„ხშირად მეკითხებიან, რა არის ანტრეპრენუარის ძირითადი თვისება. ანუ, ერთი მთავარი ნიშანი, რითიც ჩვეულებრივი ბიზნესმენებისგან განსხვავდება. ამაზე მეც ბევრი მიფიქრია. საბოლოოდ მივხვდი, რომ ნამდვილ ანტრეპრენუარს შეუძლია, სწორად შეაფასოს სიტუაცია და განსაზღვროს თავისი შესაძლებლობები, ან ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს და ნებისმიერი პრობლემა ისე გადაჭრას, სხვებს რომ აზრადაც არ მოუვიდოდათ“ , – წერს საერთაშორისო გამოცემა Inc.-ის რედაქტორი და ანტრეპრენუარი 25 წლიანი გამოცდილებით ნორმ ბროდსკი.
ამ დასკვნამდე ანტრეპრენუარ ლინდა პაგანთან შეხვედრის შემდეგ მივიდა.
„ლინდა ქუდების დიზაინერია, ანუ ქუდებს კერავს და ყიდის. მაღაზია, უბრალო და მარტივი სახელით Hat Shop NYC, მანჰეტენზე, ტომპსონის ქუჩაზე აქვს. ერთხელ, მე და ჩემი მეუღლე ელაინი სეირნობისას, შემთხვევით მოვხვდით ახლო-მახლო. თან ქუდის ყიდვა უნდოდა და შევიარეთ. თაროზე აქსესუარებთან ერთად, ძალიან ლამაზი, ღრმა ყუთები ეწყო. ელაინმა იკითხა, ქუდს ესეც ხომ არ მოჰყვებაო.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ლინდამ – ბრუკლინში პატარა ქარხანაა, რომელიც ამ კოლოფებს გვიმზადებს. ერთ დროს, საწარმოს გაყიდვები, ჩემი დამსახურებით გაიზარდა.
რას გულისხმობთ – ვერ წარმომედგინა, რა რაოდენობის ქუდი უნდა გაეყიდა, რომ ქარხანას სერიოზული მოგება ენახა.
ლინდამ აგვიხსნა, ერთ სეზონზე, ყველაზე მეტი შეკვეთა ფართო არშიაშემოვლებულ ქუდებზე მივიღეო. თურმე, ასეთი აქსესუარი, ყველას კენტუკიში დოღზე ან ნიუ – იორკში, სააღდგომო მსვლელობაზე დასასწრებად უნდოდა. სამწუხაროდ, მაღაზიაში ღრმა ყუთები არ აღმოგვაჩნდა, ეს დიდი ქუდები რომ ჩატეულიყოო. ლინდას ბრუკლინის საწარმოს მფლობელისთვის დაურეკავს და კოლოფების დამზადება უთხოვია, მაგრამ უარი მიიღო – ამ ზომის ყუთების საჭრელი დაზგა წლების წინ გამიტყდა და რახან მოთხოვნა არ იყო, შეკეთება არც მიფიქრიაო.
სამწუხაროდ, ასეთი კოლოფების გარეშე, ლინდა ქუდებს ვერ გაყიდდა. ამიტომ, თანახმა იყო, რამდენიმე ასეული დოლარიც კი გადაეხადა დაზგის შესაკეთებლად. თუმცა, მოეჩვენა, რომ საწარმოს მფლობელი ამ ხარჯის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა. არა და, ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდა – ვიღაცას უკვე ჰქონდა ასეთი ქუდი და ყუთები მათაც სჭირდებოდათ. ამას ემატებოდა, ხალხი, ვინც ლინდას მაღაზიაში ყიდულობდა აქსესუარს.
რამდენიმე თვეში, ლინდას ზუსტად ისეთი ყუთები მოუტანეს, როგორიც ქარხნის მეპატრონეს შეუკვეთა. თუმცა, ჩეკი არ გამოუგზავნიათ. მოგვიანებით, საწარმოს მენეჯერმა უთხრა, ისეთი მოთხოვნადი გახდა ეს კოლოფები და იმდენი შეკვეთა მივიღეთ, მეპატრონემ გადაწყვიტა, თავად გაეღო საინვესტიციო ხარჯები, არ იქნებოდა სწორი, თქვენთვის რომ გამოერთმია თანხაო. შემდეგ ქალს მადლობაც გადაუხადა, საწარმოს მფლობელი, ბაზრის ამ მიმართულებით ათვისების აუცილებლობაში რომ დაარწმუნა.
თვისებამ, დაენახა ახალი შესაძლებლობები, ლინდას განვითარების ძალიან სერიოზული საშუალება მისცა. სწორედ ამიტომ, ის მხოლოდ ქუდების მკერავი და მაღაზიის მეპატრონე კი არა, ნამდვილი ანტრეპრენუარი გახდა“ – წერს ნორმ ბროდსკი.
წყარო: Inc.