20
May
2016

რა არის „იკანოს“ ახალი რეკლამის მთავარი გზავნილი?

20 May 2016

Elit Electronics
Elit Electronics


„იკანოს“ ახალ ვიდეორგოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი შეფასებებიც დაიმსახურა. თუმცა, გამოხმაურებების უმეტესობა მაინც პოზიტიური იყო. საინტერესოა, როგორია თავად “იკანოს” დამოკიდებულება ახალი ნამუშევრის მიმართ?! მარკეტერი ბრენდის კომერციულ დირექტორს ნუკა შევარდნაძეს ესაუბრა:

ikano

M: რამ გამოიწვია „იკანოს“  რეკლამის გარშემო შექმნილ აზრთა სხვადასხვაობა?

ეს რეკლამა არასტანდარტული და უჩვეულოა. ბრენდი თავიდანვე პოზიციონირებს დამკვიდრებული სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ და ახლა, რეკლამის კონცეფციის თვალსაზრისითაც, ახალი სიტყვა ითქვა. აზრთა სხვადასხვაობა ვიდეოს აბსტრაქტულობამ გამოიწვია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ემოციურად ძალიან ახლოს მივედით მაყურებელთან. მართალია, მაყურებელთა ინტერპრეტაციები განსხვავდება, მაგრამ საერთო ჯამში, დამოკიდებულება კარგია.

M: რა არის ვიდეოს მიზანი?

ვიდეოს მიზანია, რომ ბრენდმა გაააქტიუროს ის თემები, რომლებიც ჩვენი სამიზნე სეგმენტის ღირებულებებს ემთხვევა. ჩვენი მომხმარებელი ახალგაზრდული სულისკვეთების მქონე ადამიანია, რომელსაც არ ეშინია რისკზე წასვლისა და შეცდომების დაშვების. ის ძიების პროცესშია. სწორედ ესაა საინტერესო, როცა ვიღაც გიშლის ახალ, ჯერ კიდევ გაუკვალავ გზაზე წასვლას, მაგრამ მაინც მიდიხარ და საბოლოოდ, ამისგან რაღაც კარგი გამოგდის.

M: რას ნიშნავს ფრაზა – „ეს არ არის ღვინო“?

მთელი კლიპის განმავლობაში, ვიზუალი და ხმა ერთმანეთისგან არის აცდენილი. ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ როგორ ერთობა ახალგაზრდა და ქმნის რაღაც საინტერესოს, ამავდროულად, ხმა გეუბნება, რომ ეს ყველაფერი არ არის სწორი. თუ ვინმე დაეთანხმება ამას და ჩათვლის, რომ ხმა მართლია, მაშინ ეს მართლაც არ არის ღვინო. ვინც ჩასწვდება იმ ვიზუალს და მიხვდება, რომ ეს ყველაფერი საინტერესო და კარგია, მაშინ იკანოც ასეთივე იქნება მისთვის.

M: რით არის გამორჩეული “იკანო”?

ბრენდიც რეკლამასავით არასტანდარტულია. არსებობდა მოსაზრება, რომ ღვინოს უფროსი თაობა უფრო ეტანება, ხოლო ახალგაზრდები სხვა სასმელს მოიხმარენ. „იკანო“, სწორედ, ამ სტერეოტიპის საპირისპიროდ შეიქმნა, ბევრად უფრო გამარტივებული პროდუქტის სახით და განსხვავებული ბრენდინგით. „იკანო“ ეხმიანება სწორედ იმ ღირებულებებს, ხედვებსა და სურვილებს, რაც ჩვენს სეგმენტს აქვს და აქედან გამომდინარე, ბრენდმაც შესაბამისი კომუნიკაციის ხერხი არჩია.

ekaJWT Metro-ს კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი „იკანოს“ ვიდეოს დადებითად აფასებს და თავად პროექტს საინტერესო სტრატეგიად მიიჩნევს:

– „ეს ვიდეორგოლი „იკანოს“ ყველაზე სწორი გზავნილია არსებული მოსაზრებების საპასუხოდ, –  რომ ეს არ არის ტრადიციული ღვინო, არ უნდა ჰქონდეს ასეთი შეფუთვა, უნდა ჰქონდეს საცობი და ა.შ. ეს ვიდეო ყველა ასეთ კითხვას კარგად პასუხობს. „იკანოს“ ძალიან კონკრეტული სეგმენტი ჰყავს, რომელსაც ამ რეკლამით ესაუბრება მათთვის ნაცნობ თემებზე.“

მარკეტერი დაუკავშირდა იმ ადამიანებსაც, რომლებიც  „იკანოს“ პროექტს არაფორმალურ გარემოში  აკრიტიკებენ, თუმცა მათ არ ისურვეს ამ თემაზე საჯარო კომენტარის გაკეთება.

 



განხილვა