ამიერიდან, თუ გადაჯდომისას, სტამბოლის აეროპორტში ლოდინი მოგიწევთ, შეგეძლებათ ეს სივრცე კომფორტული გამოძინებისთვისაც გამოიყენოთ. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, აეროპორტში გაჩნდა ადგილი, სადაც საძილე კაბინები, უფრო კი ალბათ, ერთგვარი კაფსულები იყრიან თავს. ისინი გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ არც ისე გეძინებათ, მაგრამ ხალხით სავსე აეროპორტის ხმაურისგან გინდათ გარიდება. კაფსულაში შეგიძლიათ ფილმის ყურება, ინტერნეტის გამოყენება, ტელეფონის დამუხტვა და ა.შ.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ხმის იზოლაცია, რაც თქვენი მშვიდი დასვენების გარანტი იქნება. თუმცა, არ გეგონოთ, რომ კაფსულაში დასვენებისას შეიძლება ფრენა გამოგრჩეთ. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მას შეუძლია შეგახსენოთ, რამდენ ხანში იწყება ჩასხდომა თქვენს რეისზე და მოგიწოდოთ კიდეც, გაემართოთ შესაბამისი გეითისკენ.
IGA Sleepod-ის მსგავს პროდუქტებს სხვა აეროპორტებშიც შეხვდებით, თუმცა, სტამბოლისთვის ეს სიახლეა და მით უფრო, ალბათ, საინტერესო სიახლეა ქართველი მოგზაურებისთვის, რომლებიც ამ აეროპორტს ძალიან ხშირად იყენებენ. აქვე გეტყვით, რომ საძილე კაფსულით სარგებლობის ფასი საათში 9 ევროა. კაფსულაში ერთი ადამიანის ადგილია.