in

რა ვქნათ, თუკი სამსახური უაზროდ გვეჩვენება?

პანდემიის დროს, განსაკუთრებით რთულია საკუთარ სამუშაოში საზრისის პოვნა. როდესაც გარშემო მთელი სამყარო უზარმაზარი ცვლილებების გზას გადის, სამსახური შეიძლება უმნიშვნელოდ და უაზროდაც კი მოგეჩვენოთ. მეორე მხრივ, კრიზისი მიზანსწრაფვასა და საკუთარი საქმისადმი მჭიდრო კავშირს წარმოაჩენს. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლითაა დაკავებული, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი საკუთარ ყოველდღიურ სამუშაოში საზრისის პოვნა. ამაში შემდეგი სამი ნაბიჯი დაგეხმარებათ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

საკუთარი თავი პატარა მოქმედებებით გააძლიერეთ

როდესაც თავს დათრგუნულად გრძნობთ და მნიშვნელოვან სადარდებელზე ფიქრს ჰყავხართ შეპყრობილი, რაზეც გავლენის მოხდენის საშუალება არ გაქვთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. დარდის ნაცვლად, ეცადეთ იმოქმედოთ იმ მიმართულებით, რაზეც გაქვთ გავლენა. ეს თქვენს ემოციებს სწორი მიმართულებით წარმართავს, შინაგანად ეფექტიანობის განცდას მოგანიჭებთ და უფრო მნიშვნელოვან მიზნებზე გადასვლასაც გაგიადვილებთ – დაგაფიქრებთ, კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რომ სიტუაცია გააუმჯობესოთ.

11 სექტემბრის ტერაქტის დროს, მანჰეტენის მკვიდრი ნიკოლ ბლეკმენიც ისეთივე დაბნეული იყო, როგორც ქალაქის სხვა მაცხოვრებლები. მას არ ჰქონდა შესწავლილი ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის მეთოდები და არც მსგავს ორგანიზაციასთან ჰქონია შეხება. მაგრამ მან იგრძნო დახმარების დიდი სურვილი, უნდოდა გაეკეთებინა იმდენი, რამდენსაც გაწვდებოდა. ამიტომ, მან გადაწყვიტა მაშველებისთვის სენდვიჩები დაერიგებინა. აქედან დაიწყო ყველაფერი. სენდვიჩების დარიგების შემდეგ, ის მოხალისედ დარჩა ადგილზე. როდესაც ოპერაციაზე პასუხისმგებელი ადამიანი მთელი დღით წავიდა, მართვა ბლეკმენმა აიღო საკუთარ თავზე. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის სათავეში ჩაუდგა მოხალისეობრივ ორგანიზაციას, რომელიც ასობით ადამიანს აერთიანებდა. ამ ამბებიდან მალევე, მას ადგილობრივებში ისეთივე რეპუტაცია ჰქონდა, როგორიც “წითელ ჯვარს”.

ბლეკმენი არ დარჩა სახლში, იმაზე ფიქრში, როგორ შეეცვალა სამყარო. ამის ნაცვლად, მან ძალიან პატარა ნაბიჯი გადადგა და საბოლოოდ, დიდი ზეგავლენა მოახდინა სიტუაციაზე. ამიტომ, უბრალოდ, იმოქმედეთ, იმ ზონაში, რა არეალზეც გაქვთ წვდომა.

იფიქრეთ, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი გამორჩეული უნარები კრიზისის პრობლემების გადაჭრაში

