in

„იგრიკა“: ძველი ბეჭდვითი ტექნოლოგიების შესწავლისა და აღდგენის დიდი ინტერესი გვაქვს

Startauperi
Startauperi

ქართული ორნამენტების მისტიკას თანამედროვე აქსესუარებში თავი ბაია ლომსაძემ და გრიგოლ დალაქიშვილმა მოუყარეს ისტორიულ სიძველეებს თანამედროვე ინტერიერში მოუძებნეს ადგილი. პარალელურად, ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში არიან ჩაბმულები – ბაია ლომსაძე გრაფიკოსი დიზაინერი და სააგენტო watergunz-ის არტ დირექტორია, გრიგოლი – სააგენტო GMA-ის ქოფირაითერი. ხელნაკეთობის მიმართ ინტერესი წყვილს დიდი ხანია აქვს, გრიგოლს ხეზე ჩუქურთმების დამუშავების ოსტატობა მამამ შეასწავლა, ბაიას ფოტოხელოვნება და კალიგრაფია იზიდავს. ყოველივე ეს, წყვილმა ერთ საქმიანობაში მოაქცია.

„პანდემიისას, შინ ჩაკეტილებმა დავიწყეთ ფიქრი ჩვენს გარემოზე, ინტერიერზე, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში ოფისად, კინოთეატრად, კაფედ და კიდევ უამრავ სხვა ფუნქციურ ობიექტად იქცა. „იგრიკას“ მიზანი თბილი და მყუდრო გარემოს შექმნა იყო თქვენთვის და ამ დროში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩვენმა სტარტაპმა ფინანსური და კომერციული მიზნების გარდა, ძალიან დიდი ემოციური მოლოდინი გაამართლა.“

წამოწყებას, სახელად, „იგრიკა“ დაარქვეს.

გვინდოდა სახელი ქართული და ჩვენთვის ღირებული ყოფილიყო, ამასთანავე მარტივად წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელი. „იგრიკა“ ძვ. ქართულად აპრილს ნიშნავს, ამბავიც აქ იწყება – ჩვენი შეხვედრის თვეს.

M: როგორ წარმოგედგინათ ბიზნესის მართვა – გქონდათ ამის გამოცდილება?

ბიზნესის მართვის გამოცდილება აქამდე არ გვქონია და ამ მხრივ, ძალიან საინტერესო გამოცდილება შევიძინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, ხშირად გაგვიწევია კონსულტაცია სხვა სტარტაპებისთვის ან უკვე შემდგარი კომპანიებისთვის, გვიმუშავია მათ ბრენდინგსა თუ კონტენტზე, ჩვენთვის სრულიად ახალი იყო ამ პროექტზე მუშაობა.

M: უფრო ვრცლად, რას ქმნის „იგრიკა“?

ჩვენ ვამზადებთ ხელნაკეთ საბეჭდავებს სხვადასხვა მასალისაგან და ტექსტილის საღებავის გამოყენებით, ვბეჭდავთ ქართულ ორნამენტებს ტილოზე სხვადასხვა ტექნიკით – სრული ფერით ან ფერთა ისეთი შერევით, რომელიც ხავსისებურ ეფექტს იძლევა. ჩვენი ყოველი ახალი ნამუშევარი საკუთარი ინდივიდუალიზმისა და უნიკალობის მატარებელია. ბეჭდვის პროცესი ხან 5-6 საათი გრძელდება, ხან შესაძლოა, მთელი დღეც წაგვართვას, შრობასა და ფიქსაციას 24 საათზე მეტი სჭირდება. ჩვენი პროდუქტებია:

• ხელით ნაბეჭდი სუფრები, ხელსახოცები, ჩანთები და ბალიშები.
• პერსონალური საბეჭდავები კერძო ბიბლიოთეკისათვის.

ტექსტილის პროდუქციას ინტერიერის დეკორში ხაზგასმით ქართული ოდის განწყობა შეაქვს, რაც შეეხება საბეჭდავებს – ინიციალის ფორმას დიდი სიფრთხილიდ ვარჩევთ, დიზაინს – ადრესატის ხასიათს ვარგებთ.

M: ვისთვის იქმნება „იგრიკა“ და როგორია გაყიდვების არხები?

ჩვენი სეგმენტი ჩვენსავით მოგზაური ხალხია, უყვართ ძიება – აღმოჩენები, ახარებთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მეტი და უცხო ინფორმაციის გაგება, მათთვის ღირებულია ისტორია, რომელსაც ესა თუ ის ორნამენტი გადმოსცემს. ეამაყებათ ქართული და ხშირად სჩუქნიან მათ უცხოელ თუ ქართველ მეგობარს.

კორპორაციული გაყიდვების შემთხვევაში, ჩვენი სეგმენტი მოიცავს კაფე-ბარებს, სასტუმროებს კორპორაციულ საჩუქრებს. მსურველებს შეუძლიათ შეგვიკვეთონ ან მზა პროდუქცია შეიძინონ ონლაინ. ასევე „იგრიკა“ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მაღაზიებში „ესტია“, „იდეა“ და შოურუმში „მედუზა“.

როდესაც მომხმარებელთან სახლში მიდის ჩვენი პროდუქტი, ნახულობენ ხარისხს, აღფრთოვანებილები ისევ გვიბრუნდებიან და ჩვენ მათ 10% ფასდაკლებას ვახვედრებთ. ყოფილა შემთხვევბი, როდესაც კურიერის მისვლისთანავე შეუკვეთავთ დამატებით, რეკომენდაციაც ბევრჯერ გაუწევიათ. გვყავს რამდენიმე სამეგობრო წრე, რომელთაც უკვე ტრადიცია აქვთ დაბადების დღეზე „იგრიკას“ პროდუქცია აჩუქონ ერთმანეთს.

