in

„იკალმანოში“ ამბობენ, რომ წყალივით საკითხავ ტექსტებს წერენ!

Startauperi
Startauperi

იკალმანო“ არის ნიჭიერი, გამოცდილი პროფესიონალების ერთობა. ჩვენ ვიცით, რა, როგორ, რატომ და რისთვის დავწეროთ. კომპანიაში გაერთიანებულნი ვართ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, გვაკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა, ვიცნობთ ერთმანეთის განსაკუთრებულ უნარებსა და შესაძლებლობებს და ვიცით, ამ ყველაფრის ერთობლიობით როგორ შევქმნათ მაღალხარისხიანი პროდუქტი“, – განმარტავს მისი ერთ-ერთი თანადამფძნებელი, მზია შარაშიძე და „იკალმანოს“ დაარსებასთან დაკავშირებულ დეტალებსაც თავადვე გვიზიარებს:

M: მზია, რა გახდა „იკალმანოს“ დაფუძნების წინაპირობა? როგორ გაჩნდა იდეა და როგორ განსაზღვრეთ თქვენი მისია?
იდეა საყოველთაო კარანტინის დროს დაიბადა. სახლებში გამოკეტილები დისტანციურად ვმუშაობდით, Zoom-ში ვხვდებოდით და ძირითადად, მიმოწერით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ვირტუალურ სივრცეში გაცილებით დიდ დროს ვატარებდით და ბრენდების ონლაინკომუნიკაციის ხარვეზებიც მეტად გვხვდებოდა თვალში. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კომპანიები ერთ, სტანდარტულ ენაზე გვესაუბრებოდნენ, ერთი და იმავე სიტყვებით, დაშტამპული წინადადებებით. სოციალური ქსელების ერთ-ერთი უპირატესობა მომხმარებელთან პირდაპირი, უშუალო კონტაქტის დამყარების შესაძლებლობაა, თუმცა ახალმა რეალობამ უკეთ დაგვანახა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ბევრი არავინ იყენებს. ნდობის, ლოიალობის მოპოვებისა და ემოციური კავშირის აღძვრის, ჯანსაღი ორმხრივი კომუნიკაციის ნაცვლად, ორგანიზაციები შაბლონური, მშრალი ინფორმაციული ტექსტებით იფარგლებიან და ამით მომხმარებელთან დაახლოების ნაცვლად, დისტანცირდებიან მათგან. სწორედ მაშინ ვიპოვეთ, უფრო სწორად, გავიხსენეთ და ხელახლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. გავერთიანდით, რომ შევქმნათ კონკრეტული ბრენდისთვის შესაფერისი ტექსტები, მორგებული კომპანიის ხედვაზე, მიზნებსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, ტექსტები, რომლებიც დადებითად განაწყობს მომხმარებელს და, რაც მთავარია, გაყიდის პროდუქტს. ეს კი არც მშრალი, ემოციას მოკლებული ტექსტებითაა შესაძლებელი და არც მხატვრული წიაღსვლებით. ჩვენ საუკეთესოდ ვიცავთ ბალანსს, სწორ აქცენტებს ვსვამთ და ზუსტად ესაა ჩვენი განსაკუთრებულობა.

M: უფრო ზუსტად, რა პრობლემას ჭრით ბაზარზე თქვენი არსებობით?
ბოლო დროს, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ე.წ. „ქოფირაითერის“ პოზიცია, ანუ, ადამიანის, ვინც კომპანიის სახელით ნებისმიერ წერილობით მასალას ქმნის. მას ევალება ვერბალური კომუნიკაცია მომხმარებელთან, რაც პირდაპირ და ვიზუალურ კომუნიკაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. თავად „ქოფირაითერს“, მალევე რომც იპოვოთ, ხშირად აღარ აინტერესებს მუდმივად ერთი და იმავე ბრენდისთვის წერა, გინდ უშუალოდ კომპანიაში იყოს დასაქმებული და გინდაც – სააგენტოში.

 

?

Posted by Ikalmano • იკალმანო on Friday, September 18, 2020

ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ორგანიზაციები ხშირად აწყდებიან მსგავს სირთულეებს. წერა ყველას არ შეუძლია და არცაა აუცილებელი. შეიძლება, ადამიანი კარგი მენეჯერი იყოს, მაგრამ წერითი კომუნიკაცია უჭირდეს. კორექტორი გრამატიკულად შეასწორებს ტექსტებს, თუმცა სათქმელის გადმოცემა ისე, როგორც დამკვეთს უნდა და როგორც მომხმარებელს მოეწონება, ბევრს არ გამოსდის. დაკვეთილ სტატიაში ავტორმა, შესაძლოა, სწორი აქცენტები ვერ დასვას და მიზანს ასცდეს. სწორედ ამ პრობლემებს აგვარებს „იკალმანოს“ გუნდი. თითოეულ ჩვენგანს არაერთგზის უთანამშრომლია სხვადასხვა კომპანიასთან და გაუწევია მსგავსი მომსახურება. ჩვენი ძალების გაერთიანებით კი ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

M: და ვის უჭრით პრობლემას? რა ტიპის სეგმენტზე აკეთებთ სწორებას?
ჩვენ ვემსახურებით ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ კერძო პირს და ვწერთ ყველაფერს, სტატიებიდან, ოფიციალური წერილებიდან და ვებგვერდებიდან დაწყებული, ბლოგებითა და სოციალური მედიის პოსტებით დამთავრებული. სასიყვარულო წერილების წერაც კი შეგვიძლია. გვაქვს კონკრეტულად გაწერილი ტარიფები ნებისმიერი ტიპის ტექსტისთვის და დამკვეთის მოთხოვნებზე მორგებული პაკეტები. შეიძლება, ვიღაცას მხოლოდ ვებგვერდის ტექსტი სჭირდება, ვიღაცას – ოფიციალური სიტყვა, ანუ, ერთჯერადი მომსახურება. ვიღაცას პერიოდული, ან მუდმივი შეკვეთები აქვს – დასაწერია ბლოგები, სტატიები, პოსტები. ასეთ შემთხვევაში ჩვენთან თანამშრომლობა მოსახერხებელია, აღარაა საჭირო ბრენდის ღირებულებებისა და მიზნების თანამოაზრე „ქოფირაითერის“ მოძებნა. დაგვიკვეთავენ მომსახურებას და ჩვენც, კომპანიისა, თუ კამპანიის ამოცანების შესაბამის, წუნდაუდებელ პროდუქტს მივაწვდით.