პროაქტიული თანამშრომლები სულ უფრო ხშირად იყენებენ “სამუშაოს კრაფტინგის” პრაქტიკას – ისინი თავიანთ სამუშაოს თავად განსაზღვრავენ და ამგვარად, აფორმირებენ საკუთარ საქმეს, უფრო მოტივირებულნი და შთაგონებულნი. ამ მიდგომის ნაწილია იმის გადაფასება, თუ როგორ ხედავთ საკუთარ სამუშაოს. 11 სექტემბრის შემდეგ, ბევრმა ფინანსისტმა გადააფასა საკუთარი სამუშაოს მნიშვნელობა და სრულიად ახალი მიზანი იპოვა – დახმარებოდა საკუთარ კომპანიას, აღედგინა ძალები ტერორისტული თავდასხმის შემდეგ და ეკონომიკური ზარალი გადაეტანა, ასევე, ამგვარად, პატივს მიაგებდნენ დაღუპულ კოლეგებს. ამ კრიზისის პერიოდში, ეცადეთ მოძებნოთ უნარი, რომლის საშუალებითაც დაეხმარებით თქვენ გარშემო ადამიანებს.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ საკუთარი საქმის ფორმირებას თავად შეუდგეთ – განსაზღვრეთ, რა პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ ამ მომენტში, არსებული რესურსებითა და უნარებით? თუკი, მაგალითად, საინვესტიციო ექსპერტი ხართ, შეგიძლიათ ფინანსური რჩევები მისცეთ იმ ანტრეპრენერებს, რომელთა ბიზნესიც ამ პერიოდში დაზარალდა ან იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ პერიოდში სამსახური დაკარგეს. თუკი არქიტექტორი ხართ, დააპროექტეთ ოფისები, რესტორნები და სკოლები ისე, რომ შექმნილ ახალ რეალობას მოარგოთ. თუ მარკეტერი ხართ, იფიქრეთ, როგორ დაეხმაროთ არაკომერციულ ორგანიზაციებს და მათთვის სასარგებლო სერვისები მიაწოდოთ. კრიზისი შეეხო უამრავ სფეროს, შესაბამისად, პრობლემაც ბევრნაირია, რომელთა აღმოფხვრაშიც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. თანამშრომლობის დაწყებით, თანდათან გააფართოებთ გავლენის წრეს. თუკი, ჯერ კიდევ, არ გაქვთ იდეები, უბრალოდ, ჩაერთეთ დაგეგმილ ღონისძიებებში, ჰაკათონებში, მოხალისეობრივ საქმიანობებში.

გამოიყენეთ კრიზისი შესაძლებლობად, უფრო მეტად მიუახლოვდეთ სასურველ მომავალს

თუკი რთულ სიტუაციაში იმყოფებით, შესაძლოა, ამწუთას, არაფრის გაკეთება შეგიძლიათ, საკუთარი სამუშაოს მნიშვნელოვნების გასაზრდელად. შესაძლოა, სამსახური დაკარგეთ და იმდენად აღელვებული ხართ, რომ თვითგადარჩენით ხართ დაკავებული, თუმცა, საზრისის პოვნა მაინცაა შესაძლებელი, თუკი მოახერხებთ და კონცენტრირდებით. კრიზისი ჩვენს პასიურ განვითარებას წყვეტს და გვაიძულებს, უკეთ გავიაზროთ, რას აქვს სინამდვილეში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. ამგვარად, სწორედ კრიზისის დროს ვართ უფრო მეტად მიდრეკილნი ცხოვრებისეული შეხედულებების გადაფასებისკენ. კრიზისს შეუძლია ჩვენი დახმარება, შეგვაცვლევინოს გეზი უკეთესობისკენ, თუნდაც, საკმაოდ რთული ეტაპის გავლით. თუმცა, შემდეგ, როდესაც ამ ყველაფერს გადალახავთ, დაინახავთ, რომ გადამწყვეტი მომენტი, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი მოგცათ ახლისკენ და უკეთესისკენ, სწორედ ეს დროა.

იფიქრეთ ისეთ სამსახურზე, რომელიც ყველაზე მეტადაა თქვენთვის სასურველი, თუნდაც, ეს წლების შემდეგ იყოს. არ წარმოიდგინოთ მხოლოდ ერთი ვერსია, იფიქრეთ რამდენიმე ვარიანტზე. ახლა კი, მომავლის მოგზაურობიდან ნელ-ნელა გამოუყევით უკან და ეცადეთ დაინახოთ გზა, რომელმაც იქამდე მიგიყვანათ. მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ, სანამდე შეუძლიათ მიგიყვანოთ იმ პროექტებს, რითაც ახლა ხართ დაკავებული.

კრიზისის პერიოდში დანახული მიზანი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ, კრიზისის დაძლევა. მართალია, მიმდინარე გარემოება თქვენი არჩევანი არ არის, მაგრამ თქვენ წყვეტთ, ამ ყველაფრისგან რა მიიღოთ. დაიწყეთ სულ მცირე მოქმედებებიდან და ამოირჩიეთ, თქვენი უნარებიდან რომელს შეუძლია საუკეთესო შედეგის მოცემა. ერთი ან ორი ნაბიჯის გადადგმით კი, შორეულ პერსპექტივაში ღირებული საქმისკენ წაიწევთ წინ.

 

წყარო: HBR



Filmmaker.ge – ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც კინოინდუსტრია აინტერესებს

ლაშა გიორგაძემ სამსახური იპოვა! – საინტერესო ქეისი სოციალური ქსელის შესაძლებლობებზე