქმედებდა და მოგვიწია, ლექციები ონლაინ ჩაგვეტარებინა. საბოლოო მიზნად დავისახეთ ალბომის შექმნა, რომელიც იქნებოდა არა ერთი ადამიანის, არამედ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ კურსის ფარგლებში შეიკრიბებოდა. შევიმუშავეთ ისეთი პროგრამა, რომლითაც თითოეულ სტუდენტს ყველა სხვა სტუდენტთან მოუწევდა მუშაობა კონკრეტული პერიოდით. ვმუშაობდით წყვილ-წყვილად და ერთი წყვილის ნამუშევარი შემდეგ მეორეს ეგზავნებოდა იმისთვის, რომ რაიმე დაემატებინა ან შეეცვალა. ერთი სიტყვით, კომპოზიციები მუდმივ “მსვლელობაში” იყვნენ. გამოვიდა ისე, რომ 21 ტრეკი, რომელზეც შევჯერდით კურსის ყველა სტუდენტის და ჩვენი – ლექტორების ერთობლივი ნამუშევარია.

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ იმდენად ქაოტურად და განსხვავებული ფორმატით დავიწყეთ ეს ყველაფერი, რომ ამგვარ შედეგს არც ველოდით, თუმცა მოხდა ისე, როგორც მოხდა. ჩვენს კოლაბორაციულ ალბომს და მასში შემავალ ყველა კომპოზიციას ერთად მსმენელი 24 ივლისს მოისმენს.

ნინო დავაძე (DAVA), სტუდენტი:

24 წლიანი ცხოვრების განმავლობაში, მაშინ, როცა მუსიკალურ სამყაროში პირველად ვცდილობდი მოხვედრას, სწორედ მაშინ შეჩერდა მთელი სამყარო. სწორედ ამ დროს, პროექტთან “If Strangers” კოლაბორაცია ვცადე. 

ზუმისა და ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ იცნობ, საკმაოდ უხერხულია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს შინაგანი საიდუმლოებები გავანდეთ, ავტომატურად “ერთი სახლის” სტუმრები გავხდით. დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა და ერთმანეთის ხმების შესწავლა ყოველგვარი ზედმეტი კითხვებისა და ყოყმანის გარეშე. 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არაფერი სხვა ისე არ ისმოდა, არაფრის აღმოჩენისა და ნდობის პროცესში არ ვყოფილვარ, გარდა მუსიკისა. თავდაპირველად არავინ ვიცოდით ერთმანეთის სახელები, შესაბამისად არც არაფერი ყოფილა პერსონალური ან სუბიექტური ამ პერიოდში. ყველაფერს იმ ბგერების გამო ვაკეთებდით, რომლებიც აქამდე არასდროს მოგვისმენია. 

პანდემიის პერიოდში სამყარო სამართლიანად სასოწარკვეთილი გახდა. თუმცა, ეგოისტურად რომ ვთქვა, ცხოვრება ჩემთვის ამაზე ნამდვილი და სასიამოვნო არასდროს ყოფილა.

თამთა გვარლიანი (Ta mTa Gwarliani), სტუდენტი:

პროცესი

ეს იყო მუსიკის შექმნის ბუნებრივი, მშვიდი და ამავდროულად ინტენსიური პროცესი, ჩემთვის უჩვეულო პირობებში.

დინება.

ერთი იწყებდა მუსიკის შექმნას, მეორე აგრძელებდა და მესამე ასრულებდა მას.

გზადაგზა ერთმანეთს ვენაცვლებოდით და რამდენიმე განსხვავებული ვერსია იქმნებოდა.. ზოგი სად გადაუხვევდა, ზოგიც სად გაჩერდებოდა.

თითქოს სხვადასხვა მდინარე მოედინებოდა, გზად ერთმანეთს კვეთდა, ახალ შთაბეჭდილებებს იღებდა, შემდეგ ერთად მიჰყვებოდა დინებას, გზადაგზა იტოტებოდა, ხან კვლავ ერთდებოდა და ბოლოს ერთ ზღვაში ჩაედინებოდა, ან ტბაში და ქმნიდა საბოლოო გაჩერების წერტილს, ან სულაც ქვიშებში იკარგებოდა.

სრულიად მოდუნებული მივყვებოდი დინებას. არც ის ვიცოდი, საით მივდიოდი და ვის გადავეყრებოდი გზად და არც ის, საბოლოოდ სად გავჩერდებოდი.

სწორედ ამიტომ იყო პროცესი ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა და არც მაინტერესებდა, რა იქნებოდა შედეგი. მთავარი იყო დინება.

ფარული განზომილებები

მე და ნიკას შეგვხვდა ახალი თრექის დაწყება. დაიწყეო და დავიწყე, ძაან მომეწონა რაც გამოვიდა და გადავუგზავნე.

უკან რომ დამიბრუნა და მოსმენა დავიწყე, უცებ დავინახე, როგორ გადაიქცა თითქოს ერთგანზომილებიანი გამოსახულება/ამბავი, მრავალგანზომილებიანად და ვხედავდი, როგორ იხსნებოდა ნელ-ნელა ჩამალული განზომილებები და ამბები.  მეღიმებოდა კმაყოფილს და თან გაოგნებული ვიყავი, თუ როგორ გახსნა და შემოიყვანა ნიკამ ამდენი მშვენიერი ახალი შრე.

მეგონა რომ მორჩა, მაგრამ ნიკამ სიმღერა მოუხდებაო.. ეს რომ მითხრა, მაშინვე მივხვდი – ტექსტი უკვე მქონდა, ფაქტობრივად, მისივე შექმნის ისტორია.. ჰოდა დავამღერე!

ასე იყო ეს ამბავი!

თამთა გვარლიანი, მუსიკით მთხრობელი.

ანუშკა ჩხეიძე, სტუდენტი:

CES Tbilisi, CES Records, ნასტია სართანია და მისი გუნდი – ყველაფერი ეს ჩემს გულშია და ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. “Collab19” იყო პანდემიის დროს გადარჩენის და ხსნის გზა. თითოეულ ჩვენგანს საკმაოდ ბევრი რამ გვქონდა გასაკეთებელი, მათ შორის, რამდენიმე კვლევა, რათა კოლაბორაციის პროცესში საკუთარი თავები აღმოგვეჩინა. ძალიან რთულია სხვებთან ერთად მუსიკაზე მუშაობა, რადგანაც ამ დროს ყველაფერს ძვირფასს ჩვენთვის ვინახავთ ხოლმე.

ჩვენი მასწავლებლები: ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე პანდემიის დროს გვაძლევდნენ რჩევებს, თუ როგორ შეგვეძლო, გვქონოდა ჩვენი ეგო, და ამავდროულად, გულუხვები ვყოფილიყავით. არასოდეს გამიკეთებია ამდენი აღმოჩენა საკუთარ თავში. მადლობელი ვარ, რომ ამ განსაკუთრებული გუნდის ნაწილი ვარ. გირჩევთ მოუსმინოთ ამ ალბომს, რადგან ეს მუსიკა იტყვის ყველაფერს, რაც მე აქამდე სიტყვებით ვერ აღვწერე.

გთავაზობთ ალბომს სრულად:


„კარფურის“ და „მინისოს“ კოლაბორაცია Tbilisi Mall-ის „კარფურში“

საბავშვო წიგნები „შენია“ თურქეთის ბაზარზე გავიდა