M: სახელი „იკალმანო“ როგორ შეარჩიეთ, რა კონცეფცია აქვს და ვიზუალურ სიმბოლოში როგორ აისახა კომპანიის საქმიანობა?
სახელზე ბევრი ვიფიქრეთ. გვინდოდა, სახელი დაკავშირებული ყოფილიყო  სწორ, გამართულ წერასთან. თავიდან მომსახურების შესატყვისი სიტყვებით დავიწყეთ, მერე ანბანთან მივედით, ბოლოს ქართული პანგრამა გაგვახსენდა, სკოლაში რომ გვასწავლიდნენ ანბანის უკეთ დასამახსოვრებლად – აბგად ევზათ იკალ მანო… იკალ მანო, იკალ მანო. მოგვეწონა ჟღერადობა, არსი და საბოლოოდ, ეს ვერსია მივიღეთ. ლოგოც შესაბამისი დავამზადეთ. წარწერის ვიზუალური მხარე თითქოს ძველებური ქართული ჟურნალ-გაზეთების („ივერია“, „ცნობის ფურცელი“) შრიფტს გვაგონებს მოხაზულობითა და სტილით.

M: რაც შეეხება ბაზარზე თქვენს უპირატესობას…? როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა გენდოთ მომხმარებლები?
„იკალმანოს“ გუნდი გამოცდილი, მცოდნე და განსაკუთრებული უნარების მქონე პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ჩვენი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ტექსტს ერთი ადამიანი კი არ ქმნის, რომელსაც უბრალოდ, კარგად წერა შეუძლია, არამედ პროცესში მთელი კოლექტივია ჩართული – მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სოციალური მედიის სპეციალისტები, მწერლები, ჟურნალისტები, კორექტორები, მთარგმნელები. ეს ერთობლიობა კი ბრენდის საჭიროებებზე მორგებული სრულყოფილი პროდუქტის შექმნის წინაპირობაა.

 

? ყველა ყველაფერს ვერ დაწერს

✏ „ვეფხისტყაოსანს“ ვერც ჩვენ დავწერთ, მაგრამ დავწერთ ყველაფერს, რაც დაგეხმარებათ მომხმარებლებთან უკეთ კომუნიკაციაში ?

©იკალმანო

Posted by Ikalmano • იკალმანო on Monday, August 31, 2020

 

M: რა არის ამ ეტაპზე თქვენი მთავარი გამოწვევა?
ნებისმიერ ახლადწამოწყებულ საქმეში ნდობის მოპოვება უპირველესი ამოცანაა. ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს სხვადასხვა მიმართულების დიდ, თუ პატარა ორგანიზაციასთან. ახლა, ჩვენი გაერთიანებით, ახალი გამოწვევის წინაშე ვდგებით. უკვე ერთობლივად უნდა შევქმნათ ჩვენი კომპანიის რეპუტაცია და ერთობლივად ვიზრუნოთ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. „იკალმანო“ ხარისხისა და პროფესიონალიზმის სინონიმი უნდა გახდეს.

M: როგორ წარმოგიდგენიათ „იკალმანოს“ შემდეგი ნაბიჯები? და რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივებს, რა მიმართულებით აპირებთ განვითარებას?
ოპტიმისტები ვართ და იმედი გვაქვს, შეკვეთების მატების პარალელურად, ჩვენი ცნობადობაც გაიზრდება, სხვა ნიჭიერ, საკუთარ და ბრენდების განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებსაც შემოვიკრებთ, გავაფართოებთ საქმიანობას და მსხვილ სააგენტოდ ჩამოვყალიბდებით. სამომავლოდ ვფიქრობთ ერთი საერთო ვირტუალური სივრცის შექმნას სხვადასხვა ტიპის მომსახურებისთვის. დამკვეთი ონლაინ შეძლებს „ქოფირაითერის“, კორექტორის, მთარგმნელის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სოციალური მედიის სპეციალისტის და ა.შ., მომსახურებით სარგებლობას. ჯერჯერობით, საქართველოში მსგავსი პლატფორმა არ არსებობს. ვინ იცის, იქნებ ჩვენმა მახვილმა სიტყვამ ქვეყნის საზღვრებიც გაგვაჭრევინოს. და როცა რომელიმე ბრენდის საკომუნიკაციო ენა ვინმეს მოეწონება, პირველ რიგში, იმას გაიფიქრებს, ესენი უსათუოდ „იკალმანოსთან“ თანამშრომლობენო.

„მეიჯერელ საქართველომ“ და ქართულ-გერმანულმა ცენტრმა სკოლის მოსწავლეებს აკადემიური წლის დაწყება მიულოცეს და სასკოლო ნივთები გადასცეს

არ გაჩერდე და ყველა გაიგებს! – 10 მილიონზე მეტი ინვესტიცია მოზიდულია!