თუ IKEA-სა და National Sleep Foundation-ის (NSF) კვლევას დავუჯერებთ, ყოველი 10 მოზარდიდან 9 უკმაყოფილოა თავისი ძილის რეჟიმით. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, კვლევის ფარგლებში 2000 ამერიკელი მოზარდი შეისწავლეს, რათა უკეთ გაეგოთ მათი ძილის ჩვევების შესახებ და შეესწავლათ ძილის დარღვევის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებსა და შემოქმედებითობაზე. შედეგი კი არცთუ ისე კარგი გამოდგა — გამოკითხულთა უმეტესობა დიდად ჩამორჩება რეკომენდებულ 7-9-საათიან ძილს.
ხოლო 86% მზადაა, უარი თქვას ვახშამსა თუ კონცერტებზე და ეს დრო ძილს დაუთმოს. საინტერესოა, რომ ძილზე ფიქრში საშუალოდ ადამიანები დღეში ნახევარ საათს ატარებენ, რაც წელიწადში თითქმის 8 დღე გამოდის. ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს, თუ რამდენად ზემოქმედებს ძილის ნაკლებობა ჩვენს ყოველდღიურობაზე. რაც შეეხება ძილის გავლენას შემოქმედებითობაზე, კვლევის მონაწილეების თქმით, კარგი ძილი უკეთ ფოკუსირებასა და კონცენტრირებაში ეხმარებათ, მეტი ენერგიაც აქვთ, უფრო კარგად ფიქრობენ და უკეთეს ხასიათზეც არიან.
კვლევაზე დაყრდნობით იკეამ გადაწყვიტამ ჩვენთვის 2025 წლის ძილის ტრენდებიც გაეზიარებინა და, როგორც ჩანს, წელს საძინებელი ფენებით უნდა აავსოთ. რას ნიშნავს ეს? მაგალითადმ მატრასები დამცავებით უნდა გამოიყენოთ ან ფანჯრებზე ფარდების რამდენიმე ფენა ჩამოჰკიდოთ, რათა ტემპერატურა და სინათლე აკონტროლოთ. საშუალო სიმაგრის მქონე მატრასები კი ტოპ არჩევანია, რომელიც მომხმარებელს ბალანსირებულ კომფორტს სთავაზობს.
კიდევ ერთი ინსაითი, რომელიც 2025 წელს იჩენს თავს და რომელზეც ტრენდიც „დააშენეს“, ძილსა და შემოქმედებითობას შორის კავშირია. გვეუბნებიან, რომ თამამი, მხიარული პრინტის მქონე ტექსტილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საძინებლის დიზაინში, საშუალებას მისცემს ადამიანებს, თავიანთი სივრცეები მეტად პერსონალიზებული გახადონ.
„იკეაში ჩვენ გვწამს, რომ ძილი უნდა იყოს სიამოვნება და არა, სტრესის წყარო, ძილის გადაწყვეტილებებში 80-წლიანი გამოცდილებით ჩვენთვის საყვარელ საქმედ იქცა ადამიანებისთვის საოცნებო საძინებლების შექმნა. National Sleep Foundation-თან თანამშრომლობა გვეხმარება, ნათელი მოვფინოთ ძილის შესახებ არსებულ გამოწვევებს, რათა შემდგომში უკეთ შეგვეძლოს ამ საკითხზე სხვებისთვის ინფორმაციების მიწოდება და მათზე ზრუნვა“, — აცხადებს ტანია მორეირა, IKEA US-დან.