M: პირველ ნაბიჯებზე, რისკებსა და გამოწვევებზე გვიამბეთ…

ბაია: ყველაფერი ჩემი ხელით გაკეთებული იარაღით დაიწყო, ე.წ. საკანცელარიო დანის პირისა და სარჭისგან საკვეთი დანა დავამზადე და საშლელზე დავიწყე ჭრა. გიგი კი, თავისთავად, უკვე გამოცდილი იყო ამ საქმეში. ყველა ეტაპი და დეტალი ჩვენთვის ახალი და საინტერესო გამოცდილება იყო. მთავარი სირთულე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ორნი ვართ და ეს საქმე ჩვენს 24 საათიან ჩართულობას მოითხოვს. ჩვენ შევქმენით ლოგო, ბრენდინგი, ჩვენ ვიღებთ ფოტოებს, ვქმნით კონტენტს, ვმართავთ სოც. ქსელებს და უშუალო კონტაქტს ვინარჩუნებთ მომხმარებელთან , რაც თავისთავად განვითარების საშუალებას გვაძლევს.

გიგი: სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე არ გვაქვს ჩვენთვის გამოსაყენებელი მასალების შეძენის საშუალება, ამიტომ ყველაფრის შემოტანა გვიწევს. საინტერესოა ეს ვითარება მაშინ, როცა დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება მსგავსი საქმიანობით.

რაც შეეხება რისკებს, პანდემიურმა ფონმა ქვეყანაში ტურიზმი შეაფერხა. ეს ჩვენ სეგმენტზე აისახა, რადგან და ქართული სუვენირები ისევ ადგილობრივ ბაზარზე უნდა გაგვეყიდა. თუმცა, ჩვენი ქვეყნის კულტურის ქომაგი აქაც ბევრი აღმოვაჩინეთ.

M: როგორია „იგრიკას“ განვითარების დინამიკა?

ბაზარზე დამკვიდრებულმა სტერეოტიპებმა უნდობლობა გამოიწვია დასაწყისში, თუმცა მომხმარებლები, რომლებიც შინ იღებდნენ ჩვენს პროდუქციას რეკომენდაციას უწევდნენ მათ, ხარისხით აღფრთოვანებულებს ხშირად შეუკვეთავთ იმავე დღეს, ჩვენ კი მათ 10% ფასდაკლებას ვახვედრებთ.
როცა ამ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, არ ვიცოდით რამდენად გაამართლებდა და გულწრფელი რომ ვიყო, უფრო დინებას მივყვებოდით. დღეს, ჩამოყალიბებული გვაქვს „იგრიკას“ მიზანი და ვაცნობიერებთ მის ადგილსა თუ არსებობის საჭიროებას ბაზარზე, რაც ბიზნესის განვითარების საშუალებას გვაძლევს.

M: როგორც ბიზნესს, განვითარების რა პერსპექტივა აქვს „იგრიკას“?

„იგრიკა“ ამბავია, საინტერესო და ამავდროულად ნაცნობი, საამაყო ისტორიების თავმოყრის ადგილი. მომხმარებლებთან ძალიან უშუალო კონტაქტის საშუალებას იძლევა, რაც ემოციურ კავშირში აისახება და ხელნაკეთი პროდუქტის განსაკუთრებულ აურას ქმნის.
ამჟამად, ჩვენი გაყიდვები ინდივიდუალურია, გვქონდა კორპორატიული შეკვეთის შემოთავაზებაც. ვფიქრობთ, ადგილობრივი ბაზრის ინტერიერის დიზაინერებთან ვითანამშრომლოთ, მასშტაბური პროექტებისთვის. ჩვენი პროდუქტის უნიკალობა საშუალებას გვაძლევს ტექტილის მასალა სრულად ავითვისოთ და გავამრავალფეროვნოთ არჩევანი.

მარტში ჩვენი პირველი შვილი – ლეა დაიბადა, ჩვენ კი ახალ სახელოსნოში გადავინაცვლეთ. აპრილის თვეში ფაქტიურად პასიურად ვიმუშავეთ. მაგრამ სიახლეებმა კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა. ვფიქრობთ, ჩვენს პატარ გუნდს კიდევ ერთი წევრი შევმატოთ და სამომავლოდ, მაღაზია-სახელოსნო გავხსნათ, სადაც არა მხოლოდ კომერციული მიზნით გაიყიდება პროდუქცია, არამედ საშუალება გვექნება მოვაწყით ვორკშოფები ბავშვებისა და დიდებისთვის, გვქონდეს „ჩაის საღამოები“ და ვისაუბროთ ქართული ორნამენტების მისტიკურ წარმომავლობაზე, ზღაპრებსა თუ მითოსებზე.

ახლო მომავალში უცხოური ბაზრის ათვისებას ვგეგმავთ, ადგილობრივი უცხოელები დიდ ინტერესს იჩენენ ჩვენი პროდუქციის მიმართ და ვფიქრობთ ჩვენი ეს ნაბიჯი გამართლდება.

ძველი ბეჭდვითი ტექნოლოგიების შესწავლისა და აღდგენის დიდი ინტერესი გვაქვს. ამისთვის კი საჭიროა ვიმოგზაუროთ და ადგილობრივებისგან შევისწავლოთ შემორჩენილი მეთოდები, როგორც ქსოვილის ღებვის, ასევე ბეჭდვის.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ იმოქმედა ლომების კონკურსმა ასოციაციის რეიტინგებზე

